შინაარსზე გადასვლა

ნეფერურა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნეფერურა
მეფის ქალიშვილი, ამონის ღვთაებრივი მეუღლე

სენენმუტისა და ნეფერურას ოთხკუთხა ქანდაკება
დინასტია: ეგვიპტის მეთვრამეტე დინასტია
მამა: თუტმოს II
დედა: ჰატშეფსუტი

ნეფერურა ან ნეფერური (ძვ. ეგვიპტურად: Nfrw-Rꜥ, „რეს (რას) მშვენიერება“) — ეგვიპტის მეთვრამეტე დინასტიის პრინცესა. ორი ფარაონის, ჰატშეფსუტისა და თუტმოს მეორის ქალიშვილი.[1] მსახურობდა ძველი ეგვიპტის მთავრობასა და რელიგიურ ადმინისტრაციაში, მაღალ თანამდებობებზე.

ნეფერურა თუტმოს მეორისა და მისი მეუღლის, ჰატშეფსუტის ერთადერთი ცნობილი შვილი გახლდათ. ის თუტმოს პირველის შვილიშვილი და თუტმოს მესამის ნახევარდა იყო. ვარაუდობენ, რომ ნეფერურა თავის ნახევარძმაზე დაქორწინდა, მაგრამ ამ ქორწინების დამაჯერებელი მტკიცებულება არ არსებობს. მეფის შვილი, სახელად ამენემჰატი, თუტმოს III მეფობის 24 წელს პირუტყვის ზედამხედველად დანიშნეს, და ეს პრინცი შესაძლოა ნეფერურას ვაჟი ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ თუ ნეფერურა თუტმოს მესამის მეუღლე გახდებოდა, მას ტიტული შეეცვლებოდა, რაც არ მომხდარა.[1]

სენენმუტი და ნეფერურა, ბრიტანეთის მუზეუმი

ნეფერურა თუტმოს II მეფობის დროს დაიბადა. კარნაკის ტაძარში პრინცესა თუტმოს II და ჰატშეფსუტთან ერთადაა გამოსახული.[2] მამამისი დიდი ალბათობით ტახტზე ასვლიდან სულ რაღაც სამ წელიწადში გარდაიცვალა.[3] ტახტის მემკვიდრე, თუტმოს III, ამ დროისათვის ჯერ მხოლოდ ბავშვი იყო და ამიტომ, ჰატშეფსუტი მის რეგენტად მსახურობდა, მაგრამ მისი მმართველობის მეშვიდე წლისთვის დადასტურებულია, რომ ჰატშეფსუტმა ფარაონის როლი შეითვისა და სიკვდილამდე, ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმეფა.[2][4]

ნეფერურას ჰატშეფსუტის ყველაზე სანდო მრჩევლები, უპირველესად კი აჰმოსე პენ-ნეხებეტი ასწავლიდა, რომელიც რამდენიმე წინა ფარაონსაც ემსახურებოდა და რომელსაც ყველა დიდ პატივს სცემდა. აჰმოსეს აკლდამაში ჩვენ ვხვდებით წარწერას:

„ჩემთვის ღვთის მეუღლე სიკეთეს ქმნიდა, მეფის დიდებული მეუღლე მაათკარე; მე აღვზარდე მისი უფროსი (ქალიშვილი), პრინცესა ნეფერურა, სანამ ის გულით (ჯერ კიდევ) ბავშვი იყო.“[2]

ნეფერურას შემდეგი მასწავლებელი სენენმუტი იყო.[4] სენენმუტი ცნობილია იმ მრავალი ქანდაკების გამო, რომლებშიც ის თავის მოსწავლესთან ერთადაა გამოსახული. ამათგან, შვიდი ქანდაკება ოთხკუთხა ფორმისაა, რომლებშიც პრინცესა ნეფერურას თავი ბოლომდე არაა გამოთლილი; ერთ ქანდაკებაში აღსაზრდელი სენენმუტს კალთაში უზის, ხოლო მეორეში თავად სენენმუტი გვხვდება მჯდომარე პოზაში, ცალი ფეხი აკეცილი აქვს, ხოლო ნეფერურა მის მეორე ფეხს ეყრდნობა.

ჰატშეფსუტის გამეფების შემდეგ, სენენმუტი მისი მრჩეველი გახდა, ხოლო ნეფერურას მასწავლებლის როლი ადმინისტრატორ სენიმენს გადაეცა.[2]

დედის ეგვიპტის ტახტზე ასვლის შემდეგ, ნეფერურას სამეფო კარზე უჩვეულოდ პრივილეგირებული როლი მიენიჭა, რომელიც ფარაონის ქალიშვილის ჩვეულ უფლებებს ბევრად აღემატებოდა. ჰატშეფსუტის ფარაონობისას, ნეფერურას თითქმის დედოფლად მოიაზრებდნენ.[5] ის ზემო და ქვემო ეგვიპტის ქალბატონის წოდებებით, ასევე მიწების ქალბატონისა და ამონის ღვთაებრივი მეუღლის ტიტულებით დაჯილდოვდა; ეს უკანასკნელი იყო ის, რისი დათმობაც ჰატშეფსუტს, ფარაონობის სანაცვლოდ მოუხდა.[4] ეს თანამდებობები სამეფო ოჯახის წევრ ქალს უნდა შეეთვისებინა, რათა რელიგიური და საზეიმო მოვალეობები შეესრულებინა. კარნაკის ტაძარში, ჰატშეფსუტის წითელ სამლოცველოში გამოსახული ერთი სცენის ინტერპრეტაცია ქალს ამონის ღვთაებრივი მეუღლის რიტუალების შესრულებისას ასახავს.[5]

ნეფერურა მმართველობის მეთერთმეტე წლით დათარიღებულ, სერაბიტ ელ-ხადიმის სტელაზეცაა გამოსახული.[5] ქვაზე ის სენენმუტთან ერთადაა ნაჩვენები. მმართველობის წელიწადი სტელას თავზეა მითითებული, მაგრამ მმართველი ფარაონის სახელი ნახსენები არ არის.[2]

ვინაიდან ნეფერურა დედამისის გარდაცვალების გამო აგებულ ტაძარშიც გვხვდება, რამდენიმე ავტორი თვლის, რომ ის თუტმოს III მმართველობის პირველ წლებში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, და რომ თუტმოსის უფროსი ვაჟი, ამენემჰატი, მისი შვილი უნდა ყოფილიყო.[6] პიტერ დორმანი ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთი სფინქსი, რომელიც თუტმოს III მეფობითაა დათარიღებული, სწორედ რომ ნეფერურას, დედოფლის ამპულაში ასახავდა; აღსანიშნავია, რომ ამ თეორიის არც დამამტკიცებელი, და არც უარმყოფი მტკიცებულებები ამჟამად არ გაგვაჩნია. საბოლოოდ გაურკვეველია, ნეფერურა დაქორწინდა თუ არა საკუთარ ნახევარძმაზე.[2] მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს თუტმოს III და ნეფერურას ქანდაკებები, რომლებიც მათ როგორც და-ძმას, ან როგორც დაქორწინებულ წყვილს, ისე გამოსახავენ, ეს თუტმოს III მიერ ჰატშეფსუტთან და ნეფერურასთან დაკავშირებული სურათებისა და წარწერების სისტემატიურ განადგურებასაც შეგვიძლია მივაწეროთ. ისტორიკოსი კარა კუნი ამტკიცებს, რომ ნეფერურას მიერ ამონის ღვთაებრივი მეუღლის პოსტის დაკავებამ და ჰატშეფსუტის პოლიტიკური ავტორიტეტის მკვეთრმა ზრდამ პატრიარქალური ძალაუფლების ბალანსი საგრძნობლად შეარყია.[7] ნეფერურას არსებობა მთლიანად წაშლილია მატერიალური ჩანაწერებიდან, თუმცა ერთი ეგვიპტოლოგი მის გამოსახულებას ჰატშეფსუტის ტაძრის ერთ-ერთ დიდ რელიეფს აწერს, რომელიც შესაძლოა ადრე ნეფერურას გამოსახავდა, მაგრამ მოგვიანებით გადასწორდა რომ ჰატშეფსუტის დედა, იაჰმოსი გამოესახა.[7]

შესაძლებელია, რომ ნეფერურა დედის მეფობის დროს გარდაიცვალა. ის ნახსენებია სენენმუტის პირველ სამარხში, რომელიც მმართველობის მეშვიდე წელს აიგო. რაც შეეხება მის და თუტმოს III ურთიერთობას - ორ გამოსახულებაზე, თუტმოსის მეუღლის სახელად სატიაჰია ჩაწერილი, რომელმაც, როგორც ჩანს, ნეფერურას სახელი შეცვალა (პირვანდელი წარწერა წაშალეს და სატიაჰი ზევიდან დააწერეს); ამ გამოსახულებებიდან ერთი ასოცირდება სათაურთან „დიდებული სამეფო მეუღლე“, მეორე კი - „ღვთიური მეუღლე“,[1] ის ტიტულები, რომლებსაც სატიაჰი მოგვიანებით სხვა წარწერებზეც ატარებს.[6] საპირისპიროდ, ნეფერურასთან დაკავშირებული ყველა ტიტული სატიაჰს არ ეკუთვნის.

დაკრძალვა და აკლდამა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამარხი, რომელიც სავარაუდოდ მისთვის აშენდა, არქეოლოგმა ჰოუარდ კარტერმა, კლდის თავზე, უადი გაბანატ ელ-კურუდში, დასავლეთ ვადისის იმ ნაწილში იპოვა, რომელიც დედოფალთა ველს უკავშირდებოდა. ეს აკლდამა ნეფერურას იმ დაზიანებული ვერტიკალური კარტუშის არსებობით უკავშირდება, რომელიც საფლავის შესასვლელის ქვემო კედელშია ამოჭრილი, და რომელიც მის სახელს შეიცავს.[8] თავად სამარხი შედგება ორი გასასვლელისაგან, რომელთაგან ერთი წაგრძელებულ კამერაში შედის, ხოლო მეორე მარჯვნივ მიემართება და ნიშით მთავრდება;[9] აღმოჩენისას ეს საცავი თითქმის დაცარიელებული იყო,[1] მაგრამ შელესილი კედლები და გადასწორებული ჭერი მეტყველებდნენ, რომ ის ოდესღაც ვინმეს მიერ გამოყენებული უნდა ყოფილიყო.[9] შეინიშნებოდა ოხრისა და ყვითელი საღებავების კვალი. არქეოლოგები, რომლებმაც საფლავი დაათვალიერეს, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ნეფერურას დედის შემდეგ აღარ უნდა ეცოცხლა. ალტერნატიულად, მისი აკლდამა შესაძლოა ვადი ა-ში, ჰატშეფსუტის, როგორც დიდებული სამეფო მეუღლის სამარხთან ახლოს ყოფილიყო განთავსებული.[9]

  • Lilyquist, Christine; Hoch, James E.; Peden, A. J. (2003). The Tomb of Three Foreign Wives of Tuthmosis III. Metropolitan Museum of Art. p. 4. ISBN 978-1-58839-046-2. Retrieved 25 September 2021.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 Dodson, Aidan; Hilton, Dyan (2004) The Complete Royal Families of Ancient Egypt. Thames & Hudson, გვ. 130–141. ISBN 0-500-05128-3. 
  2. 1 2 3 4 5 6 O'Connor, David; Cline, Eric H (2006) Thutmose III: A New Biography. University of Michigan Press, გვ. 50, 54, 78, 96, 97, 279, 297, 300. ISBN 978-0-472-11467-2. 
  3. Cooney, Kara (2018). When Women Ruled the World: Six Queens of Egypt. National Geographic, გვ. 108. ISBN 978-1426219771. 
  4. 1 2 3 Tyldesley, Joyce (1996). Hatchepsut: the female pharaoh. Viking, გვ. 101–103. ISBN 0-670-85976-1. 
  5. 1 2 3 Tyldesley, Joyce (2006). Chronicle of the Queens of Egypt. Thames & Hudson, გვ. 98. ISBN 0-500-05145-3. 
  6. 1 2 Shaw, Ian (2003). The Oxford History of Ancient Egypt. Oxford University Press, გვ. 263. 
  7. 1 2 Cooney, Kara (2020). When women ruled the world: Six Queens of Egypt. Washington DC: National Geographic, გვ. 66–81. 
  8. Carter, Howard (1917). „A Tomb Prepared for Queen Hatshepsuit and Other Recent Discoveries at Thebes“. The Journal of Egyptian Archaeology. 4 (2/3): 107–118. doi:10.2307/3853878. JSTOR 3853878. ციტირების თარიღი: 25 October 2021.
  9. 1 2 3 Lilyquist, Christine; Hoch, James E.; Peden, A. J. (2003) The Tomb of Three Foreign Wives of Tuthmosis III (en). Metropolitan Museum of Art, გვ. 4. ISBN 978-1-58839-046-2.