ნიკოლოზ მიკლუხო-მაკლაი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკოლოზ მიკლუხო-მაკლაი

ნიკოლოზ მიკლუხო-მაკლაი
ნიკოლოზ მიკლუხო-მაკლაი
დაბადების თარიღი 5 ივლისი, 1846
გარდაცვალების თარიღი 2 აპრილი, 1888

ნიკოლოზ მიკლუხო-მაკლაი (დ. 5 ივლისი, 1846 — გ. 2 აპრილი, 1888) — რუსი მეცნიერი, მოგზაური და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა ინჟინრის ოჯახში. 1863 წელს შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, საიდანაც 1864 წელს სტუდენტთა მოძრაობაში მონაწილეობისათვის გარიცხეს. საბუნებისმეტყველო სამეცნიერო განათლება მიიღო ჰაიდელბერგის, ლაიფციგისა და იენის უნივერსიტეტებში. მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა XIX საუკუნის 60-იანი წლების რუსული დემოკრატიული მოძრაობის იდეებმა. 1866-1867 წლებში იმოგზაურა კანარის კუნძულებსა და მაროკოში. 1869 წელს წითელი ზღვის სანაპიროზე მოგზაურობის შემდეგ მიკლუხო-მაკლაი დაბრუნდა რუსეთში. თავისი პირველი სამეცნიერო გამოკვლევები მიუძღვნა ზოოლოგიის საკითხებს. მალაის არქიპელაგზე, მალაკის ნახევარკუნძულზე მოგზურობის დროს ჩაატარა მნიშვნელოვანი გეოგრაფიული დაკვირვებები, დაინტერესდა ამ ქვეყნების მოსახლეობის ყოფითა და კულტურით. შემდგომში საფუძვლიანად შეისწავლა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ავსტრალიის და წყნარი ოკეანის კუნძულების მკვიდრი მოსახლეობა. 2½ წელიწადს ცხოვრობდა ახალი გვინეის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე (ამჟამად მიკლუხო-მაკლაის ნაპირი), სადაც ახალგვინეელთა დიდი ნდობა და სიყვარული დაიმსახურა. იმოგზაურა ფილიპინებსა და ინდონეზიაში (1873), მიკრონეზიასა და მელანეზიაში (1876-1879). 1878-1882 და 1884-1886 წლებში სიდნეის მახლობლად დააარსა ბიოლოგიური სადგური და სხვა.

თავის ანთროპოლოგიურ და ეთნოგრაფიულ გამოკვლევებში მიკლუხო-მაკლაი იცავდა ადამიანთა რასების სახეობრივი ერთიანობის იდეას. მან უარყო იმხანად გავრცელებული შეხედულება, თითქოს ახალი გვინეის ნეგროიდები (პაპუასები) შეადგენენ კაცობრიობის განსაკუთრებულ, სხვა რასებისაგან სავსებით განსხვავებულ სახეს. მიკლუხო-მაკლაიმ პირველმა აღწერა საფუძვლიანად დასავლეთ ოკეანიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კუნძულებზე გავრცელებული მელანეზიური ანთროპოლოგიური ტიპი, დაამტკიცა, რომ პაპუასების ოკეანიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ხალხთა ჩამორჩენილობა მხოლოდ გარკვეული ისტორიული მიზეზებით იყო გამოწვეული და რომ ისინი თავისი ნიჭითა და უნარით არაფრით ჩამოუვარდებოდნენ ევროპელებს. მიკლუხო-მაკლაიმ ამხილა რასიზმი და კოლონიალიზმი. 1881 წელს შეიმუშავა ახალ გვინეაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს პაპუასური კავშირის შექმნის პროექტი. 1886 წელს მიკლუხო-მაკლაი ავსტრალიიდან პეტერბურგში დაბრუნდა. მისი მოგზაურობის დღიურები 1923 წელს გამოქვეყნდა დიმიტრი ანუჩინის რედაქციით. მიკლუხო-მაკლაის მიერ ჩამოტანილი, მრავალრიცხოვან ექსპედიციებში შეგროვებული ანთროპოლოგიური და ეთნოგრაფიული კოლექციები დაცულია სანქტ-პეტერბურგის ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება]