ნიკოლოზ ჟევახოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ ჟევახოვი (დ. 24 დეკემბერი, 1874 — გ. 1946) — ქართველი თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი. მემარჯვენე–კონსერვატიული მიმართულების საზოგადო და რელიგიური მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლოზ ჟევახოვი იყო ვახტანგ VI-ის ამალაში მყოფი შიო ჯავახიშვილის შთამომავალი, რომელიც მოგვიანებით პოლტავის მაზრაში დამკვიდრა, პოლტაველი მემამულის, დავით ჟევახოვის ვაჟი, რუსული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ეპისკოპოს, იოასაფის ტყუპისცალი. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1898 წელს, იყო პოლტავის გუბერნიის ერობის უფროსი 1902 წლიდან. 1905 წელს მიაღწია სამოქალაქო მრჩევლის ტიტულს. მისი ერთ-ერთი დამსახურება მართლმადიდებლური სამყაროს წინაშე არის წმიდა იოასაფ ბელგოროდელის ხსოვნაზე ზრუნვა. ის აგროვებდა მასალებს წმინდანის ცხოვრების შესახებ, რომელიც მას დედის მხრიდან შორეულ ნათესავად ეკუთვნოდა 1906 წლიდან. 1911 წელს მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ წმიდანის საეკლესიო განდიდებაში, გამოსცა წმინდანის ბიოგრაფია სამ ტომად. კიდევ ერთი დიდი დამსახურება მართლმადიდებლობის წინაშე არის მის მიერ წმინდა ნიკოლოზის სამუდამო განსასვენებლისადმი გამოჩენილი ყურადღება და ამ წმიდანისათვის შესაფერი და განსაკუთრებული პატივის მიგება, იტალიის ქალაქ ბარში ტაძრის აგება. 1910 წელს ქალაქ ბარში მოგზაურობის შემდეგ, მან შეძლო წმინდა ნიკოლოზის განსასვენებლის მიმართ რუსული მართლმადიდებლური საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. საიმპერატორო მართლმადიდებლური პალესტინის საზოგადოების დადგენილებით, 1910 წელს დეკანოზ ვოსტორგოვთან ერთად მივლინებულ იქნა ქალაქ ბარში მიწის ნაკვეთის ასარჩევად, რათა რუსეთიდან ჩასული მომლოცველებისათვის ტაძარი აეგოთ. 1911 წლის იანვარში მათ ეს დავალება შეასრულეს. 1911 წლის მაისში გახდა ახლადგახსნილი ბარგრადის კომიტეტის წევრი. 9 მაისს ესწრებოდა ტაძრის საძირკვლის ჩაყრას და სამშენებლო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. ტაძრის მშენებლობაში შეტანილი დიდი წვლილისათვის 1914 წელს მიენიჭა კამერ–იუნკერის წოდება. 1917 წლის 1 იანვარს მიიღო კამერგერის წოდება. 1917 წლის 5 მარტიდან დაპატიმრებული იყო დროებითი მთავრობის განკარგულებით. განთავისუფლების შემდეგ, 1920 წლის დასაწყისამდე ცხოვრობდა პიატიგორსკში, ყოფილ პეტროგრადელ მიტროპოლიტ — „რასპუტინელ“ პიტირიმთან. 1920 წლის იანვრიდან წავიდა ემიგრაციაში. 1920 წლის ოქტომბერში ხელმძღვანელობდა ქალაქ ბარში წმიდა ნიკოლოზის მეტოქს. საზოგადოებაში სარგებლობდა "რასპუტინელისა" და "რეაქციონერის" რეპუტაციით. თავის მოგონებების წიგნში დაწვრილებით აღწერა „წითელი ტერორი“. უცხოეთში ნიკოლოზ ჟევახოვი ცდილობდა ურთიერთობის დამყარებას სერბებთან სლავური ნათესაობის, ხოლო გერმანელ მემარჯვენეებთან ნაციონალისტობის გამო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია, თბ., გვ. 142

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]