ნინოწმინდის წმინდა კვირიკეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნინოწმინდის წმინდა კვირიკეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის ჩრდილოეთით, ექვსასიოდე მეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. სავარაუდოდ 2008 წელს ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესია გაურემონტებია: აღდგენილია საფასადე წყობის ჩამოშლილი ნაწილები, კამარის დანგრეული ნაწილები ამოვსებულია ცემენტისა და ქვიშის ხსნარით, იმავე ხსნარითაა გასწორებული სახურავის კალთები, რომელზეც ღარისებრი კრამიტია დაფენილი, ძველი შესასვლელის ადგილზე მოწყობილია ახალი უსახური შესასვლელი.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვითა და კირის დუღაბით. წყობა არაწესიერია, ტლანქი. შესასვლელი სამხრეთიდანაა, შიდა სივრცე დადაბლებული პროპორციებისაა. დარბაზი მოკლეა და გეგმით თითქმის კვადრატული აღმოსავლეთით იგი დასრულებულია ოდნავ გაბრტყელებული ნახევარწრის ფორმის აფსიდით, რომლის ღერძზე დაბალი, გარეთკენ შევიწროებული, ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშაა. სარკმლის ქვემოთ კი, კედელზე, მოზრდილი, ოთხწახნაგა ტრაპეზია მიდგმული. აფსიდი დარბაზისგან მოკლე მხრებითაა გამოყოფილი. იგი გადახურულია არაწესიერი ფორმის რიყის წვრილი ქვებით ნაწყობი კონქით, რომელიც უთაღოა და დარბაზის კამარასთანაა გაერთიანებული. კამარა ოდნავ შეისრულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]