ნიენორ ნინიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიენორი / ნინიელი
ბიოგრაფიული ცნობები
რასა ადამიანები
კულტურა ედაინები, მესამე საგვარეულო
დაბადება მ.წ. 473 წელს
სამეფო დორ-ლომინი
ცხოვრების წლები მ.წ. 473 წელს – მ.წ. 499 წელს
გარდაცვალება მ.წ. 499 წელს
ფიზიკური მონაცემები
სქესი მდედრობითი
ნაწარმოები სილმარილიონი[1],
დაუსრულებელი თხზულებები[2],
ჰურინის შვილები[3]

ნიენორი, იგივე ნინიელი — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში. ტურინის და, რომელიც უცაბედად ცოლად გაჰყვა თავის ძმას. ნიენორი იყო ჰურინისა და მორუენის ასული. მათ კიდევ ერთი ასული, ლალაითი ჰყავდათ, რომელიც ბავშვობაში გარდაიცვალა, ნიენორის დაბადებამდე.

გარდა „სილმარილიონის“, „დაუსრულებელი თხზულებების“ და „ჰურინის შვილების“, პერსონაჟის შესახებ მოთხრობილია თავში „ტურამბარი და ფოალოკე“[4] და პოემაში „ბალადა ჰურინის შვილებისა“.[5].

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰურინი ურიცხვი ცრემლის ბრძოლაში, პირველი ეპოქის 472 წელს შეიპყრეს. მორუენი ამ დროს ფეხმძიმე იყო. ბრძოლის შემდეგ მორგოთმა სამხრეთელები ჰითლუმის ასაოხრებლად გააგზავნა - დორ-ლომინის ჩათვლით, სადაც მორუენი და ტურინი ცხოვრობდნენ. მორუენს ეშინოდა, რომ სამხრეთელები ტურინს შეიპყრობდნენ, ამიტომ იმავე წლის შემოდგომაზე შვილი დორიათში, მეფე თინგოლის სამფლობელოში გააგზავნა.

პირველი ეპოქის 473 წლის პირველ თვეებში დაიბადა ნიენორი. მას ჰქონდა ოქროსფერი თმა და ცისფერი (სხვა ვერსიით - რუხი) თვალები. გაიზარდა მაღალი, მშვენიერი. 494 წელს მორუენმა და ნიენორმა დორ-ლომინი დატოვეს და დორიათში ტურინის საძებნელად გაემართნენ, მაგრამ ამ დროისთვის მან იქაურობა დატოვა. მორუენი და ნიენორი დორიათში დარჩნენ, როგორც თინგოლისა და მელიანის სტუმრები.

ტურინი ნაგროთრონდში იმყოფებოდა, როდესაც დრაკონი გლაურუნგი 495 წელს გამოჩნდა. მან ტურინი საკუთარი ხედვით მოაჯადოვა და მოატყუა, თითქოს მორუენი და ნიენორი დორ-ლომინში მონობაში იყვნენ. ტურინი დარწმუნებული იყო, რომ დორ-ლომინში წასვლა სწორი ნაბიჯი იქნებოდა ფინდუილასის, ნარგოთრონდის მეფე ოროდრეთის ასულის გადარჩენის სანაცვლოდ - რომელიც ამასობაში ორკების მიერ დაჭერილი და მოკლული იქნა. დორ-ლომინში მისულმა ტურინმა სიმართლე დაადგინა და მიხვდა, რომ იგი მწარედ მოატყუეს.

მორუენმა ამასობაში ნარგოთრონდიდან გამოქცეულებისგან შეიტყო, რომ ტურინი იქ მივიდა. 496 წელს მან დატოვა დორიათი, მიუხედავად იმისა, რომ თინგოლი და მელიანი ყველანაირად ეწინააღმდეგებოდნენ. მას მიჰყვებოდა რაზმი მაბლუნგის მეთაურობით, რომელსაც ფარულად შეუერთდა ნიენორი - იმ იმედით, რომ დედა დაბრუნდებოდა, ვინაიდან თავისი ასულის დაცვას აირჩევდა. მაგრამ მისი ვინაობის გამომჟღავნების შემდეგაც მორუენმა უარი თქვა უკან დაბრუნებაზე - მან ნიენორს უბრძანა, დორიათში დაბრუნებულიყო. მაგრამ მამაცი ნიენორი უარზე იყო.

ერთად ისინი ამონ ეთირთან მივიდნენ, ბორცვთან, რომელიც ნარგოთრონდის კარიბჭიდან ერთ ლიგაში მდებარეობდა. მაბლუნგმა მორუენი და ნიერორი დატოვა მწვერვალზე, რომელსაც ათი ცხენოსანი დარაჯობდა. თავად დატოვა რაზმი და დაზვერვაზე წავიდა. გლაურუნგი გამოძვრა კარიბჭიდან, გადაკვეთა ნაროგი და გამოიწვია დიდი ნისლი, რომელმაც ყველას გზა აუბნია. წყალს საზარელი სიმყრალეც ასდიოდა.

მცველებმა სცადეს მორუენისა და ნიენორის გადარჩენა, მაგრამ მათი ცხენები, რომლებიც დაბრმავდნენ და შეშინებულები იყვნენ, ნისლში დაიკარგნენ. ნიენორი გადმოგდებული იქნა ცხენიდან. იგი დაბრუნდა ამონ ეთირში, ამიტომ მაბლუნგმა იგი მალე იპოვა.

როდესაც ნიენორმა ამონ ეთირის მწვერვალამდე მიაღწია, პირისპირ შეხვდა გლაურუნგს, რომელიც მეორე მხრიდან ამოძვრა. სიმამაცის გამო მან არ აჩვენა დრაკონს შიშის რამე ნიშანი, მაგრამ მისი შელოცვის ქვეშ მოექცა და დაავიწყდა, თუ ვინ იყო. მაბლუნგმა ჰურინის ასული უგონოდ დაგდებული იპოვა და დორიათში გაუძღვა. გზად დორიათში მათ ორკები დაესხნენ და ნიენორი ტყეში გაიქცა.

იგი ჩრდილოეთით გარბოდა და გზად მთელი სამოსი შემოეხია. გაუსწრო არა მხოლოდ ორკებს, არამედ მაბლუნგის რაზმსაც. გადაკვეთა ტეიგლინი და გადავიდა ბრეთილის ტყეში, სადაც ტურინი ცხოვრობდა. ერთ-ერთი ქარიშხლიანი ამინდისას ტურინმა იგი ჰაუდ-ენ-ელეთზე იპოვა, ფინდუილასის საფლავზე.

ნიენორი ტურინს არასოდეს უნახავს და არ იცოდა, თუ ვინ იყო. მან უთხრა, რომ თავად ტურამბარი ერქვა. ნიენორს არაფერი ახსოვდა წარსულიდან და როდესაც ტურინმა სახელი ჰკითხა, მხოლოდ ცრემლებით უპასუხა. ამაზე ტურინმა უთხრა, რომ მისი სახელი „ნინიელი“, „ცრემლთ-ასული“ იქნებოდა. ორივე მიხვდა, რომ ერთმანეთში რაღაც საერთო ჰპოვეს, რასაც დიდი ხანია, ეძებდნენ.

ნინიელი ტურინმა ეფელ ბრანდირში, ამონ ობელის ერთ-ერთ, კედლებით დაცულ სოფელში წაიყვანა. კელებროსის ხიდის გადაკვეთისას ნინიელმა ტეიგლინის ხეობას დახედა და ცუდად იგრძნო თავი. დიმროსტის ჩანჩქერს, რომელიც ხიდის ქვეშ მდებარეობდა, იმ დროიდან ნენ გირითს, „ჟრუანტელის მომგვრელ წყალს“ უწოდებდნენ.

ბრანდირი, ბრეთილის ტყის ადამიანების მეთაური, თავის ცოდნას იყენებდა და ნინიელს მკურნალობდა. მას იმდენად დავიწყებოდა ყველაფერი, რომ სხვადასხვა უბრალო სიტყვაც არ ახსოვდა და ამიტომ საუბარსაც ასწავლიდნენ. ბრანდირს ნინიელი შეუყვარდა, მაგრამ იგი მას, როგორც ძმას უყურებდა და შეუყვარდა ჰურინი, რომლის ნამდვილ ვინაობაზე, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდა.

497 წელს ტურინმა ნინიელს ხელი სთხოვა. ბრანდირმა შესთავაზა მას, დალოდებოდა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ნინიელი უყვარდა, არამედ იმიტომაც, რომ გრძნობდა, რომ ნინიელსა და ტურინს შორის ქორწინება დაუშვებელი იყო. მან უამბო ნინიელს, რომ ტურამბარად ცნობილი იყო ტურინი, ჰურინის ძე, რომელიც მას სავარაუდოდ მიატოვებდა და საომრად გაეშურებოდა. ნინიელს ტურინის სახელზე არაფერი გაახსენდა, მაგრამ დაეჭვდა და ტურინს სთხოვა, დალოდებოდა.

498 წლის გაზაფხულზე ტურინმა ნინიელს ცოლობა კვლავ სთხოვა და შეჰპირდა, რომ თუკი მის ცოლობაზე დათანხმდებოდა, იგი საომრად აღარ წავიდოდა, არამედ შინაურ კარ-მიდამოს დაიცავდა. ნინიელმა თანხმობა განაცხადა და მათ ზაფხულის შუა დღეს იქორწინეს. მეტყევეებმა მათ ეფელ ბრანდირში მდებარე ერთ-ერთი სახელი უსაჩუქრეს.

წლის ბოლომდე გლაურუნგმა ორკები ბრეთილის ტყეში ადამიანთა დასარბევად გამოუშვა. თავდაპირველად ტურინი შინ რჩებოდა, მაგრამ შესუსტებული მეტყევეების გამო გამოჩნდა ორკების დასახმარებლად.

499 წლის გაზაფხულზე ნინიელი დაფეხმძიმდა და დანაღვლიანდა. გლაურუნგი გაზაფხულის მიწურულს გამოჩნდა ბრეთილის საზღვართან. ნინიელმა ტურინს სთხოვა, გაქცეულიყვნენ, მაგრამ ტურინი დრაკონთან დასაპირისპირებლად გაეშურა, ტეიგლინის ხეობებთან. ნინიელმა შემოიკრიბა მეტყევეები და მათთან ერთად ტურინის საძებნელად გაეშურა. მათ ნენ გირითამდე მიაღწიეს.

როდესაც გლაურუნგმა გადაკვეთა ტეიგლინის ხეობა, რომელსაც „ირმის ნახტომი“, კაბედ-ენ-არასი ეწოდებოდა, ტურინი უკვე იქ ელოდებოდა და დრაკონი თავის ხმლით, გურთანგით დაჭრა. ნენ გირითზე ნინიელს ესმა დრაკონის კივილი. ბრანდირმა სცადა მისი შეკავება, მაგრამ ნინიელი ტურინისკენ გამოემართა. იგი ირმის ნახტომთა მივიდა, სადაც გლაურუნგი ეგდო.

ტურინი უგონოდ იყო და ისე ჩანდა, თითქოს დაიღუპა. ნინიელმა დაჭრილი ხელი გადაუხვია და ესაუბრებოდა, მაგრამ ტურინი ხმას არ სცემდა. აღსასრულის წინ გლაურუნგმა ნინიელს უამბო, რომ ტურინი მისი ძმა იყო. ნინიელს ყველაფერი გაახსენდა და შიშსა და სირცხვილში გახვეული ტეიგლინში გადახტა, მოიკლა რა თავი და შვილი, რომელიც არასოდეს დაიბადებოდა. მოგვიანებით ამ ხეობას კაბედ ნაერამართი, „საზარელი ბედისწერის ნახტომი“ ეწოდა.

რა შეიტყო მთელი სიმართლე, თავი ტურინმაც მოიკლა. იგი დაკრძალული იქნა იქ, სადაც გმირულად დაეცა და სახელი „ნიენორ ნინიელი“ ამოტვიფრული იქნა მისი საფლავის ქვაზე, თუმცა მისი დის გვამი ვერ იპოვეს. 501 წელს მორუენმა იპოვა საფლავი და იქვე აღესრულა. პირველი ეპოქის ბოლოს ბელერიანდის განადგურების შემდეგ საფლავის ქვა წყლიდან მოჩანდა. მიწის ეს მონაკვეთი, რომელიც უკვე პატარა კუნძულის სახეს ატარებდა, ტოლ მორუენის სახელით იყო ცნობილი.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი ნიენორი (Nienor ან Niënor) ნიშნავს „დატირებას“. მორუენმა ეს სახელი მას დაარქვა, ვინაიდან ჰურინი ბრძოლიდან არ დაბრუნებულა. ტურინმა მას ნინიელი შეარქვა, რაც ნიშნავდა „ცრემლთ-ასულს“ - რადგან პასუხად კითხვაზე, თუ რა ერქვა, მას არაფერი ახსოვდა და მხოლოდ ცრემლები წარსკდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]