ნიკოლა სკლიფოსოვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლაი სკლიფასოვსკი - ზიგმუნტ ვალიშევსკის ნახატი

ნიკოლაი სკლიფასოვსკი (????-1935) — რუსი წარმოშობის მხატვარი, პედაგოგი.

ნიკოლაი სკლიფასოვსკის სახელს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს სახვითი ხელოვნების ისტორიაში. მან აღზარდა გამოჩენილ ქართველ ფერმწერთა მთელი პლეადა – ე. ახვლედიანი, ს. ქობულაძე, ვ. ხოჯაბეკოვი, ვ. წილოსანი, კ. ზდანევიჩი, ა. ბაჟბეუქ-მელიქოვი, ა. ციმაკურიძე, ი.ოცხელი და სხვები.

ნიკოლაი სკლიფასოვსკიმ საშუალო განათლება მინსკის კლასიკურ გინმაზიაში მიიღო, უმაღლესი იურიდიული – მოსკოვის უნივერსიტეტში, პარალელურად სწავლობდა სტროგანოვის უმაღლეს სამხატვრო სასწავლებელში და სტუდიებში ლევიტანთან და გრანდკოვსკისთან, მონაწილეობდა პერიოდულ გამოფენებში მოსკოვში.

მოღვაწეობა საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1895 წელს მისი მეგობრის მხატვარ ბ. ფოგელის რჩევით ის გადასახლდა თბილისში. 1896 წლიდან ასწავლიდა თბილისის პირველ ვაჟთა გიმნაზიაში და სხვა სასწავლებლებში. რამდენიმე წელი ის ცხოვრობდა და მუშაობდა ბათუმში, სადაც თავისი ხარჯებით ჩამოაყალიბა ბავშვთა პირველი სამხატვრო სკოლა, ასწავლიდა ბათუმის ქალთა და ვაჟთა გიმნაზიებში. 1909 წელს სკლიფასოვსკიმ მიიღო მოწვევა თბილისის I და II ქალთა გიმნაზიებიდან და დაბრუნდა თბილისში.

სკლიფასოვსკი 1909-10 წლებში მონაწილეობდა “ნატიფი ხელოვნების წახალისების კავკასიის საზოგადოების” თითქმის ყველა გამოფენაში. ასწავლიდა ხატვას ამ საზოგადოებასთან არსებულ სკოლაში. მისი ყველა ნამუშევარი ზეთის საღებავით შესრულებულია გლუვად, რეალისტურ მანერაში. მთელი სიმაღლით მდგარი ქალის ფიგურა თეთრებში, ქოლგით, მსუბუქი იისფერი ტონების ლამაზი შერწყმით მზისგან გამჭვირვალე რეფლექსებით. ზუბალაშვილის პორტრეტი, სადაც ძირითადი ამოცანა იყო მსგავსება და სახის მახასიათებელი ნაკვთების გადმოცემა – რამდენადმე აკადემიურია. მისი ნატურმორტები: “ვარდები” და “ყვავილები” ლამაზად არის შეკრებილი, განსაკუთრებით “ვარდები”, სადაც რამდენიმე ლარნაკი ვარდებით ქმნიან ორიგინალურ კომპოზიციას.

სკლიფასოვსკი საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა. სამჯერ ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა მოკლევადიან კურსებს სახალხო სკოლის მასწავლებლებისათვის, მონაწილეობდა სხვადასხვა კომისიებში, ხატვის სწავლების რეორგანიზაციის და ახალი პროგრამების შედგენის საკითხებზე. მონაწილეობდა კავკასიის სასწავლო ოლქის ყრილობებში 1910 წელს პიატიგორსკში და 1914 წელს ბაქოში. 1913 წელს მონაწილეობა მიიღო დრეზდენის IV საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში ხატვის და გამოყენებითი ხელოვნების შესწავლის საკითხებზე. სკლიფასოვსკი ამ კონგრესზე თავის მოხსენებაში ამბობდა: “აქ გამოფენილ ექსპონატებზე თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია, რომ დავრწმუნდეთ რამდენადაა დაკავშირებული სასკოლო სწავლების მთელი სისტემა ცხოვრებასთან, რამდენი სიხარული შეაქვს სწავლებაში ფერების გამოყენების თემებს და ფორმების მრავალფეროვნებას, რომელიც უშუალოდ ჩვენს გარშემო სამყაროდან არის აღებული". თავის მოხსენებაში მან დაწვრილებით მიმოიხილა სხვადასხვა ქვეყნებიდან ყველა განყოფილებაში წარმოდგენილი ექსპონატები. მან წარმოადგინა დაწყებით, საშუალო და სახელოსნო სკოლებში სწავლების შემდგომი განვითარების პროგრამა წლების მიხედვით. მან წარმოადგინა მუშაობის გეგმა, თემატიკა და მოსწავლეთათვის საჭირო მაგიდების, მერხების და მოლბერტების ნახაზებიც კი.

1911 წელს სკლიფასოვსკიმ საკუთარ სახლში გახსნა ხატვისა და ფერწერის სამკლასიანი კურსები, სადაც ბავშვების უმრავლესობას უფასოდ ასწავლიდა. ის გამოირჩეოდა გულისხმიერებით, იყო გულღია და ჰქონდა განსაკუთრებული პედაგოგიური ნიჭი. შეეძლო თითოეულ მოსწავლეში დაენახა და წარმოეჩინა ინდივიდუალური შესაძლებლობები. სკლიფასოვსკი სამხატვრო წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. 1922 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიის გახსნისას, მისი ხატვისა და ფერწერის კურსები შევიდა აკადემიის შემადგენლობაში. სკლიფასოვსკი აირჩიეს აკადემიის პროფესორად.


1925 წელს ის ლენინგრადში მიდის, 1930 წელს იძულებული გახდა დასავლეთ ციმბირში წასულიყო ბავშვებისათვის ხატვის მასწავლებლად, სადაც დაავადდა და 1935 წელს გარდაიცვალა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]