ნეჯმიე ხოჯა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნეჯმიე ხოჯა
ალბ. Nexhmije Hoxha
დაბ. თარიღი 8 თებერვალი 1921(1921-02-08)[1]
დაბ. ადგილი ბიტოლა, სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფო
გარდ. თარიღი 26 თებერვალი 2020(2020-02-26)[2] (99 წლის)
გარდ. ადგილი ტირანა
მოქალაქეობა Flag of Albania.svg ალბანეთი
განათლება ტირანის უნივერსიტეტი
ეროვნება ალბანელები (ალბანეთი)
მეუღლე/ები ენვერ ხოჯა
შვილ(ებ)ი Ilir Hoxha

ნეჯმიე ხოჯა (ალბ. Nexhmije Hoxha; დ. 8 თებერვალი, 1921, ბიტოლა, იუგოსლავიის სამეფო) —ალბანელი კომუნისტი, ენვერ ხოჯას მეუღლე და თანამოაზრე. ეკავა მნიშვნელოვანი თანამდებობები ალბანეთის კომპარტიის იდეოლოგიურ აპარატში. ქვეყანაში კომუნისტური მმართველობის დაცემის შემდეგ გაასამართლეს ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მიუსაჯეს რამდენიმე წლით პატიმრობა. გაათავისუფლეს ამნისტიის შედეგად. გათვისუფლების შემდეგ მან გააგრძელა ხოჯაისტური ხასიათის პოლიტიკური განცხადებების გაკეთება.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1921 წლის 8 თებერვალს იუგოსლავიის სამეფოს ტერიტორიაზე, ქალაქ ბიტოლაში (ამჟამად ჩრდილოეთი მაკედონია), ალბანელების ოჯახში[3]. 1928 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ალბანეთში. ნეჯმიემ დაასრულა ტირანის პრივილიგირებული დედა-დედოფლის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი.

ახალგაზრდობაში ნეჯმიე ხოჯა გაიტაცა კომუნიზმის იდეებმა. მოქმედებდა კომუნისტურ მიწისქვეშეთში, იყო კორჩინის კომუნისტური ჯგუფის წევრი[4] და მონაწილეობდა აქციებში. 1941 წელს ოფიციალურად შევიდა ალბანეთის კომუნისტურ პარტიაში, რომელსაც 1948 წლიდან ეწოდება ალბანეთის შრომის პარტია. მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმიის 1-ლი დივიზიის პროპაგანდის განყოფილებაში. ჰქონდა პარტიული მეტსახელი Delikatja[5].

1945 წლის 1 იანვარს ცოლად გაჰყვა ალბანეთის კომპარტიის პირველ მდივანს ენვერ ხოჯას.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 1944 წელს ენვერ ხოჯა, როგორც მმართველი პარტიის ხელმძღვანელი და მთავრობის პირველი მეთაური გახდა კომუნისტური ალბანეთის უზენაესი მმართველი. ნაჯმიე ხოჯა კი გახდა ალბანური კომუნიზმის წამყვანი იდეოლოგი გახდა. 1952 წლიდან კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრია. 1948 წელს აირჩიეს ალბანეთის სახალხო კრების დეპუტატად. ხელმძღვანელობდა ქვეყნის ქალთა ორგანიზაციას. 1966 წლიდან ნაჯმიე ხოჯა გახდა მარქსიზმ-ლენინიზმის კვლევითი ინსტიტუტისა და ლენინის სახელობის უმაღლესი პარტიული სკოლის ხელმძღვანელი.

ნაჯმიე ხოჯა მთავარ როლს თამაშობდა ხოჯაიზმის, სტალინიზმის ალბანური ვარიანტის, იდეოლოგიის ფორმირებაში. ბოლომდე მხარს უჭერდა თავისი ქმრის პოლიტიკას, მათ შორის პოლიტიკური რეპრესიების, პარტიული წმენდის, რელიგიის აკრძალვისა და შიდაპოლიტიკური იზოლაციის საქმეებშიც[6]. 1956 წელს მონაწილეობდა პარტიული ოპოზიციის ჩახშობის კონფერენციაში ტირანაში. 1973 წელს მისი პოლიტიკური იდეოლოგია მკაცრად გააკრიტიკა ფადილ პაჩრამიმ და ტოდი ლუბონიამ (ორივეს მიუსაჯეს ხანგრძლივი პატიმრობა).

ნეჯმიე ხოჯმა მონაწილეობა მიიღო ენვერ ხოჯას მემკვიდრის შერჩევაში, დათანხმდა იდეოლოგიისა და პროპაგანდის კურატორის რამიზ ალიას კანდიდატურას.

1985 წლის 11 აპრილს ენვერ ხოჯას გარდაცვალების შემდეგ ნეჯმიემ შეცვალა იგი ალბანეთის დემოკრატიული ფრონტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. რამდენიმე წელი მან შეინარჩუნა პოლიტიკურ-იდეოლოგიური გავლენა. კვლავ მხარს უჭერდა ხოჯაიზმის პრინციპებს და არ ეთანხმებოდა რამიზ ალიას რეფორმების გეგმას. 1989 წელს ნეჯმიე ხოჯა ტირანაში შეხვდა დედა ტერეზას (აგნეს გონჯა ბოიაჯიუ წარმოშობით ალბანელი იყო).

ნეჯმიე დარწმუნებული იყო კომუნისტური რეჟიმის სიძლიერეში. თავდაპირველად დარწმუნებულიც კი იყო, რომ 1989 წლის რევოლუციები ალბანეთს არ შეეხებოდა. მაგრამ რუმინეთის ამბებმა იგი დააფიქრა[7]. 1990 წელს ალბანეთი მასობრივმა დემონსტრაციებმა მოიცვა. რამიზ ალია ცდილობდა ტავი წარმოეჩინა „ალბანეთის გორბაჩოვად“ და „დემოკრატიული რეფორმების ლიდერად“. წლის დასასრულს რამიზ ალიამ გადააყენა რამდენიმე კონსერვატიული პარტიული მოღვაწე, მათ შორის ნეჯმიე ხოჯაც.

1991 წლის 20 თებერვლის შემდეგ, მას შემდეგ რაც ტირანაში ჩამოაგდეს ენვერ ხოჯას ძეგლი, ნეჯმიე ხოჯამ შეწყვიტა ურთიერთობები ალიასთან.1991 წელს ხელისუფლების სათავეში მოვიდა ალბანეთის დემოკრატიული პარტია. პრეზიდენტი გახდა სალი ბერიშა. ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო ხოჯას პერიოდის მოღვაწეების დევნა. 70 წლის ნეჯმიეს შინაპატიმრობა მიუსაჯეს ჯერ კიდებ 1991 წლის დეკემბერში. ციხეში ჩასვეს 1992 წლის იანვარში. სასამართლომ იგი ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა. მიუსაჯეს 11 წელი. იგი ჩასვეს ტირანის ქალთა კოლონიაში. გაათავისუფლეს ამნისტიის შედეგად 1997 ქწელს, ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ.

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ კვლავ ხოჯაისტურ განცხადებებს აკეთებს, გახდა 1991 წელს ჩამოყალიბებული ალბანეთის კომუნისტური პარტიის წევრი. მხარს უჭერდა ნატო-ს მიერ იუგოსლავიის დაბომბვას, რადგან თვლიდა, რომ ეს საჭირო იყო კოსოვოელი ალბანელების დასაცავად[8].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]