ნიკოლოზ კავასილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლოზ კავასილა, გამოსახული ხატზე

ნიკოლოზ კავასილა (ბერძ. Νικόλαος Καβάσιλας; დ. დაახლ. 1320, თესალონიკი — გ. 1391 წლის შემდგომ) — ისიქაზმის ბიზანტიური ტრადიციის წარმომადგენელი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი და ლიტურგისტი. მისი სწავლების მიხედვით, ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი და დაკნინებული ხატების აღსადგენად განღმრთობისაკენ არის მოწოდებული, რაც ეკლესიის ლიტურგიკული და ლოცვითი გამოცდილების სრული ურთიერთობის შედეგად მოიპოვება.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლოზ კავასილა დაახლოებით 1320 წელს თესალონიკში, არისტოკრატთა ოჯახში დაიბადა. XI საუკუნიდან მოყოლებული მისი გვარის წარმომადგენელბი ბიზანტიის საეკლესიო და პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ. დედამისი სამი მღვდელმთავრის და იყო, რომელთაგან ყველაზე მატად ცნობილი ნილ კავასილა იყო. იგი ნიკოლოზ კავასილას მასწავლებელი, თესალონიკის მთავარეპისკოპოსი და ლათინელთა წინააღმდეგ დაწერილი რამდენიმე პოლემიკური თხზულების ავტორი იყო.

1335–1340 წლებში ნიკოლოზ კავასილა კონსტანტინოპოლში სწავლობდა. გრამატიკასთან, რიტორიკასა და ფილოსოფიასთან ერთად საბუნებისემტყველო მეცნიერებებიც შეისწავლა. წყაროები ამოწმებენ, რომ უკვე 30–იან წლებში ნიკოლოზ კავასილას ისიხაზმურ მოძრაობასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა. ახალგაზრდობაში მისი სულიერი მოძღვარი ღირსი მამის გრიგოლ სინაელის მასწავლებელი და კონსტანტინოპოლის მომავალი პატრიარქი, ისიდორე I იყო.

რელიგიური და პოლიტიკური ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1341 წლიდან ნიკოლოზ კავასილა პოლიტიკურ და რელიგიურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს. მრავალი წლის განმავლობაში ის იმპერატორ იოანე კანტაკუზინის მეგობარი და მრჩეველი იყო, გვერდით ედგა ომის დროს და სიკვდილს ძლივს გადაურჩა 1345 წლის აგვისტოში – ზილოტების მიერ თესალონიკელი დიდებულების საშინელი ხოცვა–ჟლეტის დღეებში. 1347 წელს კანტაკუზინმა კავასილას დაავალა, ახალგამორჩეულ თესალონიკის მთავარეპისკოპოსს, გრიგოლ პალამას გაჰყოლოდა მის კათედრაზე. თესალონიკელები არ იღებდნენ წმინდა გრიგოლს. ის და კავასილა ათონის წმინდა მთისკენ გაემართნენ, სადაც ერთი წელი დაჰყვეს. უდიდეს ისიხასტთან ამგვარმა სიახლოვემ ნიკოლოზის მომავალ საღვთისმეტყველო თხზულებებზე ზეგავლენა მოახდინა. როგორც იოანე მეინდორფი ამბობს"კავასილას ნაშრომებში გრიგოლ პალამას მთელი ტრადიციის განმარტებას ვნახულობთ, თუმცა ის სხვა ტერმინოლოგიით სარგებლობს".

წყაროთა მოწმობით, კავასილამ და მისმა მეგობარმა დიმიტრი ქიდონისმა თავად იმპერატორისგან იცოდნენ მისი მამონიტის მონასტერში განმარტოების სურვილის შესახებ და მასთან ერთად წასვლას აპირებდნენ. კანტაკუზინი მათ ახასიათებს, როგორც მამაკაცებს, რომელთაც უმაღლესი სიბრძნე შეიძინეს, რომელნიც საქმით სიბრძნისმეტყველებდნენ და გონიერ უქორწინო ცხოვრებას ეწეოდნენ, რომელნიც ქრისტიანული ასკეტიზმის უმაღლეს ლიტერატურულ, სამეცნიერო და ფილოსოფიურ შემოქმედებსათან შერწყმას ცდილობდნენ.

კავასილამ მტკიცე მართლმადიდებლური პოზიცია დაიკავა ანტიპალამისტების განმსჯელი ვლაქერნის კრების დროს 1351 წელს და მის შემდგომაც. თანამედროვეთა შორის მისი დიდი ავტორიტეტის შესახებ შემდეგი ფაქტი მეტყველებს: 1353 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო კათედრა დაქვრივდა. კრებამ იმპერატორს სამი კანდიდატიდან ერთ–ერთად ერისკაცი კავასილაც წარუდგინა. სავარაუდოა, რომ იგი ერისკაცად სიცოცხლის ბოლომდე დარჩა, ყოველ შემთხვევაში, კავასალის შესახებ ჩვენამდე მოღწეული არც ერთი წყარო მის მონაზვნად აღკვეცას ან სამღვდელო ხარისხის მიღებას არ მიუთითებს.

ცხოვრების ბოლო წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1353 წლის შემდეგ კავასილას ცხოვრების შესახებ ჩვენამდე მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტული მოწმობაა შემორჩენილი. მან 1354 წელს, საიმპერატორო ტახტზე იოანის ძის, მანუელ კანტაკუზინის ასვლის დროს სახოტბო სიტყვა წარმოთქვა. 1363 წელს თესალონიკში თავისი ბიძის ნილის და შემდეგ მამის დაკრძალვაზე ჩავიდა. XIV საუკუნის 60–იანი წლებიდან იგი აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას წყვეტს და მონასტერში მიდის, სადაც დროს საღვთიმეტყველო ნაშრომების წერას უთმობს. იმის დასტურად, რომ ნიკოლოზი 90–იანი წლების პირველ ნახევრამდე ცოცხალი იყო, მის მიერ მანუელ II პალეოლოგოსისადმი , დიმიტრი კიდონისა და იოსებ ვრიენისადმი გაგზავნილი ზუსტად დათარიღებული წერილები გვევლინება. კავასილას გარდაცვალების თარიღად 1397, ზოგი მოსაზრებით კი 1398 წელი ივარაუდება. ბერძნულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1982 წელს ნიკოლოზ კავასილა წმინდანად შერაცხა.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა ნიკოლოზ კავასილას შემოქმედება საკმაოდ ვრცელია. აქედან ორი ნაშრომია უმთავრესი: "შვიდი სიტყვა ქრისტეში ცხოვრების შესახებ" და "ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება". პირველი წიგნი საიდუმლოთა – ნათლობის, მირონცხებისა და ევქარისტიის განმარტებას მოიცავს. მეორის სახელწოდება შინაარსზე თავად მიუთითებს. მასში ავტორი დადგენილი ტრადიციის კვალდაკვალ, ლიტურგიას განმარტავს როგორც ქრისტეს ცხოვრების სიმბოლურ განმეორებას. კავასილამდე კომენტატორები ნებისმიერ ლიტურგიკულ დეტალს სიმბოლურად განმარტავდნენ. ამ გზაზე ადამიანური წარმოსახვისთვის საკმაოდ დიდი სივრცეა: ერთი და იგივე დეტალი შეიძლება რამდენიმე განსხვავებული საშუალებით განიმარტოს და კომენტატორის სურვილისამებრ მიენიჭოს ესა თუ ის მნიშვნელობა. კავასილა თავის წინამორბედებისგან არსობრივად იმით განსხავდება, რომ ლიტურგიის დეტალების სიმბოლურ განმარტებას არ ცდილობს. წმინდა გრიგოლ პალამასთან ერთად ის განმმარტებელთა სხვა სკოლას ეკუთვნის, რომელთათვისაც ლიტურგიის შინაარსი სიმბოლურ ჩარჩოებს ბევრად სცდება.

ხსენებული ორი ნაშრომის გარდა კავასილას კალამს ეკუთვნის სხვადასხვა წმინდანისა და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი რამდენიმე "სიტყვა", ანუ ქადაგება. მისი ჰომილიები იმის დასტურია, რომ იმ დროისათვის ერისკაცებს ქადაგების წარმოთქმის უფლება ჰქონდათ. კავასილას შემოქმედებას დასავლეთშიც იცნობდნენ. ის ლათინურად ითარგმნა და გარკვეული გავლენაც ჰქონდა. ტრიდენის კრებაზე კავასილას ციტატები ქრისტეს ევქარისატიაში მონაწილეობის დოგმატის დამადასტურებელ საბუთად მოიშველიეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჟურნალი „კარიბჭე“,N154

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]