ნიკომედიის ალყა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკომედიის ალყა
ოსმალეთ-ბიზანტიის ომების ნაწილი
თარიღი 1333-1337
მდებარეობა ნიკომედია (თანამედროვე იზმითი, თურქეთი)
შედეგი ოსმალთა გამარჯვება
მხარეები
ბიზანტიის იმპერია ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
უცნობია ორჰან I
ძალები
20000 7400
დანაკარგები
უცნობია მცირე

ნიკომედიის ალყა 一 მიმდინარეობდა 1333-1337 წლებში და განხორციელდა ოსმალეთის იმპერიის რიგით მეორე სულთნის, ორჰანის ხელმძღვანელობით.[1]

ალყა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1241 წელს, ხანგრძლივი ალყის შედეგად, ნიკომედია ნიკეის იმპერიას დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც ის ლათინებს ჰქონდათ ანექსირებული. ქალაქში მშვიდი ცხოვრება XIII საუკუნის ბოლომდე გაგრძელდა.

1302 წლისთვის ნიკომედიასთან პირველად გამოჩნდა ოსმალური არმია, რომელმაც ადგილობრივი ბერძნული სოფლები მიწასთან გაასწორა.[2] მომდევნო 35 წლის განმავლობაში ქალაქის მაცხოვრებლები მხოლოდ ციხე-გალავნის ხარჯზე აკავებდნენ თურქებს, რადგან ამ უკანასკნელთ, თავდაპირველად, არ ჰქონდათ ძლიერი თავდასხმის უნარი. 1331 წელს მომხდარი ნიკეის ალყის შემდეგ ნიკომედიის დაცემა მხოლოდ დროის საკითხი იყო.

ნიკეის დაცემის შემდეგ ანდრონიკე III პალეოლოგოსი პირადად კვლავ ორჯერ ეწვია მცირე აზიას 1332 და 1333 წლებში იმ იმედით, რომ ანატოლიაში შემორჩენილ ბიზანტიურ დასახლებებთან მშვიდობას დაამყარებდა. თუმცა, მისი გეგმები ჩაიშალა და, პირობის თანახმად, მას ყოველწლიური ხარკი უნდა ეხადა.

1333 წლის აგვისტოში ბიზანტიის იმპერატორი პირადად ჩავიდა აზიურ საკუთრებაში დარჩენილი საკუთარი მიწების მოსანახულებლად. ამავდროულად, იგი უფასოდ ურიგებდა პროდუქტებს ალყაში მოქცეული ნიკომედიის მშვიდობიან მოშიმშილე მოსახლეობას.[3] საიმპერატორო კორტეჟის მოახლოების შემხედვარე თურქებმა უკან დახევა განიზრახეს. მაგრამ იმპერატორმა ოსმალეთის მმართველს, ორჰანს ბრძოლის ნაცვლად სამშვიდობო ხელშეკრულების დადება შესთავაზა. როგორც კი სულთანმა ბერძენთა სავალალო მდგომარეობა შენიშნა, მათ ყოველწლიურად 12000 ოქროს ოდენობის ხარკი დააკისრა (ე.წ. პერპერები), რაც გაღატაკებული ბიზანტიის წლიური ბიუჯეტის მეხუთედი იყო. იმპერიული რაზმის წასვლის შემდეგ თურქებმა კვლავ განაახლეს ბლოკადა, შედეგად მიმდებარე ბერძნული სოფლები მიწასთან გასწორდა.

თუმცა, იმის გამო, რომ მარმარილოს ზღვის მიმდებარედ არსებული ნიკომედია მუდმივად იღებდა სამხედრო დახმარებას და საკვებს მეზობელი კონსტანტინოპოლიდან, ზღვის გავლით, მისი ალყაში მოქცევის საკითხი საკმაოდ პრობლემატური აღმოჩნდა. ალყა თითქმის ცხრა წელიწადს გაგრძელდა, სანამ სულთანს არ გაუჩნდა იდეა, გადაეკეტა იზმითის ვიწრო ყურე და იგი 3 კმ-მდე შეევიწროვებინა. ყურის ბლოკადის შემდეგ ქალაქი იძულებული გახდა, დანებებულიყო.

ამრიგად, ორჰანის მოსყიდვის მცდელობა საბოლოოდ ჩაიშალა: თურქებმა არათუ ბლოკადა გააძლიერეს, არამედ ხარკის გაზარდეს და ისედაც გაჩანაგებული ბიზანტია კიდევ უარეს დღეში ჩააგდეს. 1337 წელს საბოლოოდ ქალაქი დაეცა.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკომედიის დაკარგვით ბიზანტიაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. 1097 წლის შემთხვევისგან განსხვავებით, ამჟამად ბიზანტია ორივე მხრიდან იყო მტრით გარშემორტყმული 一 ერთი მხრიდან სერბები და ბულგარელები, ხოლო მეორე მხრიდან ოსმალეთის იმპერია. ამრიგად, ორთავიანი არწივი, რომელიც ბიზანტიის მთავარ სიმბოლიკას წარმოადგენდა, ამჟამად ორივე მხრიდან ხედავდა მომავალ საფრთხეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • R.G. Grant, Battle: A Visual Journey Through 5,000 Years of Combat, Dorling Kindersley Publishers Ltd, 2005. ISBN 0756613604

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1291 г. Начало османских завоеваний в Малой Азии. ციტირების თარიღი: 2011-07-11
  2. Constantinople and its Hinterland: Papers from the Twenty-Seventh Spring ... - Cyril Mango, Gilbert Dagron - Google Книги
  3. Byzantium 1220 to 1330 | Byzantine Empire | Constantinople. ციტირების თარიღი: 2018-05-18