ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი
Nikoloz Nikolozishvili Senate of POland 2015.JPG
ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი
დაბ. თარიღი 9 მაისი, 1965
თბილისი, საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
პროფესია ქართველი დიპლომატი, ფილოლოგი, ისტორიკოსი
მეუღლე(ები) ანდრეა ადამოვიჩოვა
შვილ(ებ)ი მარიამი, ალექსი, გიორგი, ანა

ნიკოლოზ (ნიკო) ნიკოლოზიშვილი (დ. 9 მაისი, 1965, თბილისი) — ქართველი დიპლომატი, ფილოლოგი და ისტორიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი დაიბადა 1965 წლის 9 მაისს, ქალაქ თბილისში.

1982-1989 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილებაზე. 1988-1989 წლებში იმავე ფაკულტეტის სტაჟიორი იყო. უნივერსიტეტში სწავლისას, 1987 წელს სხვა სტუდენტებთან ერთად დააარსა უნივერსიტეტის სტუდენტური პრეს-კლუბი და იყო მისი წევრი. 1989 წლიდან 1993 წლამდე სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტზე.[1]

1989-1993 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1993 წელს გახდა საქართველოს პოლიტიკური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი. 1993 წლიდან 1995 წლამდე მუშაობდა გაზეთ „ივერია ექსპრესის“ მთავარ რედაქტორად. 1995 წელს იგი საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გახდა და ეს თანამდებობა 1998 წლამდე ეკავა.

1998 წელს მიენიჭა სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის დიპლომატიური რანგი. იმავე წელს გახდა ათონის მთის მეგობართა საზოგადოების წევრი. 1998-2004 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში. 2004 წელს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად სამცხე-ჯავახეთის მხარეში. 2006 წელს მიიღო მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (ივანე ჯავახიშვილი სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი). იმავე წელს დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად სლოვაკეთისა და სლოვენიის რესპუბლიკებში, 2011 წლიდან კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია პოლონეთში. 2017 წლიდან არის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში.

დაჯილდოებულია სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოქროს მედლით „სლოვაკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გამყარების და განვითარების საქმეში შეტანილი გამორჩეული პირადი წვლილისთვის, დამსახურებისათვის და განსაკუთრებული ღვაწლისთვის“ (2011)[2] და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ბენე მერიტოს“ (Bene Merito) საპატიო ორდენით - „პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარებაში ჩართულობისათვის; ჩვენს ქვეყნებსა და ერებს შორის განსაკუთრებული კავშირების მიზანდასახული გაძლიერებისათვის; მეგობრობასა და თანამშრომლობის საფუძველზე, საერთაშორისო არენაზე ჩვენი ორი სახელმწიფოს პოზიტიური სახისა და ძლიერი პოზიციის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის“ (2017).

ქართული ენის გარდა ფლობს ინგლისურ, სლოვაკურ, ჩეხურ, პოლონურსა და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე — ანდრეა ადამოვიჩოვა და ოთხი შვილი.

სამეცნიერო სტატიები და შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "ნათელ-იღო წყლისა და მიწისაგან" (წმ. ნინოს მიერ უფლის სავედრებელი ლოცვის სწორი გაგებისათვის "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-დან), ლიტერატურა და ხელოვნება, 1991, N3, გვ. 37-55;
  • "ღვთის ხატის" დაბრუნება ერთ ხალხურ ზღაპარში : (ეშმაკის ლაგამი), ლაშარი, 1991, N3, გვ. 142-145;
  • რჯული პავლე მოციქულის მოძღვრებაში, რელიგია, 1992, N6, გვ. 45-53;
  • იუდეველნი ახალი აღთქმის ეპოქაში, რელიგია, 1993, N6-7, გვ. 45-55;
  • ზაბილონიდან მირიანამდე, კლიო, 2003, № 17, გვ. 3–67;
  • ალექსანდრე მაკედონელი და "ნასტაგისი", კლიო, 2003, N20, გვ. 3-20;
  • ტყვე განმანათლებლები ("მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს ერთი ბუნდოვანი ადგილის განმარტებისათვის), კლიო,, 2003, N20, გვ. 21-32;
  • ქართლოსის საფლავი – ქართლოსიანთა საფიცარი (ფიც//ფუცის სემანტიკისათვის), გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი, #1, 2004, გვ. 10–22;
  • ქართლი ელინიზმისა და ქრისტიანობის სათავეებთან „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს და „ქართველ მეფეთა ცხოვრების მიხედვით“, დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 2006;
  • წმინდა ნინოს გარდაცვალების მიზეზი (რამაზ შენგელიას თანაავტორობით), "ლიტერატურა და ხელოვნება", 2006, N9
  • "მოქცევაჲ ქართლისაჲ", ძველი ქართული ტექსტი ახ. ქართული პარალელური თარგმანით (ნ. ნიკოლოზიშვილის თარგმანი), ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები 3 ტომად (რედ. ლევან აბაშიძე ), ტ. 1. თბ., 2008;
  • რა ენაზე მოგვითხრობდა წმინდა ნინო? სამეცნიერო კრებული: წმინდა ნინო, პროექტის ავტ. და ხელმძღვ. რევაზ სირაძე, თბ., არტანუჯი, 2008;
  • ანძიანძორის ლოკალიზაცია და მისი მნიშვნელობა ქართლის სამეფოს ისტორიისთვის, საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, IX, თბ., 2008, გვ. 87-102;
  • ლელა პატარიძე, პოლიტიკური და კულტურული იდენტობანი IV-VIII სს–ის ქართულ ერთობაში (რეცენზია), კადმოსი, ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალი, 2009, №1, გვ. 343–346;
  • ბაგრატის ტაძარში დაკრძალული ქალბატონის იდენტიფიკაციისთვის, გაზ. 24 საათი, 2009, 10 აგვისტო, N176 (2214);
  • თემისტიოსი და ბაკურ იბერიელის რომაული სამხედრო კარიერის დასაწყისი, ქართული წყაროთმცოდნეობა XII, 2010, გვ. 123–138.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]