ნილს ივარ ბოლინი
ნილს ივარ ბოლინი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნილს ივარ ბოლინი (დ. 17 ივლისი, 1920, ჰერნეშანდი, შვედეთი — გ. 26 სექტემბერი, 2002, შვედეთი) — შვედი მექანიკოსი ინჟინერი და გამომგონებელი, სამპუნქტიანი უსაფრთხოების ღვედის შემქმნელი, რომელიც ბოლინმა კომპანია ვოლვოში მუშაობისას გამოიგონა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოლინი დაიბადა ჰერნეშანდში, შვედეთში. 1939 წელს ბოლინმა მიიღო მექანიკური ინჟინერიის დიპლომი ჰერნეშანდის სასწავლო დაწესებულებიდან (Härnösand Läroverk). 1942 წელს ბოლინმა დაიწყო მუშაობა თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანია სააბში (SAAB) თვითმფრინავების დიზაინერად და მონაწილეობდა კატაპულტირებადი სავარძლების შემუშავებაში.
1958 წელს ბოლინი შეუერთდა კომპანია ვოლვოს უსაფრთხოების ინჟინრის თანამდებობაზე. ბოლინს მიეწერება თანამედროვე სამპუნქტიანი უსაფრთხოების ღვედის გამოგონება, რომელიც დღეს ყველა ავტომობილის სტანდარტულ უსაფრთხოების ფუნქციას წარმოადგენს. ბოლინმა უსაფრთხოების ღვედზე დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იმუშავა, გამოიყენა სააბში კატაპულტირებადი სავარძლების შემუშავებისას მიღებული გამოცდილება და ძირითადად კონცენტრირებული იყო მძღოლის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე საავტომობილო ავარიის დროს. სამპუნქტიანი უსაფრთხოების ღვედის ტესტირების შემდეგ, ბოლინმა წარადგინა თავისი გამოგონება კომპანია ვოლვოში 1959 წელს და მიიღო პირველი პატენტი (ნომერი 3,043,625). ათი წლის შემდეგ, 1969 წელს, ბოლინმა ხელმძღვანელობა გაუწია ვოლვოს ცენტრალურ კვლევათა და განვითარების დეპარტამენტს. 1974 წელს ბოლინს მიენიჭა რალფ ისბრანდტის საავტომობილო უსაფრთხოების ინჟინერიის ჯილდო, ხოლო 1989 წელს ბოლინი შეყვანილი იქნა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დიდების დარბაზში. 1995 წელს ბოლინმა მიიღო ოქროს მედალი შვედეთის სამეფო საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიისგან,[1] ხოლო 1999 წელს ბოლინი შეყვანილი იქნა საავტომობილო დიდების დარბაზში. 1985 წელს ბოლინმა დატოვა ვოლვოს უფროსი ინჟინრის თანამდებობიდა საპენსიო ასაკში და სიკვდილის შემდგომ შეირჩა გამომგონებელთა ეროვნულ დიდების დარბაზში. ბოლინი გარდაიცვალა 2002 წლის 26 სექტემბერს, 82 წლის ასაკში, გულის შეტევის შედეგად და დაკრძალულია ტორპას ეკლესიაში რამფალში, იდრეს მუნიციპალიტეტი, შვედეთი.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრულ ასაკში ბოლინი ქორწინებაში იყო მაი-ბრიტ ბოლინთან. ბოლინი იყო მაი-ბრიტის ორი შვილის მამინაცვალი, შემდეგ კი ბოლინსა და მაი-ბრიტს ერთად ჰყავდათ ორი შვილი და ცამეტი შვილიშვილი.
გავლენა ისტორიაზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამპუნქტიანმა უსაფრთხოების ღვედმა შეცვალა სამყარო საავტომობილო ავარიების დროს მიღებული დაზიანებების პრევენციით. აშშ-ს გზათა უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (National Highway Traffic Safety Administration) მონაცემებით, [2]უსაფრთხოების ღვედი წელიწადში დაახლოებით 15 000 ადამიანის სიცოცხლეს არჩენს მხოლოდ შეერთებულ შტატებში. ეფექტური სამპუნქტიანი ღვედის შექმნის გარდა, ბოლინმა დაამტკიცა ღვედის ეფექტურობა შვედეთში 28 000 ავარიის შესწავლის საფუძველზე და წარადგინა ნაშრომი მე-11 სტაპის საავტომობილო ავარიების კონვენციაზე. ღვედის გარეშე მგზავრებს სასიკვდილო დაზიანებები მიღებული ჰქონდათ სიჩქარის მთელ დიაპაზონში, მაშინ როდესაც ღვედით შეკრული მგზავრებიდან არცერთი არ დაშავებულა სასიკვდილოდ 60 მილ/სთ-ზე დაბალ სიჩქარეზე. [3] არცერთი ღვედით შეკრული მგზავარი სასიკვდილოდ არ დაშავდა, თუ სამგზავრო განყოფილება დარჩა ხელუხლებელი. კვლევის შედეგად აშშ-ს ტრანსპორტის დეპარტამენტმა სავალდებულო გახადა სამპუნქტიანი უსაფრთხოების ღვედების დამონტაჟება ამერიკულ ავტომობილებში. 1968 წელს უსაფრთხოების ღვედის ახალი დიზაინი თავისუფლად ხელმისაწვდომი გახდა საზოგადოებისთვის. განვითარებულ ქვეყნებში მგზავრებს კანონით ევალებათ უსაფრთხოების ღვედების გამოყენება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Dredge, Richard. Volvo. Haynes Publishing: Sparkford, UK, November 2003
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Nils Bohlin. Hall of Fame Inductees. Automotive Hall of Fame (1999). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 8, 2016. ციტირების თარიღი: March 9, 2016.
- ↑ Seat Belts. NHTSA. ციტირების თარიღი: 9 October 2019.
- ↑ Bohlin, Nils (1967). „A Statistical Analysis of 28,000 Accidents with Emphasis on Occupant Restraint Value“. 11th Stapp Car Crash Conference. Society of Automotive Engineers. . SAE Technical Paper 670925. http://papers.sae.org/670925. წაკითხვის თარიღი: 2012-03-30.