ნიკო ჭავჭავაძის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკო (დიდი ნიკო) ზურაბის ძე ჭავჭავაძის სახლი — არქიტექტურულ-ისტორიული ძეგლი, მდებარეობს ქალაქ ყვარლის ცენტრში. რუსთაველის ქუჩაზე. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს.

აგებულია XIX საუკუნის დასაწყისში. სახლი დროთა განმავლობაში სხვადასხვა დანიშნულებისათვის გამოიყენებოდა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შეეცვალა თავდაპირველი სახე. ერთხანს აქ სკოლა იყო, შემდეგ — კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმს გადაეცა დამხმარე ნაგებობად. ამჟამად შენობის ორი ოთახი მუზეუმის ადმინისტრაციას უკავია, ნაწილი საწყობადაა გამოყენებული.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი ერთსართულიანია, დანაშენით შუა ნაწილზე. ნაშენია აგურით. შენობა გეგმით სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებითაა წაგრძელებული და მთავარი ფასადით მიმართულია ეზოსკენ. ოთახები სწორკუთხაა, განლაგებულია ანფილადურად. შუა ნაწილის პირველ სართულში ლოჯია, რომელიც ეზოს მხარეს გახსნილია სამი განიერი და მაღალი თაღით. მათგან შუა თაღი ღიაა, ხოლო გვერდითებში ადრე ხის ჭვირული მოაჯირი იყო ჩასმული. შუა თაღის წინ სამსაფეხურიანი კიბეა. კავშირი შენობის დანარჩენ ნაწილთან, ლოჯიდან ხდებოდა. მეორე სართულზე ასასვლელი ხის კიბეც სწორედ ლოჯის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში იყო მოწყობილი.

სახლის მთავარი, ეზოსკენ მიმართული ფასადი შელესილია. ლოჯის სამივე თაღი დამუშავებულია ნალესობაში გამოყვანილი რუსტებით. მეორე სართულის საფასადო სიბრტყე, რომელიც პირველისგან პროფილირებული ლავგარდნითაა გამოყოფილი, სადა პილასტრებით დაყოფილია სამ ნაწილად, შუა ნაწილში გადმოკიდებულ აივანზე გამოსასვლელი კარით. გვერდით ნაწილებში კი - თითო ვიწრო, მაღალი, სწორკუთხა სარკმელი. ფასადი დასრულებულია მაღალი, საფეხუროვანი ლავგარდნით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]