ნეჯმეთინ ერბაქანი
| ნეჯმეთინ ერბაქანი | |
ერბაქანი 2006 წელს | |
| თურქეთის პრემიერ-მინისტრი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 28 ივნისი, 1996 – 30 ივნისი, 1997 | |
| პრეზიდენტი | სულეიმან დემირელი |
| წინამორბედი | მესუთ ილმაზი |
| მემკვიდრე | მესუთ ილმაზი |
| დაბადებული | 29 ოქტომბერი, 1926 სინოპი, თურქეთი |
| გარდაცვლილი | 27 თებერვალი, 2011 (84 წლის) ანკარა, თურქეთი |
| პოლიტიკური პარტია | ეროვნული წესრიგის პარტია (1970-1971) ეროვნული ხსნის პარტია (1972-1981) კეთილდღეობის პარტია (1987-1998) ბედნიერების პარტია (2003-2011) |
| მეუღლე | ნერმინ საათჩიოღლუ (1967-2005) |
| შვილები | ზეინეფი, ელიფი და ფათიჰი |
| განათლება | სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი აახენის რაინ-ვესტფალიის ტექნიკური უნივერსიტეტი |
| ხელმოწერა | |
ნეჯმეთინ ერბაქანი (თურქ. Necmettin Erbakan; დ. 29 ოქტომბერი, 1926, სინოპი — გ. 27 თებერვალი, 2011, ანკარა) — თურქი პოლიტიკოსი და პოლიტიკური თეორეტიკოსი, რომელიც 1996-1997 წლებში თურქეთის 23-ე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა. სამხედრო წრეების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო იგი იძულებული გახდა გადამდგარიყო, მოგვიანებით კი თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მას პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალა კონსტიტუციით განსაზღვრული რელიგიისა და სახელმწიფოს განცალკევების პრინციპის სავარაუდო დარღვევის გამო.[1][2]
ერბაქანის მიერ დაარსებული პოლიტიკური იდეოლოგია და მოძრაობა „Millî Görüş“ აცხადებს, რომ თურქეთს შეუძლია განვითარდეს საკუთარი ძალებით, რელიგიური ღირებულებების დაცვითა და უფრო სწრაფი ნაბიჯებით წინსვლით — დასავლურ ქვეყნებთან მეტოქეობისა და მუსლიმურ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების სასარგებლოდ.[3] „Millî Görüş“-ის იდეოლოგიით, ერბაქანი 1970-იანი წლებიდან 2010-იან წლებამდე თურქეთში რამდენიმე ცნობილი ისლამური პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი და ლიდერი იყო. მისი ვაჟი ფათიჰ ერბაქანი ასევე არის „Millî Görüş“-ის მიმდევარი „ახალი კეთილდღეობის პარტიის“ ლიდერი.
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერბაქანი დაიბადა სინოპში, ჩრდილოეთ თურქეთში, შავი ზღვის სანაპიროზე.[4] მამამისი მეჰმეთ საბრი, კილიკიის ცნობილი კოზანოღლუს ოჯახიდან გამოსული მოსამართლე იყო, ხოლო დედა, ქამერი — სინოპის ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი ჩერქეზი ქალი[5][6] და მეჰმეთ საბრის მეორე ცოლი.[7] ერბაქანის ბიძა (მამის ძმა), იუსუფ ზია ოზბაქანი, ქემალისტური სახალხო-რესპუბლიკური პარტიიდან ადანის მერი გახდა.[8]
სტამბოლის სკოლაში საშუალო განათლების მიღების შემდეგ, მან 1948 წელს სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი დაამთავრა, ხოლო აახენის ტექნიკურ უნივერსიტეტში მანქანათმშენებლობისა და ძრავთმშენებლობის ინჟინერიის დოქტორის ხარისხი მიიღო.[4] გერმანიაში აკადემიური კარიერის გაგრძელების პარალელურად, იგი „Deutz AG“-ის ქარხნების კვლევისა და განვითარების განყოფილებაში მუშაობდა. ამ პერიოდში მან ასევე მონაწილეობა მიიღო გერმანული არმიისთვის შექმნილი „Leopard“-ის ტანკების ძრავების კვლევაში.[9] თურქეთში დაბრუნების შემდეგ, ერბაქანი ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი გახდა, 1965 წელს კი იმავე უნივერსიტეტის პროფესორად დაინიშნა.[4] მრეწველობის სფეროში წამყვან პოზიციებზე გარკვეული ხნის მუშაობის შემდეგ, იგი პოლიტიკაში გადავიდა და 1969 წელს კონიის დეპუტატად აირჩიეს.[4] იგი იყო ისქენდერფაშას საზოგადოების, ნაქშბანდის ორდენის თურქული სუფისტური გაერთიანების წევრი.[10]
პოლიტიკური აქტიურობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ათწლეულების განმავლობაში თურქული პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, ერბაქანი იყო იმ ისლამური პოლიტიკური პარტიების სერიის ლიდერი, რომლებიც მან თავად დააარსა. ეს პარტიები პოპულარობის მწვერვალს აღწევდნენ, თუმცა მოგვიანებით თურქეთის სეკულარული ხელისუფლება მათ საქმიანობას კრძალავდა. 1970-იან წლებში ერბაქანი იყო „ეროვნული გადარჩენის პარტიის“ თავმჯდომარე, რომელიც თავისი ძლიერების პიკზე, 1974 წლის კვიპროსის კრიზისის დროს, პრემიერ-მინისტრ ბიულენთ ეჯევითის სახალხო-რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად კოალიციურ მთავრობაში შედიოდა.
1980 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ერბაქანსა და მის პარტიას პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალათ.[4] იგი პოლიტიკურ ასპარეზზე 1987 წელს, აკრძალვის გაუქმების შესახებ ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ დაბრუნდა და „კეთილდღეობის პარტიის“ ლიდერი გახდა.[4] 1990-იან წლებში მისმა პარტიამ ისარგებლა თურქეთის ორი ყველაზე თვალსაჩინო კონსერვატიული პარტიის ლიდერებს, მესუთ ილმაზსა და თანსუ ჩილერს შორის არსებული დაპირისპირებით, რამაც 1995 წლის საყოველთაო არჩევნებში პარტიას მოულოდნელი წარმატება მოუტანა.
მას შემდეგ, რაც სამხედროებსა და ისლამისტებს შორის დაძაბულობა ალჟირში სამოქალაქო ომში გადაიზარდა, ერბაქანმა 1992[11] და 1997[12] წლებში განაცხადა: „თურქეთი ალჟირად არ გადაიქცევა“. თუმცა, 1997 წლის 10 მაისს, „კეთილდღეობის პარტიის“ შანლიურფას დეპუტატი იბრაჰიმ ჰალილ ჩელიქი დაიმუქრა: „თუ იმამ-ჰათიფის სკოლების დახურვას შეეცდებით, სისხლი დაიღვრება. ეს ალჟირზე უარესი იქნება“.[13] ერბაქანმა და მისმა თანამოაზრეებმა კავშირები დაამყარეს ალჟირის „ისლამური გადარჩენის ფრონტთან“, ხოლო 1994 წლის ოქტომბერში, ამერიკის მუსლიმურ საბჭოში ვიზიტისას, ერბაქანი ისლამური გადარჩენის ფრონტის წარმომადგენლებს შეხვდა.[14]
პრემიერ-მინისტრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მას შემდეგ, რაც 1995 წლის არჩევნების შემდეგ მესუთ ილმაზის ხანმოკლე პრემიერობა 1996 წელს „კეთილდღეობის პარტიის“ მიერ უნდობლობის ვოტუმის წამოყენების გამო ჩაიშალა, ერბაქანი პრემიერ-მინისტრი გახდა ჩილერის „ჭეშმარიტი გზის პარტიასთან“ (DYP) კოალიციაში. პრემიერ-მინისტრის რანგში იგი ცდილობდა გაეღრმავებინა თურქეთის ურთიერთობები არაბულ ერებთან.[4] გარდა იმისა, რომ ცდილობდა გაჰყოლოდა ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრამას, რომელიც თითქოსდა თურქეთის მოქალაქეების კეთილდღეობის ამაღლებას ისახავდა მიზნად, მთავრობა ცდილობდა განეხორციელებინა მრავალგანზომილებიანი პოლიტიკური მიდგომა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებში. კოალიციური მთავრობა ერბაქანის საგარეო პოლიტიკის გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. როდესაც ერბაქანი აფრიკულ ტურნეში გაემგზავრა და ეგვიპტეს, ნიგერიასა და ლიბიას ეწვია, ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის, მიმართ მისმა პასიურობამ სამშობლოში მისივე ამომრჩევლები განარისხა. ერბაქანი პასიური ჩანდა კადაფის იმ საყვედურების ფონზე, რომ თურქეთის ისრაელისადმი მეგობრული საგარეო პოლიტიკა იმის დამტკიცება იყო, რომ იმპერიალისტურმა ძალებმა იგი „ოკუპაციის ქვეშ“ მოაქციეს, ხოლო თურქებმა „ეროვნული ნება“ დაკარგეს. ერბაქანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე კადაფიმ თურქეთი ქურთული პოლიტიკის გამოც მწვავედ გააკრიტიკა, რამაც თურქეთის პრემიერ-მინისტრი ძლიერ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო.[15] ამ საჯარო დამცირებას სამშობლოში დადებითი გამოხმაურება არ მოჰყოლია. მიუხედავად ამ რეაქციებისა, ერბაქანმა შეინარჩუნა პროისლამისტური საგარეო-პოლიტიკური კურსი და თავისი „ეროვნული ხედვის“ საწყისების ერთგული დარჩა. მან წამოაყენა ნატოსთან მეტოქე ისლამური უსაფრთხოების ორგანიზაციისა და ისლამური ვალუტის, დინარის შექმნის იდეა. ღრმად შეშფოთებულმა სამხედროებმა დააარსეს ინიციატივა სახელწოდებით „დასავლეთის სამუშაო ჯგუფი“, რომელსაც პარტიის საქმიანობის მონიტორინგი დაევალა.[16]
ერბაქანის იმიჯი შეილახა მისი ცნობილი გამოსვლით, სადაც მან აბუჩად აიგდო სუსურლუქის სკანდალის წინააღმდეგ მიმართული ყოველდღიური დემონსტრაციები. იმ პერიოდში მას ფართოდ ადანაშაულებდნენ გულგრილობაში. თურქეთის არმიამ ეტაპობრივად გაზარდა დაძაბულობა და ერბაქანის მთავრობას მრავალი საჯარო გაფრთხილება გაუგზავნა, რამაც, საბოლოოდ, 1997 წელს ერბაქანი იძულებული გახადა თანამდებობიდან გადამდგარიყო. იმ დროს კოალიციის ლიდერებს, ერბაქანსა და თანსუ ჩილერს შორის არსებობდა ოფიციალური შეთანხმება როტაციის შესახებ: ერბაქანს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გარკვეული ვადით უნდა ემუშავა, შემდეგ კი გადამდგარიყო ჩილერის სასარგებლოდ. თუმცა, ჩილერის პარტია პარლამენტში სიდიდით მესამე იყო და როდესაც ერბაქანი გადადგა, პრეზიდენტმა სულეიმან დემირელმა ახალი მთავრობის ფორმირება, ჩილერის ნაცვლად, სიდიდით მეორე პარტიის ლიდერს მესუთ ილმაზს დაავალა.[17][18][19]
პრემიერ-მინისტრობის შემდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერბაქანის მმართველი „კეთილდღეობის პარტია“ მოგვიანებით სასამართლომ აკრძალა იმ საბაბით, რომ პარტიას სახელმწიფოში ისლამური ფუნდამენტალიზმის წახალისების დღის წესრიგი ჰქონდა, ერბაქანს კი კიდევ ერთხელ აეკრძალა აქტიური პოლიტიკური საქმიანობა.[20] იგი ამტკიცებდა, რომ ჭეშმარიტად დემოკრატიულმა ქვეყანამ პოლიტიკური პარტია მისი შეხედულებების გამო არ უნდა დახუროს. 1997 წელს პარტიის აკრძალვის შემდეგ, იგი გაასამართლეს და ორი წლითა და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ე. წ. „დაკარგული ტრილიონის საქმეზე“, რომელიც დაახლოებით ერთი ტრილიონი ძველი თურქული ლირის (დღევანდელი კურსით 3.3 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის ხაზინის გრანტების დაბრუნების თავიდან ასაცილებლად ყალბი დოკუმენტების გამოყენებას ითვალისწინებდა.[21][22] სასამართლო პროცესის დასასრულს ერბაქანს ორი წლითა და ოთხი თვით პატიმრობა შეეფარდა.
იმის მიუხედავად, რომ ხშირად იმყოფებოდა პოლიტიკური აკრძალვის ქვეშ, ერბაქანი მაინც ასრულებდა მენტორისა და არაფორმალური მრჩევლის როლს „კეთილდღეობის პარტიის“ ყოფილი წევრებისთვის, რომლებმაც 1997 წელს „სათნოების პარტია“ დააარსეს — მათ შორის იყო თურქეთის მომავალი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი. 2001 წელს „სათნოების პარტია“ არაკონსტიტუციურად ცნეს და იძულებით აკრძალეს; ამ დროისთვის ერბაქანისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის ვადა უკვე ამოწურული იყო და მან დააარსა „ბედნიერების პარტია“, რომლის ლიდერიც იყო 2003–2004 წლებში და კვლავ 2010 წლიდან გარდაცვალებამდე.[23]
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ერბაქანი გარდაიცვალა 2011 წლის 27 თებერვალს, ადგილობრივი დროით 11:40 საათზე, გულის უკმარისობით, ანკარაში, ჩანქაიის რაიონში მდებარე გიუვენის საავადმყოფოში.[24][25][26] მისი ცხედარი სტამბოლში გადაასვენეს. ფათიჰის მეჩეთში ჩატარებული რელიგიური სამგლოვიარო ცერემონიის შემდეგ, შეკრებილი ხალხი მის კუბოს დაახლოებით 4 კილომეტრის მანძილზე მიჰყვა მერქეზეფენდის სასაფლაომდე, სადაც იგი მეუღლის, ნერმინის გვერდით დაკრძალეს. მას არ სურდა სახელმწიფო დაკრძალვა, თუმცა მის დაკრძალვას სახელმწიფოსა და მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირები დაესწრნენ.[27]
შეხედულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერბაქანის იდეოლოგია გადმოცემულია მანიფესტში, სახელწოდებით „Millî Görüş“ (ეროვნული ხედვა), რომელიც მან 1969 წელს გამოაქვეყნა.[4] ამავე სახელწოდების ორგანიზაცია, რომელიც მან დააარსა და რომლის ლიდერიც თავად იყო, დღესდღეობით ამტკიცებს, რომ სიტყვა „ეროვნული“ გაგებული უნდა იქნეს მონოთეისტური ეკუმენიზმის მნიშვნელობით.[28][29] „The Economist“-ის ცნობით, გარდაცვალებისას ერბაქანი აღიარებული იყო თურქ ისლამისტებზე ზომიერების განმსაზღვრელ ძალად, რომელმაც თურქეთი არაბული სამყაროსთვისაც შესაძლო მოდელად აქცია.[30]
მის საგარეო პოლიტიკას ორი ძირითადი საყრდენი ჰქონდა: პანისლამიზმი და სიონიზმთან ბრძოლა. მუსლიმურ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ერთიანობის მისაღწევად მან დააარსა „D-8“ ანუ „განვითარებადი რვიანი“. იგი რვა წევრს აერთიანებს, მათ შორის თურქეთს, ირანს, მალაიზიას, ინდონეზიას, ეგვიპტეს, ბანგლადეშს, პაკისტანსა და ნიგერიას.
მიუხედავად იმისა, რომ იგი მკაცრი ისლამისტი და სეკულარიზმის დაუძინებელი მოწინააღმდეგე იყო, ერბაქანმა მეგობრული ურთიერთობა დაამყარა ჟან-მარი ლე პენთან, რაც გამოწვეული იყო მათი საერთო რწმენით, რომ ევროპული და ისლამური ცივილიზაციები შეუთავსებელი იყო.[31][32]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Biography of Necmeddin ERBAKAN
- Official Website of Prime Minister of the Republic of Turkey (in Turkish)
- Felicity Party website (in Turkish)
- Erbakan Died (in Turkish)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ex-Turkish PM sentenced BBC. March 2000
- ↑ Turkey Bans Islamists BBC. January 1998
- ↑ Ömer BAYKAL; Ömer ÇAHA. Milli Görüş Hareketinin Kuruluşu: Türk Siyasetinde Milli Nizam Partisi Deneyimi. DergiPark. ციტირების თარიღი: 10 March 2020
- 1 2 3 4 5 6 7 8 85 yıllık yaşamından kesitler tr. Ntvmsnbc.com (27 February 2011). ციტირების თარიღი: 28 February 2011
- ↑ Necmettin Erbakan kimdir?: Siyasi mirası paylaşılamayan 'mücahit' Turkish. ციტირების თარიღი: 2022-04-01
- ↑ Ölümünün 10. yılında Necmettin Erbakan: Siyasi mirası paylaşılamayan 'mücahit' tr (2020-02-27). ციტირების თარიღი: 2022-04-01
- ↑ Prof. Dr. Necmettin Erbakan'in soyu ve dogumu დაარქივებული 18 July 2011 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Necmettin Erbakan'ın bilinmeyen CHP'li amcası kim tr. odatv.com (20 April 2021). ციტირების თარიღი: 1 April 2025
- ↑ ERBAKAN, Necmettin (1926-2011) tr. İslâm Ansiklopedisi. ციტირების თარიღი: 1 April 2025
- ↑ Radikal: "Nakşibendi şeyhi öldü – Nakşibendi tarikatının ünlü kollarından İskender Paşa cemaatinin şeyhi Coşan, Avustralya'da trafik kazasında yaşamını yitirdi. Aynı kazada ölen Uyarel, şeyhin olası haleflerinden sayılıyordu" 5 Şubat 2001
- ↑ „'Türkiye, Cezayir Olmaz'“. Milliyet. 7 November 1992.
- ↑ Erbakan: Türkiye Cezayir olmaz tr (14 May 1997). ციტირების თარიღი: 1 April 2023
- ↑ Armutçu, Oya (17 November 1997). „Erbakan tutuklanabilir“. Hürriyet. ციტირების თარიღი: 1 April 2023.
- ↑ Robins, Philip (1997). „Turkish foreign policy under Erbakan“. Survival. 39 (2): 82–100. doi:10.1080/00396339708442913.
- ↑ Kaddafi: Türkiye'nin hava sahası neden açık? tr. ციტირების თარიღი: 20 May 2020
- ↑ Cagaptay, Soner (20 February 2020). The New Sultan: Erdogan and the Crisis of Modern Turkey (en). Bloomsbury Publishing. ISBN 978-1-83860-060-0.
- ↑ Faulkner, Thomas (28 February 2011). „Necmettin Erbakan obituary“. The Guardian. ციტირების თარიღი: 26 February 2021. ციტატა: „From early 1996 until the middle of 1997, Erbakan was prime minister and the Welfare party ruled Turkey, its rural and religious style provoking a strong reaction from much of the metropolitan middle class and the military. In February 1997, the military sent tanks into an Islamist town near Ankara and issued a set of demands. Erbakan decided to step down and allow the junior partner in the coalition to lead the government. But he was wrongfooted when Demirel, now president of the republic, appointed the leader of a third party as prime minister.“
- ↑ Couturier, Kelly (19 June 1997). „TURKISH PREMIER QUITS UNDER ARMY PRESSURE“. Washington Post. ციტირების თარიღი: 26 February 2021.
- ↑ Couturier, Kelly (21 June 1997). „SECULARIST ASKED TO FORM NEW TURKISH GOVERNMENT“. Washington Post. ციტირების თარიღი: 26 February 2021.
- ↑ „Turkish party given another week to justify existence“. BBC News. ციტირების თარიღი: 20 May 2010.
- ↑ „Leaders of now-defunct Welfare Party stand trial for fraud“. Hürriyet Daily News. 9 February 1999. ციტირების თარიღი: 27 November 2014.
- ↑ „Former President Gül testifies to prosecutors in 'lost trillion case'“. Today's Zaman. 19 November 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 November 2014. ციტირების თარიღი: 27 November 2014.
- ↑ „84-year-old Erbakan elected Felicity Party leader“. Today's Zaman. 18 October 2010. ციტირების თარიღი: 18 October 2010.
- ↑ „Necmettin Erbakan vefat etti“. Ntvmsnbc (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 March 2011. ციტირების თარიღი: 27 February 2011.
- ↑ „Necmettin Erbakan: Politician who served as Turkey's first Islamist“. The Independent (ინგლისური). 23 October 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 June 2022. ციტირების თარიღი: 26 February 2021.
- ↑ Tergut, Pelin (14 December 2011). „A Fond Farewell for Necmettin Erbakan“. Time. ციტირების თარიღი: 26 February 2021.
- ↑ „Erbakan son yolculuğuna uğurlandı 2011-03-01“. Hürriyet (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 April 2015. ციტირების თარიღი: 14 October 2011.
- ↑ Statement of the IGMG დაარქივებული 20 June 2007 საიტზე Wayback Machine. (Islamische Gemeinschaft Milli Görüş e. V.) to the 2002 report of the German State Office for the Protection of the Constitution of North Rhine-Westphalia (in German)
- ↑ Wer ist Milli Görüs? (Who is Milli Görüs?), German daily Die Tageszeitung, 7 May 2004 (in German)
- ↑ „Erbakan's legacy“. The Economist. 3 March 2011. ციტირების თარიღი: 26 February 2021.
- ↑ „Necmettin Erbakan“. The Telegraph. 10 April 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 January 2022.
- ↑ „Fransız sağının güçlü ismi Le Pen: Erbakan sivri zekâlı bir stratejist“. Milli Gazete (თურქული). 17 July 2019. ციტირების თარიღი: 26 February 2021.