ნიადაგების გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლიოსი გერმანიაში.
ნიადაგის პროფილი (ჩრდილოეთი ირლანდია).

ნიადაგების გეოგრაფიანიადაგთმცოდნეობის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ნიადაგის გავრცელების კანონზომიერებებს ნიადაგურ-გეოგრაფიული დარაიონების მიზნით. თავისი კვლევის დანიშნულების მიხედვით ნიადაგების გეოგრაფია დაკავშირებულია ფიზიკურ გეოგრაფიულ მეცნიერებასთან.

არსებობს ზოგადი და რეგიონული ნიადაგების გეოგრაფია.

  1. ზოგადი ნიადაგების გეოგრაფია — შეისწავლის ნიადაგთწარმომქმნელ ფაქტორებს, ნიადაგების გეოგრაფიული განლაგების ზოგად კანონებს და ნიადაგსაფრის სტრუქტურის ტიპებს;
  2. რეგიონული ნიადაგების გეოგრაფია — განიხილავს ნიადაგების დარაიონების საკითხებს და აღწერს ნიადაგსაფრის თავისებურებებს ცალკეული რეგიონების მიხედვით.

ნიადაგების გეოგრაფიის კვლევის ძირითადი მეთოდია შედარებით-გეოგრაფია, რომლის მეშვეობითაც ხდება ნიადაგის გეოგრაფიული გავრცელების შესწავლა ნიადაგთწარმომქმნელ ფაქტორებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ფართოდ იყენებენ კარტოგრაფირებას — ნიადაგების რუკის შედგენას. ნიადაგების გეოგრაფია შეიქმნა XIX საუკუნის ბოლოს და ვითარდება სოფლის მეურნეობის წარმოების მოთხოვნილებების, ნიადაგების ინვენტარიზაციისა და მათი შეფასების საჭიროებათა შესაბამისად.

რუსეთში ნიადაგების გეოგრაფიას საფუძველი ჩაუყარა ვასილი დოკუჩაევმა. მისმა ნიადაგურ-გეოგრაფიულმა სკოლამ დიდი როლი შეასრულა მსოფლიოს ნიადაგების გეოგრაფიის განვითარებაში, მისი სქემის საფუძველზე შეიქმნა მსოფლიოს დეტალური ნიადაგების რუკები.

საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ნიადაგების გეოგრაფიული გავრცელების შესახებ პირველი ცნობები ეკუთვნის ქართველ მეცნიერს ვახუშტი ბაგრატიონს, ხოლო ამ დარგში გამოკვლევები დაიწყო XIX საუკუნის ბოლოს ჩაისა და მევენახეობისათვის ნიადაგების შერჩევასთან დაკავშირებით. საქართველოს ნიადაგების გეოგრაფიის კვლევა დაიწყო 1934 წლიდან თსუ-ის ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე დიმიტრი გედევანიშვილის ხელმძღვანელობით. 1939 წელს მიხეილ საბაშვილმა დაამთავრა საქართველოს ნიადაგების 1:5000000-იანი მასშტაბის რუკის შედგენა, 1940-1950 წწ. შექმნა უფრო დეტალური 1:2000000-იანი მასშტაბის რუკა, შეისწავლა საქართველოს ნიადაგები ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონების მიხედვით, ჩამოაყალიბა საქართველოს ნიადაგების კლასიფიკაცია, ნიადაგურ-გეოგრაფიული დარაიონების სქემა და 1948 წელს გამოაქვეყნა განმაზოგადებელი ნაშრომი „საქართველოს სსრ ნიადაგები“.

რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით დეტალურად იქნა გამოკვლეული საქართველოს ცალკეული რეგიონების ნიადაგები და შედგა მათი აგროსაწარმოო დახასიათება (გ. ტალახაძე, გ. ტარასაშვილი, ი. ბარათაშვილი). შესწავლილია ნიადაგის ეროზიისა და რეპლანტაციის პრობლემები (მ. დარასელია, ვ. ამბოკაძე, ა. გოგატიშვილი). გამოკვლეულია კუბის ნიადაგები (ე. ნაკაიძე).

საქართველოში ნიადაგების გეოგრაფიული გამოკვლევები ჩატარებულია სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებისა და უმაღლესი სასაწავლებლების ნიადაგთმცოდნეობის კათედრებზე, რომლის საფუძველზეც მომზადდა წვრილი- საშუალო და მსხვილმასშტაბიანი ნიადაგების რუკები (მიხეილ საბაშვილი, დიმიტრი გედევანიშვილი და სხვ).

რაიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნების გამო საქართველოში თითქმის ყველა ტიპის ნიადაგს ვხვდებით. გამოიყოფა 3 ნიადაგური ოლქი: დასავლეთისა, აღმოსავლეთისა და სამხრეთისა.

თითოეულ მათგანში ნიადაგთწარმომქმნელი პირობებისა და პროცესების მიხედვით გამოიყოფა ზონები და ქვეზონები, ხოლო ამ უკანასკნელთა ფარგლებში - რაიონები და ქვერაიონები. საქართველოში 48 ნიადაგური რაიონი და 169 ქვერაიონია.

დასავლეთ საქართველოს ნიადაგების ოლქი — მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროდან ლიხის ქედამდე. ოლქში გამოიყოფა დაბლობის ჭაობიანი და ეწერი, გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთის წითელმიწა და ყვითელმიწა, მთა-ტყის და მთა-მდელოს ნიადაგების ზონები. კოლხეთის დაბლობის სხვადასხვა სიმაღლის მდებარეობის გამო მის დასავლეთ დადაბლებულ ნაწილში გამოიყოფა ჭაობიანი, ხოლო აღმოსავლეთ შემაღლებულ ნაწილში ეწერი ნიადაგები. დაბლობის ჭაობიან ნიადაგებს შორის მეტი ფართობი ჭაობის ტორფიან და ჭაობის ლამიან ნადაგებს უჭირავს. ტორფის შედგენილობაში ძირითადად მონაწილეობს ბალახეული მცენარეულობა. ხავსიანი ჭაობები ნაკლებადაა გავრცელებული. ცალკეულ ადგილებში გვხვდება 6-7 მ სისქის ტორფის ფენა. დაბლობის შემაღლებული ნაწილებისაკენ (გარდამავალ ზოლში) ეწერ-ლებიანი ნიადაგებია, რომლებიც დაჭაობებულია შუა და ქვედა ფენებში, ხოლო ზედა ფენებში გაეწრების მკაფიო ნიშნები აქვს.

წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგებს უკავიათ დასავლეთ საქართველოს გორაკ-ბორცვიანი ზონა. ამ ზონაში ნიადაგის მთავარი ტიპი წითელმიწებია. მათი ძირითადი თვისებები დაკავშირებუილია ქანების ძლიერ გამოფიტვასთან. შედარებით ნაკლებად დაქანებულ ფერდობებსა და გორაკების ფართო თხემებზე გვხვდება გაეწრებული წითელმიწები. კონგლომერატებსა და თიხაფიქლებზე გავრცელებული ყვითელმიწა ნიადაგები, რომლებსაც უმთავრესად ვხვდებით აფხაზეთში, ოკრიბასა და ვანის რაიონში.

დასავლეთ საქართველოს მთა-ტყის ზონა მოიცავს დიდ ტერიტორიას საშუალომთიან სარტყელში. მთა-ტყის ნიადაგების ძირითადი ტიპი ყომრალი ნიადაგია. დასავლეთ საქართველოს მთა-მდელოთა ნიადაგების ზონა მოიცავს სუბალპურ და ალპურ მდელოებს. მას დიდი ტერიტორია უკავია აფხაზეთში, სამეგრელოში, სვანეთსა და ზემო იმერეთში; შედარებით ნაკლები - მესხეთის ქედზე და კიდევ უფრო ნაკლები შავშეთის და არსიანის ქედებზე.

აღმოსავლეთ საქართველოს ნიადაგების ოლქი — მოიცავს ვაკეების, მთისწინეთისა და მთების მხარეს ლიხის ქედიდან აღმოსავლეთით. წაბლა და შავმიწა ნიადაგებს უკავია ველების ზონა. მურა ნიადაგები გავრცელებულია ელდარის ნახევარუდაბნოში და ზოგან ივრის ზეგნის სამხრეთ ნაწილში.

წაბლა ნიადაგები გავრცელებულია გარდაბნის, მარნეულის, სამგორის ველებზე და ივრის ზეგნის სამხრეთ ნაწილში. შავმიწა ნიადაგებს უკავია ივრის ზეგნის უმეტესი შემაღლებული ნაწილი. შავმიწებისათვის დამახასიათებელია სქელი ჰუმუსიანი ფენა, ჰუმუსის დიდი შემცველობა.

აღმოსავლეთ საქართველოს ვაკეებისა და მთისწინეთის გარდამავალი ტყე-ველისა და ტყის ნიადაგების ზონა მოიცავს ქართლისა და ალაზნის ვაკეებს და ივრის ზეგანს. აქ გავრცელებულია მდელო-ყავისფერი, შავმიწისებრი, მდელოს ალუვიური, ალუვიურ-დაჭაობებული, მდელოს ჭაობიანი, ყავისფერი და სხვა ნიადაგები. აღმოსავლეთ საქართველოს მთა-ტყის ზონას დიდი ფართობი უკავია კავკასიონის, თრიალეთისა და ლოქის ქედებზე.

სამხრეთ საქართველოს ნიადაგების ოლქი — მოიცავს სამხრეთ საქართველოს ზეგნებს, ქედებსა და სხვ. ამ ოლქში ძირითადად გავრცელებულია მთის შავმიწები, რომლებიც 1500-2200 მ სიმაღლეზე მდებარეობენ, და მდელოს შავმიწისებრი ნიადაგები, რომელთაც დიდი ფართობი უკავიათ ჯავახეთის, წალკის, გომარეთისა და დმანისის ზეგნებსა და ვაკეებზე. ოლქის მთა-ტყის ზონის ფარგლებში გავრცელებულია ყომრალი ნიადაგები.

მდგომარეობა საზღვარგარეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიადაგების გეოგრაფია ისწავლება სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ნიადაგების გეოგრაფიის პირველი კათედრა შეიქმნა 1926 წელს ლენინგრადის უნივერსიტეტში, შემდეგ მოსკოვისა და სხვა უნივერსიტეტებში. მნიშვნელოვანი იყო ვასილი დოკუჩაევის, კონსტანტინე გედროიცის, ნიკოლოზ სიბირცევის, კონსტანტინე გლინკას, ვასილი ვილიამსის, პავლე კოსტიჩევის, ინოკენტი გერასიმოვისა და სხვათა შრომები, რომლებმაც დიდი როლი ითამაშა ნიადაგთმცოდნეობის, როგორც მეცნიერების განვითარებასა და განმტკიცებაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]