ნიკოლოზ ჭუმბურიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ (კოლია) ჭუმბურიძე (დ. 1886 — გ. 20 ნოემბერი, 1933, ქვედა სიმონეთი, იმერეთი) — ქართველი პოლიტიკოსი, ქართველ სოციალ-დემოკრატთა ერთ-ერთი ლიდერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლოზ ჭუმბურიძე დაიბადა 1886 წელს, სოფელ ქვედა სიმონეთში. ის იურიდიულ ფაკულტეტზე სასწავლებლად პეტერბურგში გაემგზავრა, საბოლოოდ კი პრაღის უნივერსიტეტი დაამთავრა. სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან იგი „აჟის“ ფსევდონიმით თანამშრომლობდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, დაახლოებით ექვსი თვე, ნიკოლოზ ჭუმბურიძე სამშობლოში დარჩა და გარკვეულ ხანს გრიგოლ ლორთქიფანიძესა და შალვა მაღლაკელიძესთან ერთად „ჩეკას“ სარდაფში ატარებდა. 1921 წლის 21 მაისს ნიკოლოზი დააპატიმრეს. 1921 წლის 20 სექტემბერს, სტამბოლში მყოფ საქართველოდან განდევნილი მთავრობის წევრებს მან წარუდგინა მოხსენება: „საბჭოთა  საქართველოს ცხოვრებიდან – ბოლშევიკების ექვსი თვის ბატონობის სურათი“. ეს დოკუმენტი ინახება საქართველოს საისტორიო ცენტრალურ არქივში და დღესაც დიდ ინტერესს იწვევს. 2013 წელს ეროვნულმა არქივმა ეს ნაშრომი გამოსცა დიმიტრი სილაგაძის წინასიტყვაობითა და კომენტარებით.

1921 წელს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ნიკოლოზ ჭუმბურიძე ემიგრაციაში ცხოვრობდა. იგი კვლავ აქტიურად აგრძელებდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან თანამშრომლობას, მაგრამ ამჯერად უკვე „ალფას“ ფსევდონიმით. ეს გაზეთები იყო „კავკასიონი“, „დამოუკიდებელი საქართველო“, „მხედარი“, „ბრძოლა“, „სამშობლოსთვის“ და ასე შემდეგ. რაც შეეხება ჭუმბურიძის პირად ცხოვრებას — ემიგრაციაში ყოფნისას მას საქართველოში დარჩა ახალგაზრდა მეუღლე მარიამი და შვიდი თვის ვაჟი ჯუმბერი. მარიამი (1884-1950) ასწავლიდა გეოგრაფიას, ისტორიას, რუსულ ენასა და ლიტერატურას. მარიამმა ჭიათურაში ქალთა პირველი სასწავლებელი დააარსა და მისი პირველი დირექტორიც თავად იყო. ემიგრაციაში, ნიკოლოზს ტუბერკულოზი შეეყარა. იგი ამ საშინელი დაავადებით 8 წელი იტანჯებოდა. 1933 წლის 20 ნოემბერს, 47 წლის ასაკში ქართველი პოლიტიკოსი გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნიკოლოზ ჭუმბურიძე (2013). საბჭოთა საქართველოს ცხოვრებიდან : /ბოლშევიკების ექვსი თვის ბატონობის სურათი. თბილისი: „პეტიტი“. 
  • შარაძე გურამ. „ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია.“ ტ. 6. – თბ., 2005. – გვ. 234–236.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]