შინაარსზე გადასვლა

ნიბელუნგის ბეჭედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ნიბელუნგის ბეჭედი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ნიბელუნგის ბეჭედი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ნიბელუნგის ბეჭედი
რიხარდ ვაგნერის საოპერო ციკლი

„რაინის ოქროს“ პირველი სცენა ბაიროითის ფესტივალის 1876 წლის დადგმიდან
მშობ. სახელი გერმ. Der Ring des Nibelungen
ჟანრი მუსიკალური დრამა, ოპერა
სტილი რომანტიზმი
დაწერილი 1848 - 1874
ენა გერმანული
დაფუძნებული „ნიბელუნგების სიმღერა“
ხანგრძლივობა 13-15 საათი
ნაწილები 4
ინსტრუმენტული შემადგენლობა სოლისტები, გუნდი, სიმფონიური ორკესტრი
პრემიერა
თარიღი
  • ციკლის სახით:
  • 1876 წლის 13 აგვისტო — „რაინის ოქრო“ (ცალკე შესრულდა 1869 წელს)
  • 1876 წლის 14 აგვისტო „ვალკირია“ (ცალკე შესრულდა 1870 წელს)
  • 1876 წლის 16 აგვისტო „ზიგფრიდი“
  • 1876 წლის 17 აგვისტო „ღმერთების დაისი“
ადგილი ბაიროითის ფესტივალი
დირიჟორი ჰანს რიხტერი

„ნიბელუნგის ბეჭედი“ (გერმ. Der Ring des Nibelungen), WWV 86რიხარდ ვაგნერის ოთხნაწილიანი საოპერო ციკლი მისივე ლიბრეტოთი და დეტალური სცენური მითითებებით; კომპოზიტორის opus summum, რომელზეც იგი, სხვადასხვა ინტერვალებით, 26 წლის განმავლობაში, 1848 წლიდან 1874 წლამდე მუშაობდა. მასში შემავალი მუსიკალური დრამები ზედაპირულად არის დაფუძნებული სკანდინავიურ საგაზე „სიმღერა ნიბელუნგებზე“ (გერმ. Nibelungenlied). კომპოზიტორმა ციკლს „Bühnenfestspiel“ („სასცენო საფესტივალო წარმოდგენა“) უწოდა, რომელიც გადანაწილებულია სამ დღეზე და წინა საღამოზე (გერმ. Vorabend). ხშირად მოიხსენიება, როგორც „ბეჭდის ციკლი“, „ვაგნერის ბეჭედი“, ან უბრალოდ, „ბეჭედი“.

ტეტრალოგია შემდეგი ოპერებისგან შედგება:

  • Das Rheingold („რაინის ოქრო“)
  • Die Walküre („ვალკირია“)
  • Siegfried („ზიგფრიდი“)
  • Götterdämmerung („ღმერთების დაისი“)

ინდივიდუალური ნაწარმოებები ზოგჯერ ცალკეც სრულდება. ყველა მათგანი შეიცავს დიალოგებს, რომლებიც წინა ოპერების მოვლენებს შეეხება, ამდენად, შესაძლებელია მთლიან სიუჟეტში გარკვევა სრული ციკლის ნახვის გარეშეც, თუმცა, ვაგნერის განზრახვა მათი ერთმანეთის მიყოლებით შესრულება იყო, რაც პირველად 1876 წელს განხორციელდა ბაიროითის ფესტივალზე. ციკლი 13 აგვისტოს, „რაინის ოქროთი“ დაიწყო და 17 აგვისტოს, „ღმერთების დაისით“ დასრულდა. მთლიანი წარმოდგენა, საშუალოდ, 15 საათი გრძელდება, მოითხოვს 100-ზე მეტი მუსიკოსისგან შემდგარ ორკესტრს (რომელშიც შედის 6 არფა და 4 ტენორის ტუბა, რომელიც ვაგნერმა სპეციალურად დაამზადებინა), 34 სოლისტს და ორ გუნდს. საოპერო რეჟისორის, ენტონი ფროიდის მიხედვით, „ნიბელუნგის ბეჭედი ხელოვნების ამ ფორმის უმაღლეს ნიშნულს წარმოადგენს, ყველაზე მასიურ გამოწვევას ნებისმიერი საოპერო თეატრისათვის“.[1]

შექმნის ისტორია

ვაგნერი 1853 წელს, ციურიხში. ამ დროს დაიწყო „ბეჭედზე“ მუშაობა.

„ბეჭდის“ ევოლუცია გრძელი და მტანჯველი პროცესი იყო, რომელსაც ვაგნერმა მეოთხედ საუკუნეზე მეტი მოანდომა. იმ მოვლენათა ზუსტი თანმიმდევრობა, რომლებმაც კომპოზიტორი ამ კოლოსალური პროექტის იდეამდე მიიყვანა, დღესაც გაურკვეველია. „ბეჭდის“ ტექსტზე მუშაობა მან 1848 წელს დაიწყო და 1853 წელს, მათი კერძო გამოცემით დაასრულა, ხოლო დანარჩენი დრო მუსიკის შექმნას დასჭირდა. ბოლო ოპერის, „ღმერთების დაისის“ ფინალური სცენა 1856-დან 1872 წლამდე არაერთხელ შეიცვალა, ხოლო „ზიგფრიდის“ და „ღმერთების დაისის“ სახელწოდებები 1856 წლამდე გარკვეული არ იყო.

„ბეჭდის“ იდეა

ვაგნერის მემორიალი. Liebethaler Grund, დრეზდენის ახლოს

კომპოზიტორის მონათხრობის მიხედვით, რომელიც მოცემულია მისივე ავტობიოგრაფიულ წიგნში „ჩემი ცხოვრება“ (Mein Leben), 1848 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მას გაუჩნდა პიესის იდეები საღვთო რომის ჰოენშტაუფენი იმპერატორის, ფრიდრიხ ბარბაროსას შესახებ. ამ პიროვნებას ვაგნერი უყურებდა, როგორც „ძველი, წარმართი ზიგფრიდის ხელახალ დაბადებას“.[2] შემდეგ, 1848 წლის ზაფხულში, დაწერა ესე Die Wibelungen: Weltgeschichte aus der Saga (ვიბელუნგები: საგაში მოყოლილი მსოფლიო ისტორია“), სადაც საუბრობს გარკვეულ (როგორც აღმოჩნდა, არარსებულ) ისტორიულ კავშირზე ჰოენშტაუფენებსა და ლეგენდარულ ნიბელუნგებს შორის.[3] ამან მიიყვანა ზიგურდის (ზიგფრიდის) შესახებ ოპერის შექმნის იდეამდე და 1848 წლის ოქტომბრისთვის მთლიანი „ბეჭდის“ კონცეფცია უკვე მზად იყო.[4]

ეს საკმაოდ პირდაპირი მონათხრობი „ბეჭდის“ წარმოშობაზე ბევრი ავტორიტეტული მკვლევარის ეჭვს იწვევს, რომლებიც ვაგნერს ფაქტების დამახინჯებასა და ისტორიის საკუთარ ვერსიაზე მათ მორგებაში ადანაშაულებენ. რეალურად, მისი პირველი გეგმა ფრიდრიხ ბარბაროსას თემაზე ხუთმოქმედებიანი დრამის შესახებ თებერვლის რევოლუციამდე დაახლოებით თექვსმეტი თვით ადრე, 1846 წლის ოქტომბრით თარიღდება. მეტიც, შესაძლებელია, რომ ზიგფრიდის შესახებ ოპერის შექმნის იდეა მას უფრო ადრეც, 1843 წელს მოსვლოდა, როცა იაკობ გრიმის Deutsche Mythologie („გერმანული მითოლოგია“) წაიკითხა, ან 1844 წელს, როცა დრეზდენის სამეფო ბიბლიოთეკიდან ნიბელუნგების შესახებ რამდენიმე ნაშრომი გამოიტანა. რაც შეეხება ესეს (Die Wibelungen), მასზე მუშაობა, ყველაზე ადრე, 1848 წლის დეკემბერში უნდა დაეწყო და დასრულებული უნდა ჰქონოდა 1849 წლის 22 თებერვალს, როცა ის მეგობარს, ედუარდ დევრინტს წაუკითხა.[5][6][7]

ნებისმიერ შემთხვევაში, ზიგფრიდის შესახებ ოპერაზე ვაგნერი დანამდვილებით ფიქრობდა 1848 წლის 1 აპრილს, როცა თავისი გეგმების შესახებ დევრინტს აცნობა.[8] ორი თვის შემდეგ, მსგავსი პროექტი განიხილა კომპოზიტორ რობერტ შუმანთანაც.[9]

ვაგნერი, სავარაუდოდ, წაახალისა არაერთი გერმანელი ინტელექტუალის მოსაზრებამაც, რომ იმდროინდელ ხელოვანებს შთაგონება უნდა ეძებნათ „ნიბელუნგების სიმღერაში“, XII საუკუნის საშუალო ზემოგერმანულენოვან ეპოსში, რომელსაც, 1755 წელს ხელახლა აღმოჩენიდან მოყოლებული, გერმანელი რომანტიკოსები ერთხმად ადიდებდნენ, როგორც „ეროვნულ ეპოსს“. 1844-1846 წლებში ფრიდრიხ თეოდორ ფიშერი, ლუის ოტო-პიტერსი და ფრანც ბრენდელი გერმანელ კომპოზიტორებს მოუწოდებდნენ, Nibelungenlied-ზე დაყრდნობით „ეროვნული“ ოპერა შეექმნათ. ფიშერის წარმოდგენით, ოპერის მოვლენები ზიგფრიდის გუნთერის კარზე მისვლიდან მის სიკვდილამდე ორი საღამოს მანძილზე უნდა წარმოდგენილიყო, რისგანაც, შესაძლოა მომდინარეობდეს ვაგნერის მსგავსი იდეა „ბეჭდის“ რამდენიმედღიანი წარმოდგენის შესახებ.[10]

ტექსტი

ვაგნერის ლიბრეტოები, რომელთაც ყოველთვის თავად წერდა, მზადყოფნამდე რამდენიმე ეტაპს გადიოდა ხოლმე. თავდაპირველად, კეთდებოდა პროზაული მონახაზი (Prosaskizze), რომელშიც მოქმედების მოკლე დრამატურგიული სიუჟეტი იყო მოცემული. შემდეგი ეტაპი იყო პროზაული ესკიზი (Prosaentwurf), რომელშიც მოქმედებები და სიუჟეტი დეტალურად იყო გავრცობილი. შემდეგ კეთდებოდა პოეტური ესკიზი (Erstschrift des Textbuches), ლიბრეტოს სამუშაო ვერსია ლექსის სახით, რომლისთვისაც ვაგნერი ძველგერმანულ ალიტერაციულ სალექსო ფორმას, შტაბრაიმს (Stabreim) იყენებდა. როგორც წესი, ამ ეტაპზე ხდებოდა შინაარსსა და სიუჟეტში საბოლოო ცვლილებების შეტანა და ზოგჯერ, ემატებოდა ისეთი ელემენტებიც, რომლებიც პროზაულ ვარიანტებში არ იყო. საბოლოოდ, კეთდებოდა ლიბრეტოს თეთრი პირი (Reinschrift des Textbuches), სუფთად გადაწერილი საბოლოო ლიბრეტო ლექსის სახით, რომელსაც ვაგნერი „პოემას“ (Dichtung) უწოდებდა ხოლმე. რა თქმა უნდა, პროცესი ამით არ სრულდებოდა და ავტორი საბოლოო ვერსიაშიც აკეთებდა შესწორებებს, ზოგჯერ კი მის რამდენიმე ვერსიასაც ამზადებდა ხოლმე.[11][12]

ზიგფრიდის შესახებ განზრახული ოპერის მომზადების პროცესში ვაგნერმა შეადგინა რელევანტური გერმანული და სკანდინავიური მითების წინასწარი კვლევა, სახელწოდებით, Die Nibelungensage (Mythus) („ნიბელუნგების საგა (მითი)“). ეს გრძელი პროზაული სცენარი, რომელიც 1848 წლის 4 ოქტომბერს დაასრულა, მოიცავს „ბეჭდის“ მთლიანი ციკლის მონახაზს, თუმცა არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ვაგნერი ამ დროს სხვა ოპერების შექმნასაც განიხილავდა, გარდა ერთისა – ზიგფრიდის სიკვდილის შესახებ. გადათეთრების შემდეგ, 1848 წლის 8 ოქტომბერს, ამ ტექსტს სახელი გადაერქვა და ეწოდა Die Sage von den Nibelungen („ნიბელუნგების საგა“). ვაგნერის ტექსტური ნამუშევრების სრულ გამოცემაში (Gesammelte Schriften und Dichtungen) მას ეწოდება Der Nibelungen-Mythus: als Entwurf zu einem Drama („ნიბელუნგების მითი: როგორც დრამის ესკიზი“).

„ნიბელუნგების სიმღერის“ პირველი გვერდი

ამ პროზაული სცენარის მზადების პროცესში ვაგნერი დაეყრდნო არაერთ ნამუშევარს გერმანული და სკანდინავიური მითოლოგიის შესახებ, როგორც პირველწყაროებს (როგორც წესი, თანამედროვე გერმანულ თარგმანებს, თუმცა, ძველსკანდინავიური და საშუალო ზემოგერმანული ენების გარკვეული ცოდნა თავადაც გააჩნდა), ისე კომენტარებსაც. პირველთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო Völsunga Saga, „პოეტური ედა“, „პროზაული ედა“, „სიმღერა ნიბელუნგებზე“ (Nibelungenlied) და „თიდრეკსის საგა“ (Thidriks saga af Bern), ხოლო გვიანდელ ნაწარმოებებს შორის – იაკობ გრიმის „გერმანული მითოლოგია“ და ვილჰელმ გრიმის „გერმანული საგმირო საგა“. ამათ გარდა, ვაგნერმა გარკვეული დეტალები აიღო სულ მცირე ოცდაორი სხვა წყაროდანაც, რომელთა შორისაც იყო ფილოსფიური ტექსტებიც, რაც „ბეჭდის“ სიმბოლიზმში აისახა. ვაგნერი ხშირად ეწინააღმდეგება თავისივე წყაროებს, სრულიად განსხვავებულ ამბებს ერთ ნარატივში აქცევს, ქმნის ახალ პერსონაჟებს რამდენიმე არსებული პერსონაჟის შერწყმით და ა.შ. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ვაგნერის ფინალური სცენარი ისეთივე უნიკალურ ქმნილებას წარმოადგენს, როგორც მისი წყაროები, მაგალითად, „ნიბელუნგების სიმღერა“.

„ზიგფრიდის სიკვდილი“

რამდენადაც Die Sage von den Nibelungen უკვე შეიცავდა სიუჟეტის დეტალებს, ვაგნერი პირდაპირ პროზაული ესკიზის გაკეთებაზე გადავიდა ოპერისთვის სახელწოდებით Siegfried’s Tod („ზიგფრიდის სიკვდილი“). მიმოწერებში და ავტობიოგრაფიაში (Mein Leben) ამ ოპერას ვაგნერი, შემოკლებით, ხშირად „ზიგფრიდს“ უწოდებს, რაც იგივე სახელწოდების გვიანდელ ოპერასთან მის აღრევას იწვევს ხოლმე. 1848 წლის 28 ოქტომბერს ვაგნერმა „ზიგფრიდის სიკვდილის“ პროზაული ესკიზი დევრინტს წაუკითხა, რომელმაც სიუჟეტის ბუნდოვანებასთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა, რის შემდეგაც ვაგნერმა ორი სცენისგან შემდგარი პროლოგი შეადგინა, რამაც ზოგიერთ საკითხს ნათელი მოჰფინა.[4]

ყველაზე ადრეული წყარო, სადაც ვაგნერი Nibelungenlied-ზე დაფუძნებული სამი ოპერის სპეციალურ საფესტივალო დარბაზში შესრულებაზე საუბრობს, არის მისი ავტობიოგრაფიული ნაშრომი Eine Mittheilung an meine Freunde („გასაუბრება ჩემს მეგობრებთან“), რომელიც 1851 წლის აგვისტოში დაწერა.[შ 1]

თავისი ტექსტით, პროლოგით და სტრუქტურით „ზიგფრიდის სიკვდილი“ აღმოჩნდა მონახაზი ტეტრალოგიის ბოლო ოპერისა „ღმერთების დაისი“ (Götterdämmerung). მისი ლიბრეტოს დასრულების შემდეგ ვაგნერმა, სხვადასხვა მიზეზის გამო, პროექტი გვერდზე გადადო და სხვა საქმეებს მიჰყო ხელი. 1848 წლის დეკემბრიდან 1850 წლის მარტამდე მან რამდენიმე ცნობილი ესე დაწერა, ზოგიერთი მათგანი – საკმაოდ მასშტაბური. აგრეთვე, დიდი დრო დაუთმო რამდენიმე სხვა ოპერის სცენარზე მუშაობას, რომლებიც ისეთ ისტორიულ და მითოლოგიურ ფიგურებს შეეხებოდა, როგორიცაა იესო ქრისტე, აქილევსი, ფრიდრიხ ბარბაროსა და ვილანდ მჭედელი. არცერთ ამ ოპერას დღის სინათლე არ უხილავს, თუმცა შემორჩენილია გარკვეული ესკიზები ოპერისთვს „იესო ნაზარეველი“ (Jesus von Nazareth).[13]

ამ პერიოდში ვაგნერი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში და 1849 წლის დრეზდენის მაისის აჯანყებაშიც მონაწილეობდა, რომლის ჩახშობის შემდეგაც მასზე დაკავების ორდერი გასცეს. ის გერმანიიდან შვეიცარიაში გაიქცა და ციურიხში დასახლდა.[14]

ტრილოგია

მითურ ურჩხულ ფაფნირთან მებრძოლი ზიგფრიდის ქანდაკება ბრემენში

თანდათან, ვაგნერს გაუჩნდა იდეა საოპერო ტრილოგიაზე, რომელიც „ზიგფრიდის სიკვდილით“ დასრულდებოდა. იდეა არცთუ ახალი იყო. 1847 წელს მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ესქილეს ბერძნული ტრილოგიის, „ორესტიას“, იოჰან გუსტავ დროიზენისეულმა გერმანულმა თარგმანმა. 1849 წელს, დრეზდენიდან გაქცევის შემდეგ, წაიკითხა დროიზენის მიერ აღდგენილი იგივე დრამატურგის ტრილოგია „პრომეთეა“, რომელიც შეიცავს ცნობილ ტრაგედიას „მიჯაჭვული პრომეთე“ (ამ უკანასკნელის ესქილესადმი კუთვნილება დღეს ეჭვის ქვეშ დგას, თუმცა, ვაგნერის დროს ასე მიაჩნდათ). სამართლიანი იქნებოდა, განხორციელებულიყო გერმანული ტრაგედიებისგან შემდგრი მსგავსი ტრილოგია ამისთვის „სპეციალურად განკუთვნილ ფესტივალზე“.[15]

1850-51 წლის ზამთარში დაებადა იდეა, დაეწერა კომიკური ოპერა ცნობილ ხალხურ ზღაპარზე Vor einem, der auszug, das Fürchten zu lernen („ბიჭზე, რომელმაც გადაწყვიტა შიში ესწავლა“), რომელსაც „გრიმის ზღაპრებში“ წააწყდა. მოგვიანებით, მეგობარს, მევიოლინე თეოდორ ულიგს სწერდა, რომ ამ ახალგაზრდაში სწორედ თავის ზიგფრიდს ხედავდა. 1851 წლის მაისში მოამზადა რამდენიმე ფრაგმენტული ესკიზი „ზიგფრიდის სიკვდილის“ კომიკური წინაისტორიისთვის, რომელსაც ჯერ Jung-Siegfried, ხოლო შემდეგ Der junge Siegfried („ახალგაზრდა ზიგფრიდი“) უწოდა.[შ 2] აგვისტოსთვის ტექსტის თეთრი პირი მზად იყო და ვაგნერმა მუსიკის წერაც დაიწყო. ეს ოპერა არ დასრულებულა, თუმცა მისი ელემენტები მოგვიანებით, „ზიგფრიდის“ წერისას იქნა გამოყენებული.[17]

„ახალგაზრდა ზიგფრიდი“ და „ზიგფრიდის სიკვდილი“ ვაგნერს ამ დროისათვის უკვე ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი, როგორც ტრილოგიის მეორე და მესამე ოპერები, თუმცა, ოქტომბერში გადაწყვიტა, რომ ამ ტრილოგიას პრელუდია სჭირდებოდა, რაც კვლავ ესქილეს და ანტიკური ტრაგედიების გავლენით შეიძლება აიხსნას. იგივე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს იმასაც, რომ ვაგნერი ციკლს ყოველთვის „ტრილოგიას“ უწოდებდა და არა „ტეტრალოგიას“.

1851 წლის ოქტომბერში მოამზადა მოკლე პროზაული მონახაზი ოპერისთვის, რომელიც ტრილოგიის წინ უნდა შესრულებულიყო. სახელწოდებების თავდაპირველ ვარიანტებს შორის იყო Der Raub: Vorspiel („ქურდობა: პრელუდია“), Der Raub des Rheingoldes („რაინის ოქროს ქურდობა“) და Das Rheingold (Vorspiel) („რაინის ოქრო (პრელუდია)“). მომდევნო თვეში მზად იყო მთავარი ტრილოგიის პირველი ოპერის მონახაზიც, სახელწოდებით Siegmund und Sieglinde: der Walküre Bestrafung („ზიგმუნდი და ზიგლინდე: ვალკირიას სასჯელი“). 1852 წლის მარტსა და ნოემბერს შორის ამ მოკლე მონახაზებმა ჩვეული ეტაპები გაიარა, პროზაული მონახაზებიდან სრულ პროზაულ ესკიზებამდე და შემდგომ, პოეტურ ესკიზებამდე. ამ დროს მათ უკვე ჰქონდათ სახელწოდებები „რაინის ოქრო“ და „ვალკირია“.[შ 3][18][19]

„ნიბელუნგის ბეჭედი“

მთავარი ციკლისთვის სახელწოდებაზე Der Ring des Nibelungen („ნიბელუნგის ბეჭედი“) ვაგნერი 1852 წელს შეჩერდა. ამავე წლის ნოემბერსა და დეკემბერში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა „ახალგაზრდა ზიგფრიდის“ და „ზიგფრიდის სიკვდილის“ ლიბრეტოებში. მათში აისახა ციკლის გაფართოება და ვოტანის (ოდინის) პერსონაჟის გაზრდილი მნიშვნელობა, აგრეთვე, ვაგნერზე ლუდვიგ ფოიერბახის ფილოსოფიის გავლენა.

„რაინის ოქროს“ და „ვალკირიას“ თეთრი პირები, ასევე, „ზიგფრიდის სიკვდილის“ თეთრი პირის მეოთხე ვერსია 1852 წლის 15 დეკემბრისთვის მზად იყო და ისინი 1853 წლის თებერვალში გამოიცა. დაიბეჭდა ორმოცდაათამდე ეგზემპლარი. 1853 წლის 16-19 თებერვალს კომპოზიტორმა ისინი საჯაროდ წაიკითხა ციურიხის სასტუმროში Baur au Lac. თუმცა, საბოლოო ვერსიას არც ეს ტექსტი წარმოადგენდა, რამდენადაც კომპოზიტორი ხშირად ცვლიდა ლიბრეტოებს მუსიკის წერის დროს.

დაახლოებით 1856 წელს დაერქვა საბოლოო სახელი ციკლის მესამე და მეოთხე ოპერებს, შესაბამისად, Siegfried („ზიგფრიდი“) და Götterdämmerung („ღმერთების დაისი“).[20] 1863 წელს „ბეჭდის“ ოთხივე ოპერის ტექსტი ამჟამინდელი სათაურებით გამოქვეყნდა.[შ 4]

მუსიკა

მუსიკაზე მუშაობას ვაგნერი გარკვეული წინასწარი კვლევების შემდეგ, 1853 წლის სექტემბერში შეუდგა.[21] ლიბრეტოებისგან განსხვავებით, მუსიკის წერა მან სწორი თანმიმდევრობით დაიწყო – „რაინის ოქრო“ 1854 წლის სექტემბერში, ხოლო „ვალკირია“ 1856 წლის მარტში დასრულებული იყო.[22]

როგორც ჩანს, „ზიგფრიდის სიკვდილისგან“ განსხვავებით, მუსიკის წერა ამჯერად საკმაოდ სწრაფად და სირთულეების გარეშე მიმდინარეობდა. ამ დროს შეიქმნა ლაიტმოტივების უმეტესობა და ჩამოყალიბდა მათი განვითარების ხერხები, რამაც კულმინაციას „ღმერთების დაისში“ მიაღწია.[23]

1856 წლის სექტემბერში, „ზიგფრიდის“ მუსიკის წერისას, ვაგნერი პირველ სიძნელეებს წააწყდა.[23] 1857 წლის 18 ივნისს, პარტიტურაზე გააკეთა ჩანაწერი „ტრისტანი უკვე გადაწყვეტილია“. ამ დროს „ზიგფრიდის“ მეორე მოქმედება დასრულებული არ იყო.[24]

პროექტის შეჩერება

კომპოზიციის პროცესი 1857 წლის 9 აგვისტოს შეწყდა. ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორით შეიძლება აიხსნას. გადაღლილობას, რომელიც პროექტზე თითქმის ათწლიანი მუშაობის შედეგი იყო, შემოქმედებითი და ფინანსური სირთულეებიც დაემატა, განსაკუთრებით რთული კი ზიგფრიდის და ბრუნჰილდეს სასიყვარულო დუეტის დაწერა აღმოჩნდა. ასევე, დიდ გამოწვევას წარმოადგენდა „ღმერთების დაისიც“.[24]

ვაგნერმა გადაწყვიტა სხვა პროექტებისთვის მიეხედა, რომლებზეც უფრო მიუწევდა გული. პირველი იყო „ტრისტან და იზოლდა“, რომლის პრემიერაც 1865 წელს შედგა, მეორე კი „ნიურნბერგელი მაისტერზინგერები“, რომელიც 1868 წელს შესრულდა. ორივე მათგანს დაუყოვნებელი და უდიდესი წარმატება მოჰყვა, რამაც ხელი შეუწყო ვაგნერს, უკეთ მომზადებულიყო გერმანული თეატრის რევოლუციისთვის. 1864 წელს გაიცნო ბავარიის ახალგაზრდა მეფე ლუდვიგ II, რომელიც კომპოზიტორის მხურვალე თაყვანისმცემელი გახდა. მისი ვალების გადახდასთან ერთად, მეფე მხარში ამოუდგა „ბეჭდის“ პროექტს და გადადგა ნაბიჯები მიუნხენში მისთვის განკუთვნილი თეატრის ასაშენებლად.[25]

არასწორი იქნება, დავასკვნათ, რომ ამ 12 წლის განმავლობაში პროექტთან დაკავშირებით არაფერი გაკეთებულა. მიუხედავად იმისა, რომ პარტიტურას არაფერი შემატებია, კომპოზიტორი ამ პერიოდს აქტიურად იყენებდა კვლევისა და ესკიზების გაკეთებისთვის. 1864 წელს მან თანდათან დაიწყო შემობრუნება პროექტისკენ. 26 სექტემბრით დათარიღებულ წერილში მეფეს სწერს:

გადავწყვიტე, შევწყვიტო სხვა ყოველგვარი სამუშაო, რაც უნდა მომგებიანი იყოს ის თავისი სიიოლის გამო, რათა მთელი ძალებით, დაუყოვნებლივ შევუტიო ჩემს დიდ ნაწარმოებს ნიბელუნგების შესახებ.[26]

კომპოზიციის განახლება და დასრულება

A building stands beyond a part-ploughed field and a row of trees. It has five sections. Farthest away, the tallest part with a v-shaped roof contains the stage. Adjoining it is the auditorium section built of patterned brick. Nearest is the royal entrance, made of stone and brick with arched windows and a portico. Two wings adjoin the auditorium.
ბაიროითის საფესტივალო სახლი. დაახლოებით 1895 წელს გადაღებული სურათის ფოტოქრომია

ექსკლუზიურად „ბეჭედზე“ გადართვა ვაგნერმა მხოლოდ 1868 წლის ივნისში, „მაისტერზინგერების“ დასრულების შემდეგ შეძლო. პირველ რიგში, გადააკეთა და შეამსუბუქა „ზიგფრიდის“ პირველი მოქმედების გაორკესტრება. 23 თებერვალს დაასრულა I და II მოქმედება, ხოლო 1 მარტს დაიწყო და წლის ბოლოსთვის დაასრულა მესამე. 2 ოქტომბერს მეორედ სცადა ნორნების სცენის დაწერა, ამჯერად, წარმატებით. 1870 წლის იანვრით თარიღდება „ღმერთების დაისის“ პირველი ესკიზები.[27]

ლუდვიგ II, უკვე ვაგნერის მთავარი მფარველი, ციკლის დასრულებას არ დაელოდა და 1864 წელს „რაინის ოქროს“ და „ვალკირიას“ დადგმა ბრძანა. ვაგნერი წინააღმდეგი იყო, თუმცა მეფის კაპრიზის წინააღმდეგ ვერას გახდა, რადგანაც ლუდვიგი ოფიციალური მფლობელი იყო პარტიტურებისა, რომლებიც თავად კომპოზიტორმა აჩუქა,[26] თუმცა, მომავალში მსგავსი გადაწყვეტილების განმეორების შიშით, მომდევნო ორი ოპერის პროგრესი მეფეს დაუმალა. შედეგად, პირველი ორი ოპერა ციკლისგან განცალკევებით დაიდგა მიუნხენის ოპერაში. 1869 წლის 22 სექტემბერს[28] შესრულდა „რაინის ოქრო“, რომლის რეჟისორი იყო რაინჰარდ ჰალვაქსი. ვაგნერის რეაქცია უკმაყოფილო და სარკასტული იყო. განსაკუთრებით არ მოსწონდა ფრანც ვიულნერის დირიჟორობა, რომელმაც, მეფის დაჟინებით, ავტორის რჩეული, ჰანს რიხტერი ჩაანაცვლა. 1870 წლის 26 ივნისს[28] შესრულდა „ვალკირია“, რეჟისორი იყო პიქსისი, ხოლო დირიჟორი – ჰალვაქსი. ორივე მათგანმა ვაგნერის რისხვა დაიმსახურა.

ამავე დროს, კომპოზიტორი აგრძელებდა ტეტრალოგიის დასადგმელად შესაფერისი ადგილის ძებნას. 1871 წელს, ჰანს რიხტერის რჩევით, ეწვია მარკგრაფის ოპერის თეატრს ბაიროითში,[29] სადაც გაუჩნდა იდეა, აეშენებინა ახალი საფესტივალო თეატრი (Festspielhaus) იმავე ქალაქში მდებარე გორაკზე. ქალაქის მუნიციპალიტეტი ამ იდეას აღფრთოვანებით შეხვდა და თანხმობაც სწრაფად განაცხადა.[30] ლუდვიგ II-ს და მარი ფონ შლაინიცის პატრონაჟმა საშუალება მისცა ვაგნერს, თავადვე ჩაედო საძირკვლის ქვა 1872 წლის 22 მაისს[29] შენობისთვის, რომელიც ბაიროითის საფესტივალო სასახლე უნდა გამხდარიყო. გოტფრიდ ზემპერის პროექტი, ფინანსური მოსაზრებით, იაფ მასალას ითვალისწინებდა. ვაგნერი გეგმავდა, წარმატების შემდეგ თეატრი ხელახლა, უკეთესი მასალით აეშენებინა, თუმცა ეს არასდროს მომხდარა.

„ღმერთების დაისის“ წერა ვაგნერმა 1874 წლის 21 ნოემბერს დაასრულა და პარტიტურაზე მინაწერი გააკეთა:

დასრულდა ვანფილდში. სათქმელი აღარაფერი მაქვს.[30]

როლები

სოლო პარტიები სცენაზე მათი გამოჩენის თანმიმდევრობით:

  როლი ხმა აღწერა რაინის ოქრო ვალკირია ზიგფრიდი ღმერთების დაისი
01 ვოგლინდე სოპრანო რაინის ოქროს მცველები
02 ველგუნდე მეცო-სოპრანო
03 ფლოსჰილდე ალტი
04 ალბერიხი ბარიტონი სათაურში მოხსენიებული ნიბელუნგი, რაინის ოქროს ქურდი. ფლობს ბეჭედს და ჯადოსნურ ჩაფხუტს – ტარნჰელმს, რომელთა საშუალებითაც მართავს ნიბელუნგების სამეფოს. „პროლეტარი“ და ვოტანის მოწინააღმდეგე. გაურკვეველი რჩება, გადარჩება თუ არა ტეტრალოგიის ბოლოს.
05 ვოტანი ბანი ან ბას-ბარიტონი ღმერთი, ძალაუფლების მფლობელი და სამყაროს მმართველი. შექმნა კანონები, რომელიც მის შუბზეა ამოტვიფრული. თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად ააშენებინა ღმერთების სასახლე – ვალჰალა. ასევე გვხვდება ველსის და მოხეტიალის სახითაც. მისი პოლიტიკა, რომელიც თავისივე კანონების საწინააღმდეგოა, ღმერთების და სამყაროს არსებული წესრიგის რღვევას გამოიწვევს.
06 ფრიკა მეცო-სოპრანო ვოტანის ცოლი. მორალის და ქორწინების მცველი, ღმერთების – ფრეიას, დონერის და ფროს და.
07 ფრეია სოპრანო მარადიული ახალგაზრდობის ქალღმერთი. პატრონობს ვაშლის ხეს, რომლის ნაყოფიც ღმერთებს დაბერებისგან იცავს.
08 დონერი ბარიტონი ძალადობის და ბრძოლის ღმერთი, მისი განუყოფელი ატრიბუტი არის ურო.
09 ფრო ტენორი წვიმისა და მზის ღმერთი.
10 ლოგე ტენორი ღმერთების მიერ მოთვინიერებული ცეცხლი. ამჟამად – ცეცხლის ნახევარღმერთი. სარგებლობს ვოტანის ნდობით, რომელიც მოხერხებულობის გამო აფასებს.[31]
11 ფაზოლტი ბანი გიგანტი ძმები, რომლებმაც ღმერთებს ვალჰალა აუშენეს. ფაფნერმა ფაზოლტი ბეჭდის გამო მოკლა, შემდეგ კი დრაკონად გადაიქცა და ნიბელუნგების განძს დარაჯობს.
12 ფაფნერი ბანი
13 მიმე ტენორი ბრძენი მჭედელი, ალბერიხის ძმა, რომელმაც ტარნჰელმი გამოჭედა.
14 ერდა ალტი დედამიწის ქალღმერთი. ნორნების, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალების დედა, წინასწარმეტყველი. მოგვიანებით, ვოტანისგან დაორსულდება და შობს ვალკირია ბრუნჰილდეს.
15 ზიგმუნდი ტენორი ვოტანის მოკვდავი ვაჟი, ველსუნგების (ტყის ხალხის) მოდგმიდან. დაეუფლება ხმალ ნოტუნგს.
16 ზიგლინდე სოპრანო ზიგმუნდის დაკარგული ტყუპისცალი და, რომელიც მისი საყვარელი გახდება.
17 ჰუნდინგი ბანი ზიგმუნდის მტერი და ზიგლინდეს ქმარი.
18 ბრუნჰილდე სოპრანო ერდას და ვოტანის ქალიშვილი. ვოტანის საყვარელი შვილი და ფავორიტი ვალკირია.
19 გერჰილდე სოპრანო რვა ვალკირია, ბრუნჰილდეს დები. დაცემული გმირები ვალჰალაში მიჰყავთ.
20 ორტლინდე სოპრანო
21 ვალტრაუტე მეცო-სოპრანო
22 შვერტლაიტე ალტი
23 ჰელმვიგე სოპრანო
24 ზიგრუნე მეცო-სოპრანო
25 გრიმგერდე ალტი
26 როსვაისე მეცო-სოპრანო
27 ზიგფრიდი ტენორი ტყუპი და-ძმის – ზიგმუნდის და ზიგლინდეს ვაჟი, ვოტანის შვილიშვილი. ხელახლა გამოჭედავს ნოტუნგს, მოკლავს ფაფნერს, დაეუფლება ნიბელუნგების განძს, იპოვის ბრუნჰილდეს და მას ცოლად შეირთავს.
28 ტყის ფრინველი სოპრანო ახალგაზრდა ზიგფრიდს ბრუნჰილდესკენ მიმავალ გზას ასწავლის.
29 ნორნები სოპრანო სამი ბრძენი ქალი, რომელიც მსოფლიოს ბედს ქსოვს. ერდას ქალიშვილები.
30 მეცო-სოპრანო
31 ალტი
32 გუნთერი ბარიტონი რაინის გიბიხუნგების წინამძღოლი.
33 გუტრუნე სოპრანო გუნთერის და, რომელსაც ზიგფრიდი უყვარდება.
34 ჰაგენი ბარიტონი ალბერიხის შვილი, გუნთერის ნახევარძმა.

შინაარსი

„რაინის ოქრო“

Dessin d'une femme avec la poitrine dénudée, habillée d'un voile
ფრეია, სიყვარულის სიმბოლო. არტურ რაკმანი, 1910.
ალბერიხი იპარავს რაინის ოქროს რაინის ქალწულების თვალწინ.
მიმე გადაარჩენს ტყეში მყოფ ზიგლინდეს.
ზიგფრიდი პოულობს მძინარე ბრუნჰილდეს; აღმოაჩენს ქალს და შიშს.

ეს „პროლოგი“ (გერმ. Vorspiel), რომელიც უწყვეტად შესრულებული ოთხი სცენისგან შედგება, გვიყვება დრამის წინაისტორიას. რაინის ფსკერზე ძევს ოქრო, რომელსაც სამი ქალწული იცავს. ნიბელუნგი ალბერიხი მათ შეცდენას ცდილობს, თუმცა მათგან მხოლოდ დაცინვას იღებს. იმედგაცრუებული ალბერიხი წყევლის სიყვარულს და იპარავს რაინის ოქროს, რათა მისგან გამოჭედოს ბეჭედი, რომელიც მფლობელს განუსაზღვრელ ძალაუფლებას მიანიჭებს. ამ ბეჭედს და ალბერიხის სხვა სიმდიდრეს, ლოგეს რჩევით, იპარავს ვოტანი, რათა გიგანტებს, ფაზოლტს და ფაფნერს, ვალჰალას აშენების საფასური გადაუხადოს. ბრაზით და მწუხარებით გაგიჟებული ალბერიხი წყევლის ბეჭედს, რომელიც, ამიერიდან, მის მფლობელს მხოლოდ მარცხს და მწუხარებას მოუტანს. ვოტანს სურს ბეჭედი თავისთვის დაიტოვოს, მაგრამ ერდა ურჩევს, ის და მასთან დაკავშირებული უბედურება თავიდან მოიშოროს. წყევლას შედეგი აქვს: ვოტანი საგანძურს გიგანტებს აძლევს, თუმცა მისი განაწილების დროს ფაფნერი ბეჭდის გამო კლავს ძმას, ფაზოლტს. ვოტანი შეშინებულია, მაგრამ მაინც სჯერა, რომ შემდგომ მოვლენებზე გავლენის მოხდენას შეძლებს და ღმერთებს ვალჰალაში ეპატიჟება, ხოლო რაინის ქალწულები დაკარგულ ოქროს მისტირიან.[32]

„ვალკირია“

მთავარი ტრილოგიის პირველი ოპერა მოგვითხრობს ზიგმუნდის და ზიგლინდეს, ტყუპი და-ძმის, ვოტანის შვილების, სასიყვარულო ურთიერთობაზე; ასევე, ვოტანის ფუჭ მცდელობებზე, ბეჭდის წყევლისგან თავი დაიცვას. ფრიკა, ქორწინების მფარველი ქალღმერთი, შეურაცხყოფილია მისი ქმრის შვილების ინცესტური ურთიერთობით, იმდენად, რომ აიძულებს ვოტანს, ზიგმუნდის და ჰუნდინგის – ზიგლინდეს კანონიერი ქმრის ბრძოლაში შვილი მიატოვოს და მხარი ამ უკანასკნელს დაუჭიროს. ვოტანი ამ დავალებას თავის ქალიშვილს, ვალკირია ბრუნჰილდეს მიანდობს; თუმცა, ბრუნჰილდე, რომელიც ტყუპების ძლიერი სიყვარულით მოხიბლულია და თანაც, სწამს, რომ სინამდვილეში ვოტანს არ შეიძლება საკუთარი ვაჟის სიკვდილი უნდოდეს, მას არ ემორჩილება და ზიგმუნდს იცავს. ვოტანი, იძულებულია, ბრძოლის ბედის გადასაწყვეტად ისევ თავად ჩაერიოს და თავისი შუბით ამსხვრევს ზიგმუნდის ხმალს – ნოტუნგს, შემდეგ კი ქალიშვილის დასჯას გადაწყვეტს. ბრუნჰილდეს მიუსჯიან, იძინოს კლდეზე, გარშემორტყმულმა ლოგეს მიერ ანთებული მარადიული ცეცხლის რკალით, რომლის გადალახვას, ქალწულის გაღვიძებას და მისი ხელის მოპოვებას მხოლოდ ის შეძლებს, ვინც შიშს არ იცნობს.[33][34]

„ზიგფრიდი“

მეორე ოპერა ეხება ზიგფრიდს – ზიგმუნდის და ზიგლინდეს ვაჟს, ასევე, ვოტანის (მოხეტიალის ალტერ-ეგოთი) და ალბერიხის ბრძოლას ბეჭდის გამო. ალბერიხის ძმამ, ჯუჯამ, სახელად მიმე, აღზარდა ზიგფრიდი, რათა მისი ხელით მოკლას დრაკონად ქცეული გიგანტი ფაფნერი და მოიპოვოს ბეჭედი და განძი, რომელსაც ის დარაჯობს. მოზარდმა ზიგფრიდმა არ იცის, რა არის შიში, ამიტომ მიმე გზავნის მას ფაფნერთან, რომლისგანაც „შიში უნდა ისწავლოს“. თავისი მამის ხმლით – ნოტუნგით, რომელიც თავადვე ხელახლა გამოჭედა, გმირი კლავს ფაფნერს და მის განძსა და ბეჭედს ისე დაეუფლება, რომ მათი მნიშვნელობა არ იცის და არც შიში განუცდია. იგი თავიდან იშორებს მიმეს, რომელიც მის მოწამლვას ცდილობს, შემდეგ კი, ტყის ფრინველის მიერ ნასწავლები გზით მიდის „მძინარე ქალწულის“ საძებნელად, რომელიც სხვა არავინაა, თუ არა ბრუნჰილდე. მისკენ მიმავალ გზას გადაუღობავს მოხეტიალე მოხუცი (ვოტანი), რომელიც ვერ ეგუება, რომ შვილიშვილი მასზე ძლიერია. ზიგფრიდი ნოტუნგით ამსხვრევს ღმერთის შუბს – მისი ძალაუფლების სიმბოლოს. ვოტანი განადგურებულია, რადგან მისი კანონები თავისუფალმა მოკვდავმა დაამსხვრია. ზიგფრიდი პოულობს ბრუნჰილდეს, რა დროსაც პირველად განიცდის შიშს. იგი აღვიძებს ქალს და მოგვიანებით, მისი ქმარი ხდება.[35]

„ღმერთების დაისი“

ციკლის ბოლო ოპერა მიმოიხილავს დრამას, რომელიც ზიგფრიდის და ბრუნჰილდეს გარშემო, გიბიხუნგების სამეფოში ვითარდება. ალბერიხის ვაჟის, ჰაგენის წყალობით, რომელსაც ბეჭდის მოპოვება განუზრახავს, ზიგფრიდს მეხსიერება აქვს დაკარგული. ის მეფე გუნთერის დაზე, გუტრუნეზეა შეყვარებული. მწუხარებით გაგიჟებული ბრუნჰილდე საჯაროდ სდებს ბრალს ზიგფრიდს ღალატში. პასუხად, ზიგფრიდი თავს იცავს და იფიცებს, რომ ტყუილის შემთხვევაში მზადაა, ჰაგენის შუბით მოკვდეს. ნადირობის დროს ჰაგენი მას მეხსიერებას უბრუნებს. შედეგად, გმირი აღიარებს, რომ ბრუნჰილდეს იცნობდა და უყვარდა, შესაბამისად, მისი ფიცი ცრუა. დადებული ფიცის თანახმად, ჰაგენი მას კლავს. ბრუნჰილდე, რომელმაც რაინის ქალწულებს მოუსმინა, ყველაფერში ერკვევა. იგი იაზრებს თავის შეცდომას, ბეჭდის ნამდვილ მნიშვნელობას და ვოტანის საიდუმლო გულისწადილს: მას, სინამდვილეში, სურს, ღმერთების დაისი დადგეს. ბრუნჰილდე ზიგფრიდის სხეულს კოცონზე ათავსებს და თავადაც უერთდება სიკვდილში ქმარს, რითიც ბეჭედს წყევლისგან განწმენდს. რაინი ადიდდება და ცეცხლს ჩააქრობს. ჰაგენს, რომელიც ბეჭდის ხელში ჩაგდებას ცდილობს, რაინის ქალწულები მდინარის სიღრმეში ჩაითრევენ და დაახრჩობენ. ცეცხლი ცას სწვდება. რაინის ქალწულები ბეჭდის უკან დაბრუნებას ზეიმით უმღერიან, ამ დროს კი ვალჰალა იწვის. ღმერთები იღუპებიან, დედამიწაზე კი ახალი სამყარო იბადება.[36]

მუსიკა

ინსტრუმენტული შემადგენლობა

ორკესტრი, რომელიც ვაგნერმა „ბეჭდისთვის“ განსაზღვრა, იმ დროისთვის უჩვეულოდ დიდი იყო. ორკესტრები ხშირად ასრულებენ მას უფრო მცირე ინსტრუმენტული შემადგენლობით, რისი მიზეზიც თეატრის საორკესტრო ორმოს არასაკმარისი ზომა, ფინანსური პრობლემები, ან დირიჟორის გადაწყვეტილებაა. ჰერბერტ ფონ კარაიანის სტუდიური ჩანაწერი განსაკუთრებით კარგი ნიმუშია იმ არტისტული მოსაზრებებისა, რომელიც ვაგნერის ჩანაფიქრისგან განსხვავდება. აღსანიშნავია, რომ გაორკესტრების ვერსია უფრო მცირე რაოდენობის ინსტრუმენტებისთვის თავად ვაგნერს არასოდეს გაუკეთებია.

ოთხივე ოპერას მსგავსი საორკესტრო შემადგენლობა აქვს, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ ინსტრუმენტებს მოიცავს:

ბეჭდის“ საერთო ინსტრუმენტული შემადგენლობა[37][38][39]
სიმებიანი ინსტრუმენტები
6 არფა, 16 I ვიოლინო, 16 II ვიოლინო, 12 ალტი, 12 ჩელო, 8 კონტრაბასი
ხის ჩასაბერი ინსტრუმენტები
1 პიკოლო, 3 ფლეიტა, (მე-3 ფლეიტა უკრავს მე-2 პიკოლოს პარტიასაც)

3 ჰობოი, 1 ინგლისური ქარახსა (უკრავს მე-4 ჰობოის პარტიასაც),

3 კლარნეტი (სი♭ და ლა), 1 ბანის კლარნეტი (სი♭),

3 ფაგოტი

ლითონის ჩასაბერი ინსტრუმენტები
8 ვალტორნა, (მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 უკრავს ვაგნერის ტუბას პარტიასაც),

4 საყვირი (დო), 1 ბანის საყვირი (მი♭)

4 ტრომბონი (2 ტენორის, 1 ბანის და 1 კონტრაბას ტრომბონი), ტუბა

დასარტყამი ინსტრუმენტები
ლიტავრები, (უკრავს ორი შემსრულებელი),

თეფში, დიდი ბარაბანი, გონგი, სამკუთხედი, გლოკენშპილი

მოკლე ანალიზი

„რაინის ოქრო“ ვაგნერის პირველი მცდელობა იყო, შეექმნა დრამატული მუსიკალური ნაწარმოები იმ პრინციპების მიხედვით, რომლებიც გააცხადა თავის ესეში „ოპერა და დრამა“. აქედან გამომდინარეობს პარტიტურაში ტრადიციული საოპერო „ნომრების“ არარსებობა არიების, ანსამბლების და გუნდების სახით.[40][41] ორკესტრი არ გამოიყენება როგორც სოლისტების უბრალო თანმხლები, არამედ, დრამატული სიუჟეტის წინსვლაში მათ თანასწორ როლს ასრულებს.[42] ბარი მილინგტონის ანალიზით, „რაინის ოქრო“ წარმოადგენს ვაგნერის ზემოხსენებული, საკმაოდ მკაცრი პრინციპების ყველაზე სრულყოფილ და პურისტულ გამოყენებას; პრაქტიკას, რომელიც შემდგომში მეტ-ნაკლებად შერბილდა.[40] აქაც კი, როგორც იაკობსი მიუთითებს, კომპოზიტორი უხვევს ამ პრინციპებიდან, თუ ამას მოქმედების დრამატული ხასიათი მოითხოვს. მაგალითად, რაინის ქალწულები ანსამბლში მღერიან, აგრეთვე, არის რამდენიმე შემთხვევა, როცა პერსონაჟები მღერიან მელოდიებს, რომელიც მუსიკალური გარემოსგან დამოუკიდებლად გვეჩვენება.[43] მუსიკა შეუწყვეტლად მიმდინარეობს; ოთხი განცალკევებული სცენა საორკესტრო ანტრაქტებითაა დაკავშირებული.[44]

ოზბორნი წერს, რომ „რაინის ოქროს“ მსგავსად, „ვალკირიაც“, პირველ რიგში, სოლო შემსრულებლებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ვოკალური პარტიები მთლიან მუსიკალურ სტრუტურაში აქ უფრო კარგადაა ინტეგრირებული.[45] თავისი წინამორბედის მსგავსად, ეს ოპერაც 1851 წელს გამოქვეყნებული ზემოხსენებული ესეს პრინციპებითაა დაწერილი,[46] თუმცა, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმაზე, თუ რამდენად მკაცრად იქნა ეს პრინციპები „ვალკირიაში“ გამოყენებული. მილინგტონის მოსაზრებით, მასში მიღწეულია მუსიკის და პოეზიის სრული სინთეზი მუსიკალური ექსპრესიის მსხვერპლად შეწირვის გარეშე.[47] ანალიტიკურ ესეში „სრულყოფილი ვაგნერიანელი“ ბერნარდ შოუ აქებს ოპერაში არსებულ მუსიკისა და დრამის სინთეზს: „არ არის ერთი ნოტიც კი, რომელსაც სხვა დანიშნულება აქვს, გარდა დრამისთვის მუსიკალური გამომსახველობის მინიჭებისა.“ [48] მეორეს მხრივ, გუტმანი თვლის, რომ ეს ოპერის მხოლოდ პირველ ორ მოქმედებას მიესადაგება და ვაგნერმა ამ პრინციპების აპოგეას, რეალურად, „ტრისტან და იზოლდაში“ მიაღწია.[49] როჯერ სკრატონი მიუთითებს „ვალკირიაში“ არსებულ „გაზაფხულის სიმღერაზე“ („Winterstürme“), რომელიც აჩერებს მოქმედების მდინარებას, რათა ზიგმუნდმა ზიგლინდეს მიმართ სიყვარული განაცხადოს და რომელიც, თავისი დანიშნულებით და ფორმით, არიას წარმოადგენს,[50] ოზბორნი კი გამოარჩევს „შთამბეჭდავ ანსამბლს“, რომელსაც მე-3 მოქმედებაში ვალკირიები ასრულებენ.[45]

„ბეჭდის“ მესამე ოპერის, „ზიგფრიდის“ წერა ვაგნერმა 1857 წელს შეწყვიტა. 1864 წლამდე პერიოდში დაწერა ტრაგიკული სიყვარულის ისტორია „ტრისტან და იზოლდა“ და თავისი ერთადერთი კომედია „ნიურნბერგელი მაისტერზინგერები“.[51] როცა იგი „ზიგფრიდის“ ბოლო მოქმედების და „ღმერთების დაისის“ (Götterdämmerung), „ბეჭდის“ დასკვნითი ნაწილების, წერას დაუბრუნდა, მისი სტილი შეცვლილი იყო და უფრო „საოპერო“ ხასიათი ჰქონდა, ვიდრე „რაინის ოქროს“ და „ვალკირიას“ დროს, თუმცა, კვლავ აშკარად ემჩნეოდა კომპოზიტორის ორიგინალობა და სავსე იყო ლაიტმოტივებით.[52] ამის მიზეზი, ნაწილობრივ, ის იყო, რომ „ბეჭდის“ ოპერების ლიბრეტოები უკუთანმიმდევრობით იყო დაწერილი, ანუ „ღმერთების დაისის“ პოემა უფრო „ტრადიციული“ სტილით იყო შექმნილი, ვიდრე „რაინის ოქროსი“,[53] რაც მთავარია, მისივე შემოღებული „ტოტალური ხელოვნების“ (Gesamtkunstwerk) წესები უკვე ნაკლებად მკაცრი იყო. განსხვავება აგრეთვე გამოწვეული იყო ვაგნერის, როგორც კომპოზიტორის განვითარებით „ტრისტანის“, „მაისტერზინგერების“ და „ტანჰოიზერის“ პარიზული ვერსიის შექმნის პროცესში.[54] „ზიგფრიდის“ მესამე მოქმედებიდან მოყოლებული, „ბეჭედი“ მელოდიურად უფრო ქრომატიული, ჰარმონიულად რთული და ლაიტმოტივების განვითარებაში უფრო კომპლექსური ხდება.[55]

შესრულების ისტორია

„ბეჭდის“ მთლიანი ციკლის შესრულება კოლოსალურ მუსიკალურ და ტექნიკურ ძალისხმევას მოითხოვს როგორც თეატრის, ისე დირიჟორის და ორკესტრის მხრიდან, რომ აღარაფერი ვთქვათ მომღერლებზე. ვაგნერის კოსმოგონია უამრავი განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, როგორც მუსიკალური თვალსაზრისით, ისე სცენურად. არსებობს მრავალი განსხვავებული, როგორც ტრადიციული და პურისტული, ისე სხვადასხვა პოლიტიკური თუ ფილოსოფიური ხედვით შთაგონებული ვერსია, რომელთაგანაც ბევრი რადიკალურად ეწინააღმდეგება ვაგნერის თავდაპირველ ჩანაფიქრს.

ამალი მატერნა, პირველი ბრუნჰილდე ბაიროითის ფესტივალზე და კოკოტი, ლუდვიგ II-ს მიერ ნაჩუქარი ცხენი.
  • 1876, ბიროითის ფესტივალი. დირიჟორი: ჰანს რიხტერი, რეჟისორი: რიხარდ ვაგნერი, სცენის დიზაინი: იოზეფ ჰოფმანი, კოსტიუმები: კარლ ემილ დეპლერი. ამ დადგმის სტილი, მაქსიმალური რეალისტურობის მიზნით, იყენებდა დეკორაციებით გადატვირთულ სცენას, რთულ კოსტიუმებს (რომელიც ვაგნერს სძულდა) და ბევრ, იმ დროისთვის ძალზედ ინოვაციურ სპეცეფექტს. გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, მომღერლებმა როლებს ძალიან კარგად გაართვეს თავი, თუმცა ვაგნერი საბოლოო შედეგით მაინც იმედგაცრუებული დარჩა. საერთო ვიზუალი ჩაფიქრებული იყო, როგორც აბსტრაქტული, მითოლოგიაში მიმდინარე მოქმედება და ვიზუალურ მხარეში არ იყო გათვალისწინებული ნამუშევრის პოლიტიკური ქვეტექსტები. საბოლოო შედეგმა ვაგნერი ღრმა დეპრესიაში ჩააგდო, არა მისი შემოქმედებითი მიმართულების, არამედ უყურადღებო და დაუსრულებელი შესახედაობის გამო.[56]
  • 1892, სამეფო ოპერის თეატრი (Covent Garden). ტეტრალოგიის ლონდონურ პრემიერას გუსტავ მალერი დირიჟორობდა.
  • 1896, ბაიროითის ფესტივალი. დირიჟორი: ჰანს რიხტერი, რეჟისორი: კოზიმა ვაგნერი, დეკორაციები: ძმები ბრუკნერები იოზეფ ჰოფმანის დიზაინის მიხედვით, კოსტიუმები: ჰანს ტომა და არპად შმიდჰამერი. გარდაცვლილი მეუღლის დანატოვარზე დაყრდნობით, კოზიმა ვაგნერმა საპრემიერო დადგმის შეცდომების გასწორება სცადა. იგი განსაკუთრებით მომთხოვნი იყო დადგმის რეალისტურობასთან დაკავშირებით. საგრძნობლად შეიცვალა დეკორაციები, კოსტიუმები და განათება. კოზიმა ფიქრობდა, რომ ვაგნერი შედეგით კმაყოფილი იქნებოდა.[56]
  • 1898-1899. ტეტრალოგიის პრემიერას ბერლინში რიხარდ შტრაუსი დირიჟორობდა.
  • 1912-1914, ბაიროითის ფესტივალი. რეჟისორი: ზიგფრიდ ვაგნერი. დადგმაში, რომელიც კოზიმა ვაგნერის ვერსიაზე იყო დაფუძნებული, რამდენიმე სიახლე იყო შეტანილი, მათ შორის, ამინდის და განათების ეფექტები.[56]
  • 1924-1925, ბაზელი. რეჟისორი: ადოლფ აპია. ამ ვერსიაში ყველანაირი დეკორაცია მოხსნილია და ადგილს უთმობს მსახიობებს და განათებას. მწვავე რეაქციების გამო, ეს „ბეჭედი“ მეორე დღის შემდეგ შეწყდა. მიუხედავად ამისა, ამ მიდგომამ დიდი გავლენა იქონია, განსაკუთრებით, ვილანდ ვაგნერზე, რომელმაც მსგავსი რამ 1951 წელს განახორციელა.[57]
  • 1933-1942, ბაიროითის ფესტივალი. დირიჟორები: სხვადასხვა, რომელთაგანაც აღსანიშნავია ვილჰელმ ფურტვენგლერი; რეჟისორი: ჰაინც ტიტიენი, სცენის დიზაინი: ემილ პრეტორიუსი. ეს ფესტივალი, რომელსაც საერთო ხელმძღვანელობას ვინფრედ ვაგნერი უწევდა, დავის საგანია მასზე ნაცისტური რეჟიმის, განსაკუთრებით კი, ადოლფ ჰიტლერის გავლენის გამო.[58] თავდაპირველი ნატურალიზმის ნაცვლად, რეჟისურა თეატრალური ასპექტის გამოკვეთას შეეცადა.
გუინეთ ჯოუნზი ბრუნჰილდეს როლში, ბაიროითის ფესტივალი, 1976. რეჟ. პატრის შერო.
  • 1938-1942, ნიუ-იორკი, მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი. დირიჟორი: ერიხ ლაინსდორფი, რეჟისორები: ლ. ზაქსე და დ. დეფრერი. ლაურიც მელქიორის (ზიგფრიდი) და კირსტენ ფლაგსტადის (ბრუნჰილდე) სენსაციური გამოსვლა.
  • 1940. სტალინის ბრძანებით, სერგეი ეიზენშტეინმა მოსკოვის დიდ თეატრში ვალკირია დადგა, გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის დადებული პაქტის აღსანიშნავად.
  • 1950. ვილჰელმ ფურტვენგლერმა ლა სკალას თეატრში ისტორიულ დადგმას უდირიჟორა.
  • 1951-1958, ბაიროითის ფესტივალი. დირიჟორები: ჰერბერტ ფონ კარაიანი (1951), კლემენს კრაუსი (1953), იოზეფ კაილბერთი (1952, 1954-1955), ჰანს კნაპერტსბუში (1951, 1956-1958). რეჟისურა და სასცენო დიზაინი: ვილანდ ვაგნერი. ახალი ბაიროითი, ფესტივალის მეორე ოქროს ხანა, კომპოზიტორის შვილიშვილის დახვეწილი რეჟისურით და სასცენო დიზაინით, პრესტიჟული დირიჟორებით და ლეგენდარული მომღერლებით, რომელთა შორისაც იყვნენ ჰანს ჰოტერი, ვოლფგანგ ვინდგასენი, იოზეფ გრაინდლი, ლუდვიგ ვებერი, ასტრიდ ვარნაი, მარტა მედლი და სხვები.[59]
  • 1973, ზალცბურგი. დირიჟორი და რეჟისორი: ჰერბერტ ფონ კარაიანი, სცენის დიზაინი: გ. შნაიდერ-ზიმსენი და გ. ვახევიჩი.
  • 1976-1981, ბაიროითის ფესტივალი. დირიჟორი: პიერ ბულეზი, რეჟისორი: პატრის შერო, სასცენო დიზაინი: რიხარდ პედუცი. ასწლოვანი „ბეჭედი“ (Jahrhundertsring), რომელიც სკანდალური და რევოლუციური აღმოჩნდა რაინის კაშხლად ქცევითა და გათანამედროვებული ღმერთებით, ფრთიანი ჩაფხუტების და ცხოველების ტყავის სამოსის გარეშე, რაც „ბეჭედთან“ ტრადიციულად დაკავშირებულ ვიზუალურ ელემენტებზე უარის თქმა იყო. აღსანიშნავია ჰაინც ცედნიკის (ლოგე) და გუინეთ ჯოუნზის (ბრუნჰილდე) შესრულება, ასევე, პატრის შეროს რეჟისურა. მეორეს მხრივ, ვოკალურმა მხარემ ერთმნიშვნელოვნად დაბალი შეფასება დაიმსახურა.[60]
  • 1983-1986, ბაიროითის ფესტივალი. დირიჟორები: სერ გეორგ შოლტი, პეტერ შნაიდერი; რეჟისორი: პიტერ ჰოლი. ჰოლი ბაიროითის წინა ფესტივალის საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა და გამოიყენა ნატურალისტური მიდგომა, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული მითოლოგიურ ელემენტზე. რეჟისორი ვაგნერის ხედვის ერთგული დარჩა და ვიზუალური ეფექტის გასაძლიერებლად თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენა, მათ შორის, სხვადასხვა მობილური პლატფორმა. ამ ინტერპრეტაციას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. ზოგი შემფასებელი აქებდა მის ნატურალისტურ მიდგომას ხარისხიანი ტექნოლოგიური უზრუნველყოფით, სხვები აკრიტიკებდნენ სიღრმის და კლასიკურობის ნაკლებობის გამო. პიტერ ჰოლის თქმით, მისთვის „ბეჭედი“ პირველ რიგში ღრმად ფილოსოფიური და პოლიტიკური ნაწარმოები იყო და მხოლოდ ამის შემდეგ – მითი, მიუხედავად ამისა, სცენაზე მან მითი გამოიტანა. პუბლიკამ, გლობალურ პრესაში ნეგატიური გამოხმაურების მიუხედავად, ეს ვერსია კარგად მიიღო, თუმცა იგი მალევე მიეცა დავიწყებას, პირველ რიგში, ვიდეოჩანაწერის არარსებობის გამო. შემდგომ ფესტივალზე ჰარი კუპფერმა გამოკვეთილად მოდერნისტული მიდგომა აირჩია.[61]
  • 1988, ნიუ-იორკი, მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი. დირიჟორი: ჯეიმზ ლივაინი, რეჟისორი: ოტო შენკი. ამ ძალზე ტრადიციულ წარმოდგენაში წინა პლანზეა წამოწეული ნატურალისტური ხედვა და იგი დაცლილია პოლიტიკური ელემენტისგან. ვაგნერის სცენური მითითებები მეტ-ნაკლებად გათვალისწინებულია, რისთვისაც რეჟისორმა თანამედროვე ტექნოლოგიებიც გამოიყენა. მეორეს მხრივ, სამსახიობო შესრულება საკმაოდ ფიქსირებულია, განსაკუთრებით, პატრის შეროს ბაიროითის ვერსიასთან შედარებით, რაც მომღერლებს ვოკალურ შესრულებაზე კონცენტრირების საშუალებას აძლევს. თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც DVD-ზეა შემონახული, მონაწილეობდნენ: ჯესი ნორმანი (ზიგლინდე), ჰილდეგარდ ბერენსი (ბრუნჰილდე), ზიგფრიდ იერუსალემი (ზიგფრიდი) და ჯეიმზ მორისი (ვოტანი). სამსახიობო შემადგენლობა ხშირად იცვლებოდა და საბოლოოდ სრულად განახლდა, თუმცა, ჯეიმზ მორისი როლს დიდხანს ინარჩუნებდა.
  • 1988-1992, ბაიროითის ფესტივალი. დირიჟორი: დანიელ ბარენბოიმი, რეჟისორი: ჰარი კუპფერი, სასცენო დიზაინი: ჰ. შავერნოხი და რ. ჰაინრიხი. გამორჩეული რეჟისურა ლაზერ-შოუთი.[62].
  • 2003-2006, ციურიხი, პარიზის Théâtre du Châtelet, რეჟისორი: ბობ უილსონი.
  • 2004-2007, კელნის ოპერა, რეჟისორი: რობერტ კარსენი.
  • 2004-2006, ლონდონი, სამეფო ოპერის თეატრი. დირიჟორი: ანტონიო პაპანო, რეჟისორი: კით უორნერი.
  • 2006-2008, ფლამანდრიის ოპერა, რეჟისორი: ივო ვან ჰოვე. ეს ვერსია განსაკუთრებით მოდერნისტულ მიდგომას გვთავაზობს, სადაც ოქრო სუპერ-ჩიპი, ხოლო დამსხვრეული ხმალი – გაუვნებელყოფილი ბომბია.
  • 2007-2011, სტრასბურგი, მულჰაუსის Opéra national du Rhin და სტრასბურგის ფილარმონიული ორკესტრი. დირიჟორი: მარკო ლეტონია, რეჟისორი: დავიდ მაკვიკარი. „ბეჭდის“ კრიტიკოსთა მიერ ერთხმად აღიარებული ვერსია.
  • 2010-2011, პარიზის ოპერა / ბასტილიის ოპერა. დირიჟორი: ფილიპ ჯორდანი, რეჟისორი: გიუნტერ კრემერი.[63]
  • 2010-2013, ნიუ-იორკი, მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი. დირიჟორი: ჯეიმზ ლივაინი, რეჟისორი: რობერტ ლეპაჟი.

დისკოგრაფია

„ბეჭედი“, თავისი მასშტაბებიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, მრავალგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომლებიც ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება, რაც გამოწვეულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა დირიჟორის ხედვა (ჩქარი, ნელი ან ცვალებადი ტემპი), ორკესტრის ხარისხი, მომღერლები და ხმის ჩაწერის ტექნოლოგია. ხანგრძლივობაში განსხვავება, როგორც წესი, ამ ფაქტორებითაა გამოწვეული და ის შეიძლება საკმაოდ დიდიც იყოს. ამ დროისათვის, უმოკლესი ჩანაწერები (კარლ ბემის და პიერ ბულეზის) დაახლოებით 13 საათი და 30 წუთი გრძელდება, ყველაზე ხანგრძლივი ჩანაწერები კი (რეჯინალდ გუდოლის და ჰანს კნაპერტსბუშის) – დაახლოებით 16 საათი და 50 წუთი, მთლიანი ციკლის საშუალო ხანგრძლივობა კი დაახლოებით 15 საათია.[64]

აუდიოჩანაწერები

ქვემოთ ჩამოთვლილია „ბეჭდის“ მთლიანი ციკლის რამდენიმე ყველაზე ცნობილი ჩანაწერი:

დირიჟორი ორკესტრი წელი ლეიბლი სტერეო/მონო ცოცხალი/სტუდიური
რუდოლფ მორალტი ვენის სიმფონიური ორკესტრი 1949 Myto მონო სტუდიური
(რადიო-ტრანსლაცია)
ვილჰელმ ფურტვენგლერი ლა სკალას ორკესტრი 1950 Music & Arts, Opera D'Oro,
Gebhardt, Archipel
მონო ცოცხალი
ვილჰელმ ფურტვენგლერი RAI-ს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი 1953 EMI Classics, Gebhardt მონო სტუდიური
(რადიო-ტრანსლაცია)
კლემენს კრაუსი ბაიროითის ფესტივალის ორკესტრი 1953 Gala, Archipel,
Opera D'Oro, Orfeo
მონო ცოცხალი
იოზეფ კაილბერთი ბაიროითის ფესტივალის ორკესტრი 1952–1953,
1955
Testament სტერეო
(1955 წლის)
ცოცხალი
ჰანს კნაპერტსბუში ბაიროითის ფესტივალის ორკესტრი 1956–1958 Music & Arts,
Melodram, Orfeo
მონო ცოცხალი
რუდოლფ კემპე სამეფო ოპერის თეატრის ორკესტრი 1957 Testament მონო ცოცხალი
გეორგ შოლტი ვენის ფილარმონიული ორკესტრი 1958–1965 Decca Records,
PolyGram
სტერეო სტუდიური
რუდოლფ კემპე ბაიროითის ფესტივალის ორკესტრი 1961 Orfeo მონო ცოცხალი
ჰერბერტ ფონ კარაიანი ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი 1966–1970 Deutsche Grammophon,
PolyGram
სტერეო სტუდიური
კარლ ბემი ბაიროითის ფესტივალის ორკესტრი 1966–1967 Philips სტერეო ცოცხალი
ჰანს სვაროვსკი Großes Symphonieorchester 1968 Denon Essentials სტერეო სტუდიური
ვოლფგანგ სავალიში RAI-ს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი 1968 Myto სტერეო სტუდიური
(რადიო-ტრანსლაცია)
რეჯინალდ გუდოლი ინგლისის ეროვნული ოპერის ორკესტრი 1974–1978 EMI Classics,
Chandos
სტერეო ცოცხალი
(ინგლისურ ენაზე)
პიერ ბულეზი ბაიროითის ფესტივალის ორკესტრი 1979–1980 Philips,
Deutsche Grammophon,
PolyGram
სტერეო ცოცხალი
მარეკ იანოვსკი დრეზდენის სახელმწიფო ორკესტრი 1980–1983 Eurodisc, BMG სტერეო სტუდიური
ჯეიმზ ლივაინი მეტროპოლიტენის ოპერის ორკესტრი 1987–1989 Deutsche Grammophon სტერეო სტუდიური
ბერნად ჰაიტინკი ბავარიის რადიოს სიმფონიური ორკესტრი 1988–1991 EMI Classics სტერეო სტუდიური
ვოლფგანგ სავალიში ბავარიის სახელმწიფო ოპერის ორკესტრი 1989 EMI Classics სტერეო ცოცხალი
დანიელ ბარენბოიმი ბაიროითის ფესტივალის ორკესტრი 1991–1992 Warner Classics სტერეო ცოცხალი
გიუნტერ ნოიჰოლდი ბადენის სახელმწიფო ორკესტრი 1993–1995 Brilliant Classics,
Bella Musica, Documents
სტერეო ცოცხალი
გუსტავ კუნი ტიროლის ფესტივალის ორკესტრი 1998–2001 Arte Nova სტერეო ცოცხალი
აშერ ფიში ადელაიდეს სიმფონიური ორკესტრი 2006–2007 Melba Recordings მრავალარხიანი სტერეო ცოცხალი
ჰარტმუტ ჰენხენი ჰოლანდიის ფილარმონიული ორკესტრი 2005 Etcetera მრავალარხიანი სტერეო ცოცხალი
კრისტიან ტილემანი ბაიროითის ფესტივალის ორკესტრი 2008 BBC Opus Arte სტერეო ცოცხალი
საიმონ იანგი ჰამბურგის ფილარმონიული ორკესტრი 2008–2010 Oehms Classics სტერეო ცოცხალი
სებასტიან ვაიგლე ფრანკფურტის ოპერის ორკესტრი 2010–2012 Oehms Classics სტერეო ცოცხალი
მარეკ იანოვსკი ბერლინის რადიოს სიმფონიური ორკესტრი 2012–2013 PENTATONE
(PTC 5186581)
მრავალარხიანი სტერეო ცოცხალი (საკონცერტო)

გეორგ შოლტის ვერსია სრული ციკლის პირველი სტუდიური სტერეო ჩანაწერი იყო. ხანგრძლივი გამოკითხვის შედეგად, რომელიც BBC Radio 3-ის პროგრამამ CD Review ჩაატარა, ეს კომპლექტი XX საუკუნის საუკეთესო ჩანაწერად დასახელდა.[65] ჟურნალი Gramophone თავის საიტზე რეკომენდაციას სწორედ ამ ჩანაწერს აძლევს.[66] თუმცა, ჟურნალის ვაგნერის კრიტიკოსმა, ალან ბლაითმა, BBC-ს პროგრამისთვის CD Review (მაშინ Stereo Review) 1986 წელს მიმოიხილა „ბეჭდის“ ჩანაწერები და მათგან ბემის და ფურტვენგლერის (RAI) ჩანაწერები გამოარჩია. იგივე პროგრამისთვის 1992 წელს ჩატარებულ მიმოხილვაში ჯონ დეთრიჯმა ინდივიდუალი ოპერები გუდოლის, ჰაიტინკის და ბულეზის ციკლებიდან, ხოლო მთლიანობაში, ლივაინის ვერსია გამოარჩია.[67]

ჰერბერტ ფონ კარაიანის ჩანაწერი დიდი ხანია დავის საგანია, შემსრულებლების უჩვეულო არჩევანის და უცნაური სადირიჟორო სტილის გამო, რომელსაც კრიტიკოსებმა „კამერული მუსიკის დირიჟორობა“ უწოდეს, მუსიკის სილამაზეზე განსაკუთრებული ყურადღების გამო, რაც, მათი აზრით, დრამას აზიანებდა.

ვიდეოჩანაწერები

არსებობს „ბეჭდის“ ციკლის არაერთი ვიდეო და DVD ჩანაწერი. მათ შორის:

  • პიერ ბულეზი და ბაიროითის ფესტივალის ორკესტრი, 1980–1981. (Philips/Deutsche Grammophon)
  • ჯეიმზ ლივაინი და მეტროპოლიტენის ოპერის ორკესტრი, 1990. (Deutsche Grammophon 073 043-9) (PBS-ის პროგრამის The Metropolitan Opera Presents ნაწილი).
  • დანიელ ბარენბოიმი და ბაიროითის ფესტივალის ორკესტრი, 1991–1992. (Warner Classics)
  • ბერტრან დე ბილი და ლისეუს დიდი თეატრის ორკესტრი, რეჟ. ჰარი კუპფერი, 2003–2004. (BBC Opus Arte)
  • ლოთარ ზაგროსეკი და შტუტგარტის სახელმწიფო ოპერის ორკესტრი, 2004 (Tdk)
  • ჰარტმუტ ჰენხენი და ჰოლანდიის ფილარმონიული ორკესტრი, 2006. (Opus Arte)
  • მიხაელ შენვანდტი და დანიის სამეფო ორკესტრი, 2006. (Decca 074 3264)
  • ზუბინ მეტა და Orquestra de la Comunitat Valenciana, 2007–2009. (C Major)
  • ჯეიმზ ლივაინი/ფაბიო ლუიზი და მეტროპოლიტენის ოპერის ოეკესტრი, რეჟ. რობერტ ლეპაჟი, 2011.(Deutsche Grammophon 0440 073 4770 6)

ბულეზის, ბარენბოიმის, ზაგროსეკის და ჰენხენის ვერსიები აუდიოჩანაწერების სახითაც არსებობს.

შენიშვნები

  1. Eine Mittheilung an meine Freunde იყო მოზრდილი წინასიტყვაობა, რომელიც 1851 წელს გამოცემულ მფრინავი ჰოლანდიელის, ტანჰოიზერის და ლოენგრინის ლიბრეტოებს ახლდა.
  2. „ამჟამად [1851 წლის მაისი] მომივიდა იდეა „ახალგაზრდა ზიგფრიდის“ შესახებ, რომელიც საგმირო კომედია, „ზიგფრიდის სიკვდილის“ პრელუდია და მისი დამატება იქნება.“[16]
  3. რაინის ოქროს პროზაული ესკიზი 1852 წლის 21-23 მარტს დაიწერა, ხოლო ვალკირიასი იმავე წლის 17-26 მაისს. ვალკირიას პოეტური ესკიზი 1 ივნისიდან 1 ივლისამდე იქმნებოდა, რაინის ოქროსი კი 15 სექტემბრიდან 3 ნოემბრამდე. ვალკირიას ორივე ესკიზი Pension Rinderknecht-ში, ციურიხბერგთან ახლოს (ამჟამად ჰოხშტრასე 56–58, ციურიხში) შეიქმნა, სადაც ვაგნერები 1852 წლის ზაფხულში სახლს ქირაობდნენ.
  4. გამომცემელი იყო J. J. Weber, ლაიფციგი.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

  • Anthony Tommasini (2007). „The "Kirov" Ring: Let's Hear It for the Home Team“. The New York Times.
  • Radio Lab – The Ring and I. WNYC – პოდკასტი ბეჭდის შესახებ (2004).

სქოლიო

  1. von Rhein, John (September 21, 2016). „An epic beginning for Lyric's new Wagner 'Ring' cycle“. Chicago Tribune. ციტირების თარიღი: June 17, 2017.
  2. A Communication to My Friends (Sämtliche Schriften und Dichtungen, vol. IV, p. 359).
  3. იხ. Guelphs and Ghibellines ტერმინ Waiblingen-ის კავშირზე ჰოენშტაუფენებთან.
  4. 4.0 4.1 Wagner, Richard (1983). My Life. Gray, Andrew L.; Whittall, Mary (Eng trans.). New York: Cambridge. ISBN 978-0-521-22929-6
  5. Deathridge, John (1985). "Cataloguing Wagner". The Richard Wagner Centenary in Australia. Adelaide. pp. 185–199.
  6. Deathridge, John (1986). Geck, Martin; Voss, Egon, eds. Verzeichnis der musikalischen Werke Richard Wagners und ihrer Quellen. Mainz: Schott. ISBN 978-3-7957-2201-2.
  7. Deathridge, John (1991). The Ring: An Introduction. ზიგფრიდის პერფორმანსის პროგრამა, მეტროპოლიტენის ოპერა, დირიჟორი ჯეიმზ ლივაინი (Deutsche Grammophon CD 429 407-2
  8. ედუარდ დევრინტის ჩანაწერი დღიურში, 1848 წლის 1 აპრილი: გერმ. „Er [Wagner] erzählte mir einen neuen Opernplan aus der Siegfriedsage“ („მან მითხრა ახალი გეგმის სესახებ, რომელიც შეეხება ოპერას ზიგფრიდის საგაზე“).
  9. ჩანაწერი შუმანის ბლოკნოტში (Haushaltbuch), 1848 წლის 2 ივნისი: გერმ. „Abends Spazierg[ang] m[it] Wagner – sein Nibelungtext“ („საღამოს გასეირნება ვაგნერთან ერთად - მისი ტექსტი ნიბელუნგებზე“).
  10. Friedrich Theodor Vischer, Vorschlag zu einer Oper ("Suggestion for an Opera") Kritische Gänge, Volume II, Aesthetike (Tübingen, 1844).
  11. The Wagner Compendium: A Guide to Wagner's Life and Music
  12. Verzeichnis der musikalischen Werke Richard Wagners und ihrer Quellen, შემოკლებით Wagner-Werk-Verzeichnis, ან WWV.
  13. Millington et al. 1992, p. 321.
  14. Wagner 1992, p. 417–20.
  15. Wagner, Eine Mittheilung an meine Freunde დაარქივებული 2021-02-23 საიტზე Wayback Machine. .
  16. Mein Leben
  17. Strobel 1930.
  18. Warren Darcy 1993, p. 31.
  19. Deryck Cooke 1979, pp. 292–294.
  20. Some of Wagner's Heroes and Heroines, 1889, Online text დაარქივებული 2018-04-03 საიტზე Wayback Machine. .
  21. Guide des opéras de Wagner, p. 693.
  22. Lusato, p. 41.
  23. 23.0 23.1 Lusato, p. 42.
  24. 24.0 24.1 Lusato, p. 43.
  25. Guide des opéras de Wagner, p. 694.
  26. 26.0 26.1 Lusato, p. 44.
  27. Guide des opéras de Wagner, p. 695.
  28. 28.0 28.1 Tranchefort 1983, p. 256.
  29. 29.0 29.1 Godefroid 1988, p. 81.
  30. 30.0 30.1 Lusato, p. 47.
  31. Gylfaginning, p. 33.
  32. http://www.opera-online.com/items/works/das-rheingold-wagner-wagner-1869.
  33. http://www.livretpartition.com/die-walkure-la-walkyrie-la-valkyrie/
  34. http://www.opera-online.com/items/works/die-walkure-wagner-wagner-1870
  35. http://www.livretpartition.com/siegfried-wagner/
  36. http://www.opera-online.com/items/works/gotterdammerung-wagner-wagner-1876
  37. http://imslp.org/wiki/Das_Rheingold,_WWV_86A_(Wagner,_Richard)
  38. http://imslp.org/wiki/Die_Walküre,_WWV_86B_(Wagner,_Richard)
  39. http://imslp.org/wiki/Götterdämmerung,_WWV_86D_(Wagner,_Richard)
  40. 40.0 40.1 Millington 2006, p. 105.
  41. Jacobs 1980, p. 149.
  42. Whittall 1992, p. 256.
  43. Jacobs 1980, pp. 149–50.
  44. Osborne 1992, p. 188.
  45. 45.0 45.1 Osborne 1992, p. 216.
  46. Jacobs 1980, p. 61.
  47. Millington 2006, p. 114.
  48. Shaw 2008.
  49. Gutman 1971, p. 244.
  50. Scruton 2017, p. 76.
  51. Millington 2001, pp. 294, 300, 304.
  52. Millington 2001, pp. 294–5.
  53. Millington 2001, p. 286.
  54. Puffett 1984, p. 43.
  55. Puffett 1984, p. 48–9.
  56. 56.0 56.1 56.2 Lusato 2005, pp. 643–644.
  57. Lusato 2005, pp. 645.
  58. http://richardwagner.free.fr/winifred.htm
  59. Lusato 2005, pp. 646.
  60. Jean-Claude Berton 1986, p. 116.
  61. Lusato 2005, pp. 668.
  62. Lusato 2005, pp. 674.
  63. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-05. ციტირების თარიღი: 2021-01-16.
  64. Lusato 2005, p. 19.
  65. BBC Radio. (2004)The Greatest Recordings as Voted by CD Review Listeners. BBC. ციტირების თარიღი: 28 October 2007.
  66. Recommended Recordings. Gramophone (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 October 2007. ციტირების თარიღი: 22 December 2007.
  67. BBC. (2007)CD Review's Building a Library. BBC. ციტირების თარიღი: 22 December 2007.[მკვდარი ბმული]