ნიკოლოზ ჩხეიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლოზ ჩხეიძე
დაბ. თარიღი 9 აპრილი, 1864(1864-04-09)[1]
დაბ. ადგილი ფუთი (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი)
გარდ. თარიღი 11 ივნისი, 1926(1926-06-11) (62 წლის)
გარდ. ადგილი ლევილის მამული
დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაო და Grave of Tcheïdzé
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა პოლიტიკოსი და დიპლომატი
ხელმოწერა

ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე (დ. 9 აპრილი, 1864, შორაპნის მაზრა, ფუთი — გ. 13 ივნისი, 1926, ლევილი, საფრანგეთი) — ქართველი სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე.

ადრეული წლები

კარლო ჩხეიძემ დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო უკრაინაში. 1887 წელს იგი გარიცხეს ნოვოროსიიკის უნივერსიტეტიდან, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო ხარკოვის ვეტ-ინსტიტუტში თავისუფალი მსმენელის რანგში, საიდანაც 1888 წელს გარიცხეს რევოლუციური იდეების გამო.

პოლიტიკური მოღვაწეობა

1892 წელს კარლო ჩხეიძე პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდის და ნოე ჟორდანიასთან, სილიბისტრო ჯიბლაძესთან, ეგნატე ნინოშვილთან ერთად აყალიბებს სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფს, ე. წ. „მესამე დასს“. შემდგომში ეს ჯგუფი გადაიქცა მძლავრ პარტიულ ორგანიზაციად, რომელიც რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის - რსდმპ-ს შემადგენელი ნაწილი გახდა, რომლის ლიდერები იყვნენ ლენინი, პლეხანოვი, მარტოვი და სხვები. ჩხეიძე რსდმპ-ს წევრი გახდა 1898 წლიდან, 1903 წლიდან კი მიეკუთვნებოდა მის მენშევიკურ ფრთას. 1898-1902 წლებში მოღვაწეობდა ბათუმში და იყო ბათუმის საქალაქო საბჭოს ხმოსანი, ბათუმის მუნიციპალური საავადმყოფოს ინსპექტორი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის კომიტეტის წევრი.

1907–1912 და 1912–1917 წლებში კარლო ჩხეიძე იყო მე-3 და მე-4 სახელმწიფო სათათბიროების დეპუტატი თბილისის გუბერნიიდან, სადაც იგი სოციალ-დემოკრატიული ფრაქციასაც თავმჯდომარეობდა 1912 წლიდან.

1917 წლის თებერვლის რევოლუციიდან ოქტომბრის რევოლუციამდე პერიოდში კარლო ჩხეიძე პეტერბურგის, ხოლო შემდეგ სრულიად რუსეთის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს თავმჯდომარეობდა. ამ პერიოდში საბჭო იყო ამიერკავკასიის დროებითი მმართველი ორგანო.

1918 წლის აპრილში კარლო ჩხეიძე გახდა ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანოს, ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე, ხოლო ამავე წლის 26 მაისიდან - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან კარლო ჩხეიძე ეროვნული საბჭოს, ანუ პარლამენტის თავმჯდომარედ დარჩა.

1919–1920 წლებში კარლო ჩხეიძე ირაკლი (კაკი) წერეთელთან ერთად იმყოფებოდა საზღვარგარეთ, პარიზის საზავო კონფერენციაზე, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, სადაც მან ოფიციალურად დააყენა საქართველოს ცნობისა და მისი ერთა ლიგაში გაწევრიანების საკითხი. ამავე პერიოდში, 1919 წლის 12 მარტს კარლო ჩხეიძე დაუსწრებლად აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ, რომლის მოვალეობის შესრულებასაც კარლო ჩხეიძე 1920 წლის მიწურულს, პარიზის საზავო კონფერენციიდან დაბრუნების შემდეგ შეუდგა.

1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის მიერ განხორციელებულმა საქართველოს ანექსიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და მასთან ერთად, კარლო ჩხეიძეც იძულებული გახადა საზღვარგარეთ ემიგრაციაში გადახვეწილიყო, სადაც მან გააგრძელა აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა.

ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სოციალისტური პარტიები აქტიურად იწვევდნენ კარლო ჩხეიძეს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცულ ფონდში დაცულია მასალები 1921 წლის დანიის სოციალ-დემოკრატიის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი კოპენჰაგენის სოციალისტურ კონფერენციაზე და ბერლინში „ამსტერდამის პროფესიონალური ინტერნაციონალის“ კონფერენციაზე კარლო ჩხეიძის მონაწილეობის შესახებ; ინტერვიუები, ფინურ, დანიურ და გერმანულ ჟურნალ-გაზეთების კორესპოდენტებთან; ჩანაწერები ევროპის სოციალისტური პარტიებისა და II ინტერნაციონალის მოღვაწეებთან: ველსთან, მიულერთან, ლობესთან, ებერტთან და სხვა წევრებთან გამართული შეხვედრების შესახებ; ამავე ფონდში ინახება 1924 წლის 31 მაისს ჟენევის უნივერსტეტში გამართულ მიტინგზე კარლო ჩხეიძის მიერ წარმოთქმული სიტყვის ტექსტი (ფრანგულ ენაზე) .

კარლო ჩხეიძის ფონდის ემიგრანტული პერიოდის მასალებში ასახული მისი შეხედულებები სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე, საქართველოს ბედსა თუ უბედობაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნების თვითგამორკვევასა და გათავისუფლებაზე. ამ მხრივ საყურადღებოა მისი შრომები: „მარქსიზმი და ლენინიზმი“ , „ბოლშევიზმის დახასიათება“ , „ხუთი წელია ბოლშევიკები აბედნიერებენ საქართველოს“ , სხვადასხვა წერილები, სადაც კარლო ჩხეიძე ეხმაურება საქართველოში 1924 წელს მომხდარ აჯანყებას , ბოლშევიკების რუსიფიკატორულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ , საქართველოს სოციალურ მდგომარეობას და სხვა უამრავი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჩანაწერი.

უკანასკნელი წლები

ემიგრაციაში მყოფი კარლო ჩხეიძე პარიზთან ახლოს მდებარე სოფელ ლევილში, ქართველთა მამულში მეუღლესა და უმცროს ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა. საწყის პერიოდში იგი დიდ დახმარებას უწევდა საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, შეძლებისდაგვარად ზრუნავდა საქართველოში მოშიმშილე მოსახლეობისთვის დახმარების გასაწევად, მისი ინიციატივით ჟენევაში დაარსდა საქართველოს დახმარების საერთაშორისო კომიტეტი, რომელსაც შვეიცარიელი ჟან მარტინი ხელმძღვანელობდა.

კარლო ჩხეიძის წერილი

1924–1925 წლებიდან კარლო ჩხეიძის, ისევე, როგორც ლევილში მყოფი ქართველების მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, რაც ნათლად ჩანს ამ პერიოდში ნოე ჟორდანიასა და აკაკი ჩხენკელისთვის გაგზავნილი წერილებიდან . შიმშილი, უსახსრობა და უიმედობა კარლო ჩხეიძეს ფიზიკურ და სულიერ ტანჯვას ანიჭებდა, უკმაყოფილო იყო საბინაო პირობებითაც. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა კარლო ჩხეიძემ 1926 წლის 9 ივნისს თავი მოიკლა. სიკვდილამდე ქაღალდზე ერთი ფრაზა დაწერა: „ჩემს სიკვდილში ბრალი არავის დასდვათ“ . უგონო მდგომარეობაში მყოფი, საავადმყოფოში 4 დღეს აცოცხლეს, რის შემდეგაც გარდაიცვალა. კარლო ჩხეიძე პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალეს. არქივში ინახება მის დაკრძალვაზე დამსწრე საზოგადოების მიერ სამგლოვიარო წიგნში გაკეთებული ხელმოწერები, უშუალოდ დაკრძალვის ამსახველი 11 ფოტოსურათი და საქმე პერ-ლაშეზის სასაფლაოზე კარლო ჩხეიძის საფლავის კეთილმოწყობის შესახებ.

კარლო ჩხეიძის მოღვაწეობის დოკუმენტური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცულ მის პირად და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდებში . მასალა გამოვლინდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მოღვაწეობის ამსახველ ე. წ. „ჰარვარდისა“ და „ლევილის“ დოკუმენტურ კოლექციებში. აღნიშნული კოლექციები 2000 წლის თებერვალში საქართველოში ჩამოიტანა და ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივს შესანახად გადასხა პროფესორმა გურამ შარაძემ.

ლიტერატურა

სქოლიო

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #1054310696 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.