ნინო გამრეკელ-თორელი
ნინო გამრეკელ-თორელი | |
---|---|
დაბადების სახელი | ნინო გამრეკელ-თორელი |
დაბადების თარიღი | 23 იანვარი, 1882 |
გარდაცვალების თარიღი | 27 მარტი, 1935 (53 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი |
ნინო გამრეკელ-თორელი (დ. 23 იანვარი, 1882, ქუთაისი, — გ. 27 მარტი, 1935, თბილისი)[1] — პირველი ქართველი რეჟისორი ქალი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნინო გამრეკელ-თორელმა დაწყებითი განათლება მიიღო ოჯახში, შემდეგ კი სწავლა განაგრძო ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში. 1898 წელს გამრეკელების ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბაქოში და იქ გააგრძელა განათლების მიღება. 1900 წელს მან პირველად მიიღო მონაწილეობა ბაქოს სცენისმოყვარეთა წარმოდგენაში. ამის შემდეგ იგი ხშირად მონაწილეობდა სხვადასხვა სპექტაკლში. 1904 წელს სწავლა გააგრძელა მოსკოვში მსახიობ პოლონსკაიას დრამატულ კურსებზე. აქ მან ითამაშა ალექსანდრე ოსტროვსკის კომედიაში „ბალზამინოვის ქორწინება“, სადაც შეასრულა ხიმკას როლი. 1905 წელს ნინო გამრეკელი დაბრუნდა ბაქოში და მუშაობა დაიწყო ბაქოს ქართულ დრამატულ წრეში მსახიობად, შემდეგ კი რეჟისორად. 1910 წელს ჩამოვიდა თბილისში და მუშაობა დაიწყო ზუბალაშვილების სახალხო სახლთან არსებულ დრამწრეში მსახიობად. 1911 წელს მიწვეულ იქნა მსახიობად და რეჟისორად ქუთაისის თეატრში. 1915 წელს კვლავ მოსკოვში გაემგზავრა და რამდენიმე წელი მუშაობდა მსახიობად. 1920–1921 წლების სეზონში ნინო გამრეკელი იყო თბილისის დრამატული თეატრის მსახიობი. 1922–1924 წლებში სწავლობდა აკაკი ფაღავას დრამატულ სტუდიაში.[2] 1924 წელს მუშაობდა მსახიობად და რეჟისორად ბათუმში, ქუთაისში, ჭიათურაში. უმთავრესად დრამატული ხასიათის მსახიობი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული პატარა კახის როლი აკაკი წერეთლის ისტორიულ დრამაში „პატარა კახი“. მისი დადგმებიდან აღსანიშნავია ნინო ნაკაშიძის „კოტეს დანაშაული“, ბორის ლავრენიოვის „რღვვევა“, „სტუმარ-მასპინძელი“ (ვაჟა-ფშაველას მიხედვით) და სხვა.[1]
ნინო გამრეკელ-თორელი პირველი ქალია, რომელმაც დაიწყო მოღვაწეობა სარეჟისორო ასპარეზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცუცქირიძე შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 542.
- ხელოვნების კალენდარი : თეატრი, მუსიკა, კინო, გვ. 16-17, თბ., 1992.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 ცაგარეიშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 666.
- ↑ ნინო გამრეკელ-თორელი // ბიოგრაფიული ცნობები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-18. ციტირების თარიღი: 2018-05-08.