ნიკო ყიასაშვილი
ნიკო ალექსანდრეს ძე ყიასაშვილი (დ. 8 ივლისი, 1926, თბილისი ― გ. 14 მარტი, 1996) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1979). თსუ-ის ინგლისურ ენის კათედრის გამგე (1970-1981), ინგლისური ფილოლოგიის კათედრის გამგე 1984 წლიდან. საზღვარგარეთის თანამდეროვე ლიტერატურული პროცესების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი 1980 წლიდან, შექსპირის საერთაშორისო ასოციაციის საპატიო წევრი და მისი აღმასრულებელი კომიტეტის წევრი (1971-იდან).
ეკუთვნის ნაშრომები ინგლისური რენესანსის პერიოდისა და თანამედროვე ლიტერატურასა და თეატრზე: "შექსპირი" (1959), "შექსპირის სამყაროში" (1966), "ჯ. ჯოისის ცნობიერების ნაკადის მეთოდის ზოგიერთი თავისებურება" (1971), "შექსპირი და XX საუკუნის ინგლისური ლიტერატურა" (1973, 1974, რუსულ და გერმანულ ენებზე), "კლასიკის ადაპტაციის პრობლემა" (1975), "ნესტორის ეპიზოდი როგორც "ულისეს" პარადიგმა" (1978, გერმანულ ენაზე), «"ქვეყანა სცენაა" როგორც "ჰამლეტის" სტრუქტურული ელემენტი» (1979, 1981, ქართულ და რუსულ ენებზე), "შექსპირი და XX საუკუნის მექანისტური ცივილიზაცია" (ოლბანი, აშშ, 1979, ინგლისურ ენაზე), "ქართული რიჩარდ III" (ვაშინგტონი, 1980, ინგლისურ ენაზე). ეკუთვნის თარგმანები: ჯ. ჯოისის "ჯაკომო ჯოისი" (1969, ქართულ და რუსულ ენებზე), ჰ. პინტერის "დარაჯი" (1975), ჯ. ჯოისის "ულისე" (წიგნი I, 1983), შეადგინა და გამოსცა კრებული "ქართული შექსპირიანას" 5 ტომი (1959-1979).
მისი საერთო რედაქციით, წინასწიტყვაობითა და შენიშვნებით გამოდის შექსპირის თხზულებათა პირველი სრული კრებული ქართულ ენაზე (ტ. 1, 1983, ტ. 2, 1985).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 641.