ნიკო ლორთქიფანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლორთქიფანიძე.
ნიკო ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი 17 (29) სექტემბერი, 1880
დაბადების ადგილი ჩუნეში (წყალტუბოს თემი), ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 25 მაისი, 1944(1944-05-25)[1] (63 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი[1]
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პროზაიკოსი და მწერალი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი ქუთაისის კლასიკური გიმნაზია
ჟანრი მოკლე რომანი და პროზა
Magnum opus მრისხანე ბატონი და თავსაფრიანი დედაკაცი
მეუღლე თამარ ჩხეიძე

ნიკო (ნიკოლოზ) მერაბის ძე ლორთქიფანიძე (დ. 29 სექტემბერი [ძვ. სტ. 17 სექტემბერი], 1880 — გ. 25 მაისი, 1944) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკო ლორთქიფანიძე დაიბადა 1880 წლის 29 სექტემბერს სოფელ ჩუნეშში (ამჟამინდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი). მწერალი იმერელ თავადთა შთამომავალი იყო. მისი წინაპრები იმერეთის მეფის კარზე მიღებული პირები ყოფილან. მათ „ფიცის კაცებს“ უწოდებდნენ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქვეყნისათვის ყველაზე რთულ პერიოდში მათ ანდობდნენ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების გადაწყვეტას. „ფიცის კაცები“ სასახლის გვარდიის როლს ასრულებდნენ. ამ „ფიცის კაცთა“ წინამძღოლი ყოფილა მწერლის ბაბუა – გიორგი ლორთქიფანიძე – ბავშვობიდანვე დაახლოებული იმერეთის მეფე სოლომონ მეორესთან. თავის დროზე ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყო მწერლის მამა – მერაბ ლორთქიფანიძეც. მას ერთ-ერთ პირველს, ჯერ კიდევ საგლეხო რეფორმის გატარებამდე გაუთავისუფლებია თავისი ყმები. მწერლის დედა წულუკიძეთა ოჯახის ასული იყო.

ნიკო ლორთქიფანიძეს ხუთი და და ორი ძმა ჰყავდა. მწერლის ძმები – იასონი და ალექსანდრე ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწეები იყვნენ. წერა-კითხვა ნიკომ შინ შეისწავლა. მწერლობაც ადრეული ასაკიდანვე დაიწყო, თუმცა ბავშვობის ხანის ნაწერები მოგვიანებით თავადვე გაუნადგურებია. მწერლის ბავშვობაში ჩვენი საზოგადოება ქართული წიგნების ნაკლებობას განიცდიდა და პატარა ნიკოც თურმე უფრო ხშირად რუსული წიგნებით სარგებლობდა. შესაბამისად, წერაც რუსულად დაუწყია. თავდაპირველად ნიკო ლორთქიფანიძე ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შეიყვანეს. იგი ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1901 წელს ქუთაისს ესტუმრა რუსეთის მოხეტიალე დასი, რომელთაც წარმოადგინეს პიესა „შვილი ისრაელისა“. რუსმა შოვინისტებმა შემთხვევა ხელიდან არ გაუშვეს და სცადეს, წარმოდგენა ქართველთა და ებრაელთა შორის შუღლის გასაღვივებლად გამოეყენებინათ. ამ მცდელობას წინ აღუდგნენ ნიკო ლორთქიფანიძე და მისი მეგობრები. საქმეში პოლიცია ჩაერია. აღელვებული ხალხის დასაწყნარებლად ჯარისკაცთა 150 კაციანი რაზმის გამოყენება გახდა საჭირო.

ნიკო ლორთქიფანიძე და მისი მეგობრები პასუხისგებაში მისცეს. ბრალი ედებოდათ პოლიციის მოხელეთა შეურაცხყოფაში, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში. ბრალდებულებს ფულადი ჯარიმა დააკისრეს. მაგრამ ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მოთხოვნით განაჩენი გადაისინჯა და ნიკო ლორთქიფანიძეს ორი თვით პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელის მოხდის შემდეგ ნიკო ლორთქიფანიძე ვლადიკავკაზში გაემგზავრა. აქვე სწავლობდა მისი ძმა იასონი. ნიკომ გიმნაზიის სრული კურსი დაამთავრა და ხარკოვის უნივერსტეტში, მათემატიკის ფაკულტეტზე შევიდა. მოკლე ხანში კი იურიდიულზე გადავიდა. თუმცა უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია – სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილების გამო იგი სასწავლებლიდან გარიცხეს.

1902 წელს ნიკო ლორთქიფანიძე ავსტრიაში გაემგზავრა. ბინას, რომელშიც მწერალი ავსტრიაში ცხოვრობდა, ამშვენებდა წარწერა: „პრინცი ლორთქიფანიძე“. აღნიშნული პერიოდიც ფათერაკებიანი აღმოჩნდა მწერლისათვის, „ფიცის კაცთა“ შთამომავალს ერთი ლექტორი, შეურაცხმყოფელი გამოხტომის გამო, დუელში გამოუწვევია. დუელი „ქართველი პრინცის“ გამარჯვებით დასრულებულა.

დუელში ჩაბმა ნიკო ლორთქიფანიძეს კიდევ ერთხელ მოუხდა რუს ოფიცერთან, რომელმაც ქართველები მასხრად აიგდო. 1907 წელს ნიკო ლორთქიფანიძე, ისე რომ სასწავლებელი არ დაუმთავრებია, თბილისში დაბრუნდა. 1907-08 წლებში გერმანულის მასწავლებლად მუშაობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, ეწეოდა პუბლიცისტურ და საგამომცემლო საქმიანობას, რედაქტორობდა გაზეთს „ერი“, რომელიც ხელისუფლებამ დახურა ეროვნული პოზიციის გამო. 1912-25 წლებში ქუთაისში ცხოვრობდა, სადაც საადგილმამულო ბანკში დამფინანსებლად მოეწყო. აქვე დაოჯახდა. ქუთაისში ყოფნის დროს ნიკო ლორთქიფანიძე არაერთ გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს დაუახლოვდა: ტიციან ტაბიძეს, პაოლო იაშვილს, კოლაუ ნადირაძეს, კონსტანტინე გამსახურდიას და სხვებს.

1925 წლიდან ნიკო ლორთქიფანიძე ისევ თბილისში გადავიდა და პედაგოგიური მოღვაწეობა განაგრძო. მწერალი საგამომცემლო საქმიანობითაც იყო დაკავებული. 1910-11 წლებში მისი რედაქტორობით გამოდიოდა ყოველკვირეული ჟურნალი „ცხოვრება და ლიტერატურა“. 1917 წლიდან მუშაობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაზეთ „სამშობლოს“ პასუხისმგებელ მდივნად, მოგვიანებით კი ამავე გაზეთის რედაქტორი გახდა.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ქუთაისში ნიკო ლორთქიფანიძის რედაქტორობით გამოდიოდა ლიტერატურული ალმანახი „კრებული“. ნიკო ლორთქიფანიძეს თანამედროვენი ახასიათებენ დიდსულოვან, არისტოკრატული ბუნების, მოკრძალებულ და დახვეწილ ადამიანად. მწერლის ცხოვრების უკანასკნელი წლები ჩვენი ქვეყნის შავბნელ პერიოდს დაემთხვა. უკუღმართი დროებით შეწუხებული მწერალი ჩუმად, უპრეტენზიოდ ცხოვრობდა და ხელისუფალთ თავს არიდებდა. ხშირად უნახავთ შებინდებისას რუსთაველის გამზირზე მარტო მოსეირნე, ფიქრებში ჩაფლული, თვალებში ნაღველჩამდგარი. ნიკო ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1944 წლის 25 მაისს, 63 წლისა, დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე, საიდანაც 1954 წელს დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. დიდუბის პანთეონში მის გვერდით ასვენია მისი მეუღლე — თამარ გიორგის ასული ჩხეიძე (დ. 1894, ქუთაისი — გ. 27 დეკემბერი, 1980, თბილისი).

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკო ლორთქიფანიძე მეუღლესთან ერთად

ნიკო ლორთქიფანიძემ ლიტერატურული მოღვაწეობა 1902 წელს დაიწყო. მისი თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: ”ნიშადური”, ”საქართველო”, ”ივერია”, ”თეატრი და ცხოვრება”, ”დროება”, ”სახალხო გაზეთი” და სხვ. მან იმთავითვე მიიქცია ყურადღება, როგორც უაღრესად ჰუმანური იდეების გამომხატველმა შემოქმედმა. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა თემატური მრავალფეროვნებითა და ჟანრთა ნაირსახეობით (200-მდე მინიატურა, ნოველა, მოთხრობა, 1 რომანი, 2 პიესა) გამოირჩევა. ნ. ლორთქიფანიძის პოეტური პროზის ის მინიატურები, რომლებშიც სამშობლოს ბედით დაკოდილი ადამიანის წუხილი ისმის (”მოლოდინში”, 1908; ”მრცხვენია”, 1909; ”საქართველო იყიდება”, 1910; ”რეკა”, 1911 და სხვ.) ღრმა ლირიზმით არის გამსჭვალული. მწერლის ყურადღების ცენტრში ე. წ. ”პატარა ადამიანია” (”პატარა კაცი”, ”მარად და მარად”, 1912, ”ტრაგედია უგმიროდ”, 1922; ”თავსაფრიანი დედაკაცი”, 1926 და სხვ.). ნ. ლორთქიფანიძის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფეოდალური ხანის ამსახველ თხზულებებს: ”მრისხანე ბატონი”, 1912; ”ჟამთა სიავე” (1920); ”რაინდები” (1924) და სხვ. ნ. ლორთქიფანიძის შემოქმედებაში თანაბარი სიძლიერით არის წარმოჩენილი ლირიზმი და იუმორი: ”რუმბი”, 1911; ”ქაღალდის კაცი”, 1920. მის თხზულებათა ერთ ნაწილს ლეგენდურ-ზღაპრული შინაარსი უდევს საფუძვლად ერთ ნაწილს ლეგენდურ-ზღაპრული შინაარსი უდევს საფუძვლად (”ავადმყოფი დედა”, 1909; ”მოწყენილი ანგელოზი”, ”უკვდავი გველი”, 1910). ნ. ლორთქიფანიძის ერთადერთი რომანი ”ბილიკებიდან ლიანდაგზე” (1928) ეხმაურება ქართველი ხალხის რევოლუციურ ბრძოლას 1905 – 1907 წლებში. მას ეკუთვნის პიესები ”ქეთო” (1914) და ”შეუთანხმებლები” (გამოქვეყნდა 1953 წელს). მხატვრული სიტყვის ბრწყინვალე ოსტატმა ნ. ლორთქიფანიძემ მნიშვნელოვნად განსაზღვრა XX საუკუნის ქართული პროზის განვითარება.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვრცელი მოთხრობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოველები და მინიატურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გლეხის მოსახლეობა იმერეთში
  • წისქვილი
  • ციხე ჩამოინგრა
  • სურათი სოფლად
  • მთვარიან ღამის ჩრდილში
  • ოდელია, დელია
  • სენტიმენტალური ნახატი
  • ბუმბერაზი
  • რუმბი
  • ფეოდალები
  • აზნაურ დევდარიძეების ქარაგმა
  • მარად და მარად!
  • საბა
  • ქორწილი
  • ბოროტმოქმედნი
  • ტრაგედია უგმიროთ
  • ბედნიერება
  • ტლუ ბიჭი
  • სანახავათ
  • თავსაფრიანი დედაკაცი
  • გადია
  • დადიანის ასული და მათხოვარი
  • ერთ ტაფაში
  • სოფლის მასწავლებელი
  • შეგირდი
  • დაგვიანებული ყვავილები
  • პატარა კაცი
  • სოფლის აშიკი
  • კბილთხარაძე
  • ეპისკოპოზი ნადირობაზე
  • ბებრები
  • შელოცვა რადიოთი
  • კერიასთვის
  • მოქანდაკე
  • ცხოვრების მეფე
  • ლიტერატურული საღამო
  • საშობაო მინიატურები

1. სარეცელზე 2. საქართველო იყიდება 3. ბრმა თერძი

  • ხმა სამარიდან
  • გარეული ბატი
  • უცნაური სიყვარული
  • გული
  • სევდა
  • გულთამხილავის მსჯავრი
  • ის

პიესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქეთო” (1914)
  • შეუთანხმებელი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 242, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]