შინაარსზე გადასვლა

ნიკოლა-ლუი ფრანსუა დე ნიეშატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლა-ლუი ფრანსუა დე ნიეშატო

ნიკოლა-ლუი ფრანსუა დე ნიეშატო (დ. 17 აპრილი, 175010 იანვარი, 1828) — ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე, პოეტი და მეცნიერი.

ნიკოლა-ლუი ფრანსუა დე ნიეშატო დაიბადა მასწავლებლის ოჯახში, სწავლობდა ვოგეზების დეპარტამნეტში მდებარე ნიეშატოს კოლეჯში. თოთხმეტი წლის ასაკში მის მიერ გამოქვეყნებულმა პოეტურმა ნაშრომმა ჟან-ჟან რუსოსა და ვოლტერის დიდი ინტერესი გამოიწვია. იგი მხოლოდ თექვსმეტი წლის იყო, როცა საფრანგეთის აკადემიის წევრობა შესთავაზეს. 1783 წელს დაინიშნა კარიბის კუნძულებზე მდებარე ერთ-ერთი ფრანგული კოლონიის სენტ დომინგოს საბჭოს გენერალურ პროკურორად.

საფრანგეთის რევოლუციის დროს, ნიეშატო აირჩიეს 1789 წლის 17 ივნისს შექმნილი „ეროვნული კრების“ დეპუტატად, იგი პასუხიმგებელი იყო ვოგეზების დეპარტამენტის საორგანიზაციო საკითხებზე. მოგვიანებით გახდა 1791 წლის 1 ოქტომბერს შექმნილი საკანონმდებლო ორგანოს წევრი, იგი ჯერ მდივნის მოვალეობას ასრულებდა შემდეგ კი პრეზიდენტადაც აირჩიეს. 1793 წელს დააპატიმრეს პოლიტიკური შეხედულებების გამო. თუმცა, მომდევნო წელს, თერმიდორიანული რეაქციის დაწყების დროს, გაათავისუფლეს.

1797 წელს მან შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქვეყნის ადმინისტრაციულ ცხოვრებაში. ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ლუვრის მუზეუმის გახსნაში და მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი პირველი უნივერსალური გამოფენის მოწყობაში. 1797 წლის 9 სექტემბრიდან - 1798 წლის 23 აპრილამდე საფრანგეთის დირექტორიის წევრი გახდა, ამ თანამდებობაზე მან ლაზარ კარნო შეცვალა.

1804 წლიდან 1806 წლამდე ის იყო წევრი საკონსულტაციო საბჭოსი, რომელიც საფრანგეთში სამი კონსული მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა. ამ თანმდებობაზე მისი ყოფნა დაემთხვა ნაპოლეონ ბონაპარტის იმპერატორად კურთხევას(1804 წელი). ნიეშატო იყო ის ერთ-ერთი იმ პირთაგანი, რომელმაც ნაპოლეონს იმპერატორის გვირგვინი შესთავაზა. იქამდე, 1803 წელს, იგი საფრანგეთის აკადემიის წევრი გახდა, 1808 წელს კი გრაფის წოდება მიიღო. 1814 წელს სახელმწიფო თანამდებობა დატოვა და ძირითადად სოფლის მეურნეობის შესწავლით იყო დაკავებული.

პოლიტიკის გარდა, ნიეშატო ბევრს სხვა დარგშიც მოღვაწეობდა. მან მნიშველოვანი წვლილი შეიტანა საფრანგეთის მრეწველობის განვითარებაში. აღსანიშნავია მისი ლიტერატურული მოღვაწეობა. იგი იყო პოეტი, გრამატიკოსი ლიტერატურათმცოდნე. არის არაერთი ნაშრომის ავტორი სოფლის მეურნების დარგში.