ნიკოლოზ უმოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიკოლოზ უმოვი
Umov.jpg
დაბ. თარიღი იანვარი 1846
დაბ. ადგილი ულიანოვსკი[1]
გარდ. თარიღი 15 იანვარი 1915(1915-01-15)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რუსეთის იმპერია[2]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
სამეცნიერო სფერო ფიზიკა და ფილოსოფია
მუშაობის ადგილი ოდესის უნივერსიტეტი[1] , მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი[1] , ნოვოროსიის საიმპერატორო უნივერსიტეტი და მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მოსკოვის პირველი გიმნაზია[1] და მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი
განთქმული მოსწავლეები Alexander Zinger

ნიკოლოზ უმოვი (რუს. Никола́й У́мов; დ. 4 თებერვალი, 1846, სიმბირსკი — გ. 15 იანვარი, 1915, მოსკოვი) — რუსი ფიზიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლოზ უმოვი დაიბადა 1846 წლის 4 თებერვალს ქალაქ სიმბირსკში (ულიანოვსკი), სამხედრო ექიმის ოჯახში. 1857 წელს ნიკოლოზ უმოვის უჯახი მოსკოვში გადასახლდა, 1858 წელს კი ნიკოლოზი მიაბარეს მოსკოვის პირველი გიმნაზიის მესამე კლასში. ამ დროს იგი 12 წლისა იყო. აქ უმოვმა დიდი ნიჭი გამოიჩინა ფიზიკასა და მათემატიკაში. საზოგადოდ, ბუნებისმეტყველების სიყვარული უმოვს მამის გავლენით განუვითარდა. 1863 წელს უმოვმა დაამთავრა გიმნაზია და იმავე წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

სტუდენტობის პერიოდში უმოვმა შექმნა მათემატიკური წრე, რომელიც მოსახლეობას ემსახურებოდა პოპულარული ხასიათის ლექცია-მოხსენების წაკითხვით. უმოვმა უნივერსიტეტი 1867 წელს დაამთავრა, შემდეგ კი მოეწყო სამუშაოდ პეტერბურგში ვილიამსისა და ბუხტეევის ვაგონმშენებელ ქარხანაში, პარალელურად სწავლას განაგრძობდა პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. რამდენიმე თვის შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემეტიკის ფაკულტეტის გადაწყვეტილებით უმოვი მიწვეული იქნა ფიზიკის კათედრაზე სამუშაოდ პარალელურად იგი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა მოსკოვის ქალთა მეორე გიმნაზიასა და ქალთა კურსებზე.

1871 წელს უმოვი ოდესის უნივერსიტეტის დოცენტად აირჩიეს. XIX საუკუნის 80-იან წლებში უმოვი უპატრონო ბავშვთა დამხმარე საზოგადოებაშია. ამავე დროს იგი მონაწილეობას ღებულობს ღარიბთა დამხმარე საზოგადოების ჩამოყალიბებაში. ოდესის უნივერსიტეტში უმოვი 1893 წლამდე მოღვაწეობდა ჯერ დოცენტის, შემდეგ უმცროსი პროფესორის და ბოლოს უფროსი პროფესორის თანამდებობაზე. 1893 წელს უმოვი დაბრუნდა მოსკოვის უნივერსიტეტში, ქალაქ სტოლესტოვის ადგილზე. მოსკოვის უნივერსიტეტში უმოვი 1911 წლამდე მოღვაწეობდა. ამ წელს განათლების მინისტრმა კასომ, რომელიც ცნობილი იყო როგორც ნიკოლოზ II-ის ჟანდარმი, იერიში მიიტანა უნივერსიტეტის ცხოვრებაზე. აკრძალა თავისუფალი აზროვნება. პროტესტის ნიშნად მიწინავე პროფესორებთან ერთად უმოვმა დემონსტრაციულად დატოვა მოსკოვის უნივერსიტეტი.

ნიკოლოზ უმოვის შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1893 წელს, მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, უმოვს ირჩევენ ბუნებისმეტყველების, ანტროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მოყვარულთა საზოგადოების აუცილებელ წევრად. პარარელურად უმოვი მუშაობდა მოსკოვის ბუნებისმეტყველთა საზოგადოების წევრად, ხოლო 1897 წლლიდან გარდაცვალებამდე უმოვი ამ საწოგადოების პრეზიდენტი იყო. უმოვი მოსკოვის პედაგოგიური საზოგადოების ერთ-ერთი ფუძემდებელთაგანია. იგი ამ საზოგადოებაში განაგებდა ფიზიკის განყოფილებას და ბოლოს თავჯდომარეობდა კიდეც მას.

მოსკოვის უნივერსიტეტის ნახევრად სარდაფში უმოვს ეკავა რამდენიმე პატარა ოთახი, ე.წ. ფიზიკის ლაბორატორია და ხელმძღვანელობდა როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო-კვლევით მუშაობას. ნ.უმოვის პირველი მეცნიერული შრომა „რხევის კანონები მუდმივ დრეკადობის მქონე განუსაზღვრელ გარემოში“ დაიბეჭდა 1870 წლის 21 მარტს, იგი 24 წლის იყო. 1872 წელს ნიკოლოზ უმოვმა წარადგინა ახალი შრომა ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. ეს შრომა ეხებოდა მყარ დრეკად სხეულებში თერმომექანიკური მოვლენების პრობლემას. 1872 წელს უმოვმა წერმატებით დაიცვა დისერტაცია მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საჯარო სხდომაზე.

ნიკოლოზ უმოვის აზრით, მყარი დრეკადი სხეულის მატერიალური ნაწილაკების ურთიერთქმედება შედგება ორი ნაწილისაგან: ერთი არ არის დამოკიდებული ნაწილაკების თერმულ მდგომარეობაზე, ხოლო მეორე — დამოკიდებულია. 1910-1915 წლებში უმოვმა მთლი რიგი თეორიული ხასიათის შრომები შექმნა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ის შრომები, რომლებიც ფარდობითობის თეორიას და გეომაგნიტიზმს ეხება. მათი საშუალებით თვალსაჩინო გახდა დედამიწის მაგნიტიზმის განაწილების სურათი. 1910 და 1912 წლებში უმოვის მიერ გამოქვეყნებული იქნა ორი შრომა, მიძღვნილი ფარდობითობის თეორიისადმი. ნიკოლოზ უმოვს სულ 132 სამეცნიერო შრომა და სტატია ჰქონდა გამოქვეყნებული.

ნიკოლოზ უმოვი გარდაიცვალა 1915 წლის 15 იანვარს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 269-275.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]