შინაარსზე გადასვლა

ნიკოლოზ I-ის ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლოზ I-ის ძეგლი
სტატუსი რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა და ფუნქცია
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
ძეგლი
არქიტექტორი ოგიუსტ მონფერანი
მოქანდაკე პეტრე კლოდტი
სიმაღლე 6 მეტრი
დაწყება 1856
დასრულება 1859
მიძღვნილია ნიკოლოზ I
Map

ნიკოლოზ I-ის ძეგლი (რუს. Памятник Николаю I) — რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ძეგლი. მდებარეობს ისააკის მოედანზე, მარიის სასახლისა და ისააკის ტაძარს შორის. ძეგლის მშენებლობა დაიწყეს 1856 წელს იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ არქიტექტორ ოგიუსტ მონფერანის პროექტის მიხედვით და გახსნეს 1859 წლის 7 ივლისს.

ძეგლი წარმოადგენს ნიკოლოზ I-ის ექვსმეტრიან გამოსახულებას, რომელიც არის პეტრე კლოდტის ნამუშევარი და დგას კვარცხლბეკზე. იმპერატორი გამოსახულია სააღლუმე ფორმაში ცხენზე ამხედრებული.

ძეგლის კვარცხლბეკზე მუშაობდა ოგიუსტ მონფერანი და იგი დამზადებულია შოკშის კვარციტისა[1] და თეთრი იტალიური მარმარილოსაგან. ცოკოლი შესრულებულია ნაცრისფერი გრანიტისაგან[2].

ძეგლის კვარცხლბეკზე გამოსახულია ოთხი ალეგორიული ქალის ფიგურა, რომელზეც მუშაობდა რობერტ ზალემანი. ისინი განასახიერებენ „ძალას“, „სიბრძნეს“, „სამართლიანობასა“ და „რწმენას“. ქალთა ფიგურების თავები გამოსახავს იმპერატრიცა ალექსანდრა ფიოდორეს ასულს და ნიკოლოზ I-ის სამ ქალიშვილს, მარიას, ალექსანდრასა და ოლღას.

ძეგლის ოთხი ბარელიეფი, რომელიც განთავსებულია კვარცხლბეკის კედლებზე, მოგვითხრობს ნიკოლოზ I-ის მმართველობის მნიშვნელოვან ამბებზე.

ძეგლის აღმართვა დაჯდა 753 ათასი რუბლი ვერცხლით. მის ჩამოსხმაზე დაიხარჯა 1 300 ფუთი მეტალი. ძეგლის პირველი ჩამოსხმა წარუმატებელი იყო, რადგან ფორმა დაკარგა.

თავისი დროისათვის ძეგლი ითვლებოდა საინჟინრო სასწაულად: ეს იყო ევროპაში პირველი ძეგლი ცხენთან ერთად, რომელიც იდგა ორ წერტილზე (ცხენის ორ უკანა ფეხზე). პირველად აღნიშნული მეთოდი გამოიყენეს პრეზიდენტ ენდრიუ ჯექსონის ძეგლის აღმართვისას ვაშინგტონში თეთრი სახლის წინ.

ძეგლი საბჭოთა პერიოდში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბლოკადის დროს 1942 წელს ძეგლს კამუფლაჟი გაუკეთეს

1917 წლის მარტში თებერვლის რევოლუციიდან ძალიან მალევე პუბლიცისტმა, დეკაბრისტების ხსოვნის საზოგადოების თავმჯდომარემ ლონგინ პანტელეევმა განაცხადა, რომ ძეგლი ახალი ხელისუფლებისათვის შეუფერებელია და წამოაყენა წინადადება მის კვარცხლბეკზე დაემონტაჟებინათ 1825 წლის 14 დეკემბრის აჯანყების მონაწილეთა ძეგლი[3].

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ არაერთხელ დადგა საკითხი ძეგლის დანგრევის შესახებ, მაგრამ თავისი უნიკალური არქიტექტურის გამო (ძეგლის ორ საყრდენზე დგომა) იგი აღიარეს საინჟინრო შედევრად და არ დაუნგრევიათ თვით საბჭოთა ხელისუფლების პერიოდშიც კი. 1930-იან წლებში მხოლოდ ძეგლის გარშემო მდებარე პატარა ღობის დემონტაჟი მოახდინეს. 1992 წელს ღობე აღადგინეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]