ნიკო ცხვედაძის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკო ცხვედაძის სახლი — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადის მონასელიანთ უბანში. აგებულია 1814 წელს. ეკუთვნოდა ცნობილ ქართველ პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს ნიკო ცხვედაძეს (1845-1911 წლები). სახლი დგას ყორეშემოვლებულ ეზოში. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. შენობა სამხრეთიდან ორსართულიანია - ჩრდილოეთიდან სამსართულიანი. მესამე სართული მოგვიანებით დაუშენებია ნიკო ცხვედაძის სიძეს, ცნობილ ქართველ მეცნიერ-ეკონომისტს ფ. გოგიჩაიშვილს. შენობის დასავლეთ და ჩრდილოეთ მხარეს ჰქონია გალერეა (ამჟამად ამოშენებულია). პირველ სართულზე სიგრძივ ოთხი ოთახია, წინ დერეფნით, მეორე სართულზე - სამი. შენობის სახურავი ღარიანი კრამიტისაა.

ნიკო ცხვედაძესთან ზაფხულობით სოფელში ხშირად ჩადიოდნენ სტუმრად გამოჩენილი პედაგოგოები და საზოგადო მოღვაწეები. მისი უახლესი მეგობარი იაკობ გოგებაშვილი ჭაბუკობიდანვე სოფელ თვალადში ნიკო ცხვედაძის დედის ოჯახში ისვენებდა. ნიკო ცხვედაძის სახლში მას ცალკე ოთახი ჰქონია დასასვენებლად და სამუშაოდ. ამ ოთახს "იაკობის ოთახს" ეძახდნენ. აქ დაწერა იაკობ გოგებაშვილმა "კონა" და "იავნანამ რა ჰქმნა". ამჟამად ნიკო ცხვედაძის სახლში კავთისხევის რვაწლიანი სკოლაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]