ნინოწმინდის წმინდა ელიას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნინოწმინდის წმინდა ელიას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინომწინდის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 1 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება XVIII საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვითა და სხვადასხვა ზომის ქვიშაქვის დაუმუშავებელი ქვებით. გარეთა კუთხეების შესასვლელის და სარკმლის წირთხლების ამოსაყვანად გამოყენებულია აგურიც. წყობა ქაოსურია, ტლანქი.

შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გარედან თაღოვანია, შიგნით კი თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, გაჭრილია შეისრულთაღოვანი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს, სარკმლის ძირის დონეზე, თითო ოთხკუთხა ნიშაა. სარკმლის ქვემოთ დგას ოთხწახნაგა ტრაპეზი, რომელიც კედელზეა მიყრდნობილი. აფსიდი კონქთაა დასრულებული. კონქის თაღი ოდნავ შეისრულია და ქვიშაქვის ტლანქად დამუშავებული ქვებითაა გამოყვანილი. თაღი აფსიდის მხრებს ეყრდნობა, რომლებიც იმპოსტების გარეშეა.

XXI საუკუნის დასაწყისში ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესია თვითნებურად გაურემონტებია, რის გამოც მას ისტორიული ღირებულება დაკარგული აქვს. რემონტის დროს გაუუქმებიათ სამხრეთ შესასვლელი, კედლები შიგნით გაჯით შეულესავთ და ეკლესია ფიცრის ორკალთა სახურავით გადაუხურავთ, რომელიც გარედან მოთუთიავებული თუნუქითაა დაბურული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]