ნიკიტა სქოლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ნიკიტა სქოლარი (ბერძ. Νικήτας Σχολάρης; აქტიური წლები 1341–1361) — ბიზანტიელი არისტოკრატი და ტრაპიზონის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, მოგვიანებით ასევე ფლობდა მეგას დუქსის ტიტულს. ფართოდ იყო ჩართული ტრაპიზონის სამოქალაქო ომებში, სადაც ის სქოლარების ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკიტას მშობლების შესახებ არანაირი ცნობები არ მოგვეპოვება. თუმცა ჯორჯ ფინლი იოანე ლაზოროპულოსის ცნობებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ ნიკეტას წარმომავლობა საიმპერატორო გვარდიას (სქოლას) უნდა უკავშირდებოდეს, რომლის წევრებმაც კონსტანტინოპოლის დაცემის (1204)[1] შემდეგ სავარაუდოდ ტრაპიზონის იმპერიას შეაფარეს თავი და შესაძლოა ნიკიტაც მათი შთამომავალი ყოფილიყო.

ნიკიტას გამოჩენა ისტორიულ წყაროებში ტრაპიზონის სამოქალაქო ომეს უკავშირდება, რომელიც ირინა პალეოლოგოსის (მმართ. 1340–1341) მმართველობის პერიოდში დაიწყო, სადაც ის სებასტოს ჭანიხიტის მხარდამხარ ებრძოდა იმპერატორ ირინას და ამიძანტართა პარტიას. დამარცხებული ნიკიტა, გრიგორი მიზომატთან ერთად კონსტანტინოპოლში გაიხიზნა,[2] სადაც მათ მიხეილ კომნენოსი მიიმხრეს. მათ არ ყოფნაში ტრაპიზონის იმპერიაში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, დედოფალი ირინა ანა კომნენოსმა (მმართ. 1341–1342) ჩაანაცვლა. მიხეილ კომნენოსი ბიზანტიის იმპერატორ იოანე VI კანტაკუზენის მხარდაჭერით, კაპიტან-გენერალ ნიკიტა სქოლარისა და გრიგორი მიზომატთან ერთად, ბიზანტიის სამხედრო ფლოტით, 1341 წლის 30 ივლისს კონსტანტინოპილიდან ტრაპიზონში ჩავიდა. მეორე დღესვე ანას მომხრეებმა შეთქმულები დაამარცხეს და მიხეილი ჯერ უნიეს, ხოლო შემდეგ ლიმნიას ციხეში გამოკეტეს.

ნიკიტა და გრიგორი მიზომატი სერიოზულ დაზიანებას გადაურჩნენ და როგორც მიქაელ პანარეტოსი გვამცნობს, ისინი ვენეციელთა ფლოტით კონსტანტინოპოლში დაბრუნდნენ, სადაც მათ ასევე გაჰყვა კონსტანტინე დორანიტი, მისი ვაჟი იოანე და გრიგორი მიზომატის ძმა მიხეილი. 1341 წლის 10 სექტემბერს ისინი კონსტანტინოპოლში ჩავიდნენ, სადაც ამჯერად მიიმხრეს იოანე კომნენოსი, ვისთან ერთადაც 1342 წლის 17 აგვისტოს გენუელთა ფლოტით დატოვეს კონსტანტინოპოლი და 4 სექტემბერს დაბრუნდნენ ტრაპიზონში,[3] დაამხეს ანა კომნენოსი და იოანე იმპერატორად აკურთხეს.[4]

არისტოკრატები რომლებმაც იოანე III კომნენოსი (მმართ. 1342–1344) ტახტზე აიყვანეს, მალე მის მიმართ უკმაყოფილებას იჩენდნენ. ნიკიტამ მიხეილი ლიმნიის ციხიდან გაათავისუფლა და 1344 წლის მაისში ის ტახტზე დასვეს, ხოლო იოანე წმ. საბას მონასტერში გაგზავნეს. სანაცვლოდ მიხეილმა ნიკიტას მეგას დუქსის ტიტული უბოძა და სქოლართა პარტიის სხვა წევრებიც დააწინაურა.

სქოლარების დაწინაურებამ ტრაპიზონელი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებიც აჯანყდნენ ოლიგარქსიის წინააღმდეგ. 1345 წლის, ნოემბერში იმპერატორმა ნიკიტა მის სხვა პარტიის წევრებთან ერთად დაატყვევა.[5] თუმცა ის მალევე გაანთავისუფლა და 1349 წლის 13 დეკემბერს მეგას დუქსის თანამდებობაზე აღადგინა. ნიკიტამ საკუთარი პოზიციები სასახლის ინტენდენტის, მიხეილ სამსპონის ქალიშვილთან ქორწილით გაამყარა. 22 დეკემბერს ნიკიტა აჯანყდა, დაამხო მიხეილი და ტახტზე იოანე აიყვანა, რომელიც ალექსი III-ის (მმართ. 1349–1390) სახელწოდებით გამეფდა.

ამ პერიოდიდან ნიკიტას ძალაუფლება თანდათან ირყევა. ახალგაზრდა იმპერატორის ტახტზე აყვანით ისარგებლეს მოუსვენარმა არისტოკრატებმა და სამოქალაქო არეულობა წამოიწყეს. თეოდორე დორანიტმა ნიკიტა შეიპყრო. 1352 წელს იმპერატორმა მეამბოხეები კენხრინას ციხეში გამოკეტა, სადაც თეოდორე დორანიტი, საგვარეულოს სხვა წევრებთან ერთად სიკვდილით დასაჯა. ამით ისარგებლა ნიკიტამ და 1352 წლის ივლისში ძალაუფლების დაბრუნება მოახერხა.[6] თუმცა ამ პერიოდისთვის ალექსის გამყარებული ჰქონდა პოზიციები და არ საჭიროებდა ნიკიტას. 1354 წლის ივნისში ნიკიტა კერასუნტში გაიქცა, სადაც მის მომხრეებთან ერთად წინააღმდეგობისთვის მოემზადა. აჯანყებულები სამი თვის განმავლობაში იმპერატორთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ. შემდეგი წლის მარტში ნიკიტა, მისი ვაჟი პარაკოიმომენოსი და პროტოვესტიარი ბასილ ჩუპაკესი ფლოტით ტრაპიზონის დალაშქრვას შეეცადნენ, რაც წარუმატებლად დასრულდა. იმავე თვეში, იმპერატორმა ფლოტით დაიკავა კერასუნტი.[7] თუმცა ამ დროს ნიკიტა კენხრინას ციხეში იმყოფებოდა, რომელიც აჯანყებულების უკანასკნელ ბასტიონს წარმოადგენდა. ალექსიმ კეხრინა მალევე ალყაში მოაქცია. ნიკიტა კენხრინას ოქტომბრის თვემდე იცავდა, რის შემდეგაც ის იმპერატორს დაუთმო.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკიტამ ცხოვრების დანარჩენი პერიოდი ტრაპიზონში ტყვეობაში გაატარა, ალექსიმ მისდამი პატივისცემის გამოსახატავად ნიკიტას დაკრძალვის ცერემონიალზე თეთრი კაბით შეიმოსა, რაც გლოვის ნიშანს წარმოადგენდა.[8]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Finlay, The History of Greece and the Empire of Trebizond, (1204-1461) (Edinburgh: William Blackwood, 1851), pp. 360f
  2. William Miller, Trebizond: The Last Greek Empire of the Byzantine Era (Chicago: Argonaut, 1926), pp. 47f
  3. Panaretos, ch. 11; Greek text in Original-Fragmente, Chroniken, Inschiften und anderes Materiale zur Geschichte des Kaiserthums Trapezunt in Abhandlungen der historischen Classe der königlich bayerischen Akademie, 4 (1844), abth. 1, p. 20; German translation, p. 48. Miller, Trebizond, p. 51
  4. Francois Bredenkamp, "The Dronatines Family of the 14th Century Byzantine Empire of Trebizond," Byzantaka, 19 (1999), pp. 245f
  5. Miller, Trebizond, p. 53
  6. Miller, Trebizond, p. 57
  7. Miller, Trebizond, p. 58
  8. Miller, Trebizond, p. 59