ნიდერლანდური სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიდერლანდური სუფრა, კლარა პიტერსის ნახატი, სახელად „ცხოვრება კიბორჩხალასთან, კრევეტებსა და ლობსტერთან“.

ნიდერლანდური სამზარეულო (ნიდერლ. Nederlandse keuken) — ტრადიციული ნიდერლანდური კერძების ერთობლიობა, რომლის ძირითადი პროდუქტებიცაა ყველი, თევზი, სხვა ზღვის პროდუქტები, კარტოფილი და ხორცი. ასევე ნიდერლანდურ სამზარეულოს მიეკუთვნება მსოფლიოში ცნობილი ჰოლანდიური სოუსი და ყველის მრავალი სახეობა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიდერლანდურმა გასტრონომიამ ჩამოყალიბება მხოლოდ XII-XIII საუკუნეებში დაიწყო, რაც ქვემო ქვეყნების გერმანიისაგან გამოცალკევების შედეგი იყო. თავდაპირველად მთელი სამზარეულო დაფუძნებული იყო ისეთ მარტივ ინგრედიენტებზე, როგორებიცაა: წყალი, რძე, ლუდი, ადგილობრივი ბოსტნეული და ხორცი. უკვე XIII საუკუნიდან ჰოლანდიელებმა და ფრიზიელებმა დაიწყეს საკუთარი კარაქისა და ყველის წარმოებაც.

პურის ნიდერლანდური სახეობები

XIV საუკუნეში ზელანდის რეგიონში იწყება მეთევზეობის აღორძინება, იგივე მოხდა ჰოლანდიაშიც. XV საუკუნიდან ნიდერლანდურ სამზარეულოში თევზეულთან ერთად ადგილს იმკვიდრებს კვერცხი, მშრალი პროდუქტები, ნამცხვრეული და ა.შ. მას შემდეგ, რაც ნიდერლანდებში ფრანგული წარმოშობის ბურგუნდიის ჰერცოგები გაბატონდნენ, მის სამზარეულოზე საგრძნობლად გაიზარდა ფრანგული კულინარიის გავლენა.

XVI-XVII საუკუნეში ნიდერლანდებმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, კოლონიური იმპერია გახდა და თავისი კოლონიებიდან დაიწყო უამრავი ახალი პროდუქტის შემოტანა და მათი კულინარიაში დამკვიდრება. სწორედ ამ პერიოდში ნიდერლანდებში შევიდა ინდონეზიური ყავა, ცეიოლონური ჩაი, ასევე აზიური ბრინჯი, დარიჩინი, ჯინჯერი, თხილეული. ამავე პერიოდში ადგილს იმკვიდრებს ჭვავი, რომლისაგანაც ნიდერლანდელებმა დაიწყეს ახალი ნამცხვრების შექმნა.

XVIII საუკუნიდან ნიდერლანდებში შეიტანეს კარტოფილიც, რომელიც სულ მალე იმდენად პოპულარული გახდა, რომ მას ადამიანები კვირაში რამდენჯერმეც ამზადებდნენ. კარტოფილის გამოჩენამ გამოიწვია ქვეყანაში პურზე მოთხოვნის ზრდაც, რასაც მოჰყვა მისი ახალი სახეობების შექმნა.

რეგიონალური სამზარეულოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაუდის ყველის ბაზრობა

ჩრდილოური სამზარეულო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრონინგენული მშრალი სოსისი

ნიდერლანდების ჩრდილოურ რეგიონებს, როგორებიცაა: გრონინგენი, ფრიზია, ოვერიხლესი, გელდერლანდი და დრენთე, თავიანთი დამახასიათებელი სამზარეულო აქვთ.

ამ რეგიონებისათვის დამახასიათებელია უფრო გრძელი და გამომშრალი სოსისების წარმოება. მშრალი სოსისი მათი სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია, როგორსაც სხვაგან არსად აწარმოებენ. მშრალთან ერთად ამზადებენ პატარა, ჩვეულებრივ სოსისებსაც, თუმცა მშრალი სოსისი მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს. სოსისების გარდა რეგიონები გამოირჩევა იმით, რომ მათ ძირითად კერძებში (სტამპოტი, ჰუტსპოტი, ზაარკოლი და ა.შ.) იყენებენ თევს და ჩახეხილ, მოხარშულ ბოსტნეულს, რაც ამ კუთხისათვის დამახასიათებელ გემოს იძლევა. ნიდერლანდების ეს პროვინციები არის ასევე გამოირჩევა პურის გამოცხობის ორიგინალური ტექნოლოგიით: ისინი იყენებენ არა მხოლოდ ჭვავს, არამედ ჯინჯერს და ზოგჯერ ცუკატებსაც.

ყველი ედამი

დასავლური სამზარეულო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხშირად ნიდერლანდების რამდენიმე პროვინციის: ჩრდილოეთ ჰოლანდიის, სამხრეთ ჰოლანდიის, ზელანდიისა და უტრეხტის გასტრონომიას აერთაიენებ და მას დასავლეთ ნიდერლანდურ სამზარეულოს უწოდებენ მათი საერთო გემოებისა და კერძების გამო.

ზელანდიური ფუნთუშა ადგილობრივი კარაქით

დასავლეთ ნიდერლანდების სამზარეულო ცნობილია თავისი ყველის წარმოებისა და მისი მრავალფეროვნებით. აქ იწარმოება ყველის ისეთი ავთენტური სახეობები, როგორებიცაა: გაუდა, ედამი, ლეიდენი, ლიდერდამერი და ბიმსტერი. ზელანდიისა და სამხრეთ ჰოლანდიის რეგიონები დიდი რაოდენობით კარაქის წარმოებით გამოირჩევიან.

ამ რეგიონში აღინიშნება სხვა კულტურების დიდი გავლენაც, რის გამოც ამ სამზარეულოში დამკვიდრებულია მაიონეზი, მუსკატი, შოკოლადი, ჯინი, ლუდი და ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ 1828 წლიდან იწარმოება ორიგინალური ნიდერლანდური შოკოლადი, მაიონეზს კი ისინი XVI საუკუნიდან იყენებენ.

დასავლურ სამზარეულოში დიდი პოპულარობით სარგებლობს ზღვის პროდუქტებიც, რომელთაგანაც მრავალ კერძს ამზადებენ. ისინი ძირითადად იყენებენ მოლუსკებს, ქაშაყს, ხამანწკებს, გველთევზებს.

სამხრეთული სამზარეულო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიმბურგული „ფლაი“

სამხრეთ ნიდერლანდური სამზარეულო აერთიანებს ფლამანდიურ, ლიმბურგულ და ბრაბანტულ გასტრონომიებს. იგი მდიდარია სუპებით, ნამცხვრებითა და ბოსტნეულის კერძებით. ვინაიდან ამ კერძების უმეტესობა ბურგუნდიელთა მმართველობის პერიოდში შეიქმნა, ხშირად მას სამხრეთულთან ერთად „ბურგუნდიული სამზარეულოს“ სახელითაც მოიხსენიებენ.

ამ რეგიონებში ძირითადად ცხვრისა და ღორის ხორცს იყენებენ და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო, მას ბევრი საერთო აქვს ბელგიურ სამზარეულოსთან. ხორცის კერძებიდან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ბულიონი და შაშხი.

სამხრეთულ პროვინციებში დიდი პოპულარობით სარგებლობს დესერტები, განსაკუთრებით კი ნამცხვარი „ფლაი“, რომელსაც ძირითადად ლიმბურგსა და ბრაბანტში ამზადებენ. ეს რეგიონი ერთობ მდიდარია ტკბილეულით, რომელთაც ხილით, კრემითა და ნაღებით რთავენ ხოლმე.

ამ რეგიონის ტრადიციული და ყველაზე გავრცელებული ალკოჰოლური სასმელია ლუდი, აქვე არსებობს ლუდის ორი ცნობილი ბრენდიც. ფრანგული სამზარეულოს გავლენით ადგილობრივი ნიდერლანდელები ლუდს ისევე იყენებენ საკვებში, როგორც ფრანგები ღვინოს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kiple, Kenneth F. (2 August 2017). "The Cambridge world history of food. 2". Cambridge University Press. Retrieved 2 August 2017 – via Google Books.
  • Dobelis, Inge N, ed. (1986). Magic and medicine of plants. Pleasantville, NY: Reader's Digest. pp. 370–371. ISBN 0-89577-221-3.
  • Ukers, William H (1922). "The Introduction of Coffee into Holland". All About Coffee. New York: Tea and Coffee Trade Journal. ISBN 0-8103-4092-5. Retrieved February 12, 2010.
  • Wintle, Michael (2006). "Diet and Modernization in the Netherlands During the Nineteenth and Early Twentieth Centuries". In Thomas M. Wilson (ed.). Food, Drink and Identity in Europe. Rodopi. pp. 63–84. ISBN 9789042020863. Retrieved 28 December 2012.
  • Thea Spierings (2008). Dutch Cuisine: Discover the Secrets of the Dutch Kitchen. Miller Books. ISBN 978-9087240868.