ნიკოლოზ მარშაკი
ნიკოლოზ იაკობის ძე მარშაკი (დ. 15 თებერვალი, 1902, ტულა — გ. 30 დეკემბერი, 1962, თბილისი) — რუსი რეჟისორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1955)[1].
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჭაბუკობიდანვე ეზიარა თეატრს. 1918 წლიდან მონაწილეობდა თბილისის სცენის მოყვარეთა რუსულ წარმოდგენებში, როგორც მსახიობი და რეჟისორი. მისი დიდი მეცადინეობით 1927 წლის 18 აპრილს, პლეხანოვის სახელობის მუშათა კლუბში დაიდგა ამერიკელი პოეტის ჰ. ლონგფელოს მიხედვით ნ. ოგნევის პიესა „ჰაიავატა, იროკეზების ბელადი“. ეს თარიღი იქცა ამიერკავკასიაში პირველი საბავშვო თეატრის დაბადების დღედ — თბილისში ჩამოყალიბდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრი. მის კვალად 1928 წელს შეიქმნა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრიც.
რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრს სამ ათეულ წელზე მეტი ხანი სათავეში ედგა მისი დამააარსებელი ნ. მარშაკი, რომელიც სიცოცხლის ბოლო ორი წელი ხელმძღვანელობდა ჯერ ქ. კალინინის, შემდეგ ტულის მოზარდ მაყურებელთა თეატრებს.
მისი დადგმებიდან აღსანიშნავია შილერის „ვერაგობა და სიყვარული“, ს. მარშაკის „ტომ სოიერის თავგადასავალი“ (მ. ტვენის მიხედვით), ა. ბრუნშტეინის „ცისფერი და ვარდისფერი“, „ახალგაზრდა გვარდია“ (ა. ფადეევის მიხედვით), ვ. როზოვის „გზა მშვიდობისა“ და სხვები.
ნიკოლოზ მარშაკის ხელმძღვანელობით პირველი ნაბიჯები გადადგა შემდგომში ცნობილმა რეჟისორმა გ. ტოვსტონოგოვმა. აკაკი წერეთლის „პატარა კახში“ შედგა შემდგომში საყოველთაოდ აღიარებული მსახიობის ევგენი ლებედევის დებიუტი. ამ თეატრის სკოლა გაიარეს ისეთმა ცნობილმა სცენარისტებმა და რეჟისორებმა, როგორებიც არიან ბ. დობროდეევი, ა. გრებნევი, ლ. კულიჯანოვი, ალ. გინზბურგი, კ. შახ-ნაზაროვი. აქ იღწვოდნენ დირიჟორი ო. დიმიტრიადი, კომპოზიტორი შ. მშველიძე და სხვა მრავალი გამოჩენილი ხელოვანნი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 250, თბ., 1994