ნესტორ მალაზონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მალაზონია (მრავალმნიშვნელოვანი).
ნესტორ მალაზონია
დაბადების თარიღი 22 დეკემბერი, 1892(1892-12-22)
დაბადების ადგილი მამათი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 22 დეკემბერი, 1983(1983-12-22) (91 წლის)
ფსევდონიმი ნესტორ მანიძე და მიხ. ნაროელი
საქმიანობა პოეტი და საზოგადო მოღვაწე
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ

ნესტორ გლახუნას ძე მალაზონია (დ. 22 დეკემბერი, 1892[1], სოფელი მამათი — გ. 22 დეკემბერი, 1983, იქვე) — ქართველი პოეტი, პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნესტორ მალაზონიას მემორიალური დაფა ბათუმში

ნესტორ მალაზონია 1892 წლის 12 ოქტომბერს დაიბადა სოფელ მამათში ღარიბი გლეხის, გლახუნა მალაზონიას ოჯახში. ჰყავდა 8 დედმამიშვილი. 1905 წელს დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სკოლა. შემდეგ გადავიდა ოზურგეთში და მუშაობდა სახარაზოში. იქვე სწავლობდა საქალაქო სასწავლებელში (დღევანდელი მეორე საჯარო სკოლა). 1907 წელს მოსწავლეთა რეულობის გამო სასწავლებელი დახურეს და სკოლა ვერ დაასრულა. სიყმაწვილეში, 1908-1911 წლებში მუშაობდა ძიმითის სასოფლო სამმართველოს შიკრიკად და სკოლის დამლაგებლად, თან ემზადებოდა სამასწავლებლო სემინარიაში შესასვლელად. 1912 წელ შევიდა ხონის სამასწავლებლო სემინარიაში, სადაც სწავლობდა 1918 წლამდე, 1914-1917 წლების გამოკლებით, როდესაც პირველი მსოფლიო ომის გამო არმიაში იყო გაწვეული. მსახურობდა ტამბოვში და გერმანიის ფრონტზე. 1915 წლის აპრილში მიიღო ჭრილობა და ორი თვის მკურნალობის შემდეგ დაბრუნდა სოფელში. შემდეგ ჩარიცხეს 221-ე სათადარიგო ბატალიონში, ბათუმში, სადაც მოუსწრო თებერვლის რევოლუციამ და დემობილიზაციამ. იმავე წელს დაბრუნდა სემინარიაში, მაგრამ მამისა და ძმის გარდაცვალების, ასევე ხელმოკლეობის გამო, 1918 წელს შეწყვიტა სწავლა და დაბრუნდა სოფელში.

1919 წლის 1 იანვარს დაიწყო მასწავლებლად მუშაობა ჯერ აცანის, შემდეგ მამათის სკოლებში. 1910-1923 წლებში იყო სოციალისტ-ფედერალისტების წევრი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1921 წლიდან. 1925 წლიდან ნესტორ მალაზონიამ მუშაობა ბათუმში განაგრძო, სადაც თავდაპირველად ინდუსტრიულ ტექნიკუმის აღმზრდელ-მასწავლებელი იყო. 1930 წელს დაინიშნა განათლების მუშაკთა კავშირის საოლქო გამგეობის პასუხისმგებელ მდივნად, ხოლო 1931 წლიდან თავმჯდომარედ. 1933-1935 წლებში იყო ხულოს რაიონული გაზეთის რედაქტორი; 1935-1937 წლებში აჭარის განათლების კომისარიატის კადრების გამგე; 1937-1938 წლებში იყო გაზეთ „საბჭოთა აჭარის“ ღამის რედაქტორი 1938-1941 წლებში ბათუმის სახელმწიფო გამომცემლობის წარმოების უფროსი; 1941-1951 წლებში გაზეთ „საბჭოთა აჭარის“ სტილისტ-მთარგმნელი; 1951 წლიდან გამომცემლობა „სახელგამის“ რედაქტორი.

სამეცნიერო-ჟურნალისტიკური მოღვაწეობის პარალელურად აქტიურად იყო დაკავებული პოეტური მოღვაწეობით, 1926 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი, 1934 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია. ავტორია წიგნებისა: „პატაკი ოქტომბერს“, (ლექსების კრებული) „გულიზარი“ (პოემა), „გულის ხმა“ (ლექსების კრებული), „ჩვენი ყვავილები“ (საბავშვო ლექსების კრებული) , „თაგვი: აჭარული ზღაპარი“, „დაბადებულან გმირები“ (ლექსების კრებული), „რჩეული“ (ლექსების კრებული).

დაჯილდოებულია მედლით „მამაცური შრომისთვის“, ნესტორ მალაზონიას სახელი ეწოდა ქუჩას ქალაქ ბათუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]