ნესოსი (კენტავრი)
| ნესოსი | |
|---|---|
| მამა: | იქსიონი |
| დედა: | Nephele |
| გამოსახულებები | |
ნესოსი[1] (ძვ. ბერძნ. Νέσσος) — ბერძნულ მითოლოგიაში, ავი კენტავრი, იქსიონის და ნეფელეს (ღრუბლის) შვილი. ცნობილია ჰერაკლეს ციკლთან დაკავშირებით. პირველად გადარჩა, ფოლოსის მღვიმეში გამართულ ბრძოლაში. მერე მდინარე ევენოსზე გადაჰყავდა მგზავრები და გასამრჯელოს იღებდა. კალიდონიდან ტრაქინაში მიმავალ ჰერაკლესაც შესთავაზა სამსახური, როცა ზევსის შვილს მდინარის ღმერთ აქელოოსთან ორთაბრძოლაში მოპოვებული პატარძალი დეიანეირა, ეტოლიის მეფის ოინევსის ასული, მორიგი ქორწილის შემდეგ შინ მიჰყავდა. ჰერაკლე ფეხით გავიდა, დენიანეირა კი ნესოსმა შეისვა ზურგზე და მდინარეში შესულმა ქალის გატაცება მოიწადინა. ფეხმარდ კენტავრს ჰერაკლემ ჰიდრის სისხლში ამოვლებული ისარი დაადევნა. სასიკვდილოდ დაჭრილმა ნესოსმა დეიანეირას სისხლის და თესლის სამსალა და მზაკვრული რჩევა მისცა: ჩემი სისხლი შეინახე და როცა ქმარმა გიღალატოს, ამით დანამული სამოსი ჩააცვიო. მრავალი წლის შემდეგ, როცა ჰერაკლემ მეფე ევრიტოსი და მისი შვილები დახოცა, გამარჯვებულ გმირს შინ დაბრუნება შეაგვიანდა. მხოლოდ ტყვე მეფის ასული იოლე გამოგზავნა, დეიანეირამ ეჭვი აიღო და ქმრის სიყვარულის შენარჩუნების მიზნით ნესოსის სისხლით დანამული ქიტონი გაუგზავნა. ჰიდრის შხამმა გმირი ისე გაამწარა, რომ კოცონზე ცოცხლად დაწვა ამჯობინა.
ზოგი ვერსიით, ნესოსი ავხორცული ჟინით ატანილი უახლოვდებოდა პატარძალს და გაშმაგებულმა ჰერაკლემ კომბლით მოკლა, მაგრამ მაშინ გაუგებარი რჩება, როგორ მოელაპარაკა მომაკვდავი კენტავრი დეიანეირას ჰერაკლეს დასწრებით. მრავალ სურათზე გმირი ნესოსს ზურგზე აზის ან პირისპირ შებმია და მახვილით კლავს.
ხელოვნებაში ნესოსის ასახვის არაერთი ნიმუშია სხვაგანაც. ნეაპოლის მუზეუმში ნესოსი ჰერაკლეს წინ დაჩოქილა, ესაა პომპეიის კედლის მხატვრობის ნიმუში.
ისრით მოკვლის ვერსია უფრო გვიანდელია, უფრო ბუნებრივიც (სოფოკლე, ტრაქინელი ქალები; ოვიდ, სენეკა, დიოდორე). ეს სცენა ასახულია რომის და მადრიდის მოზაიკაზე. შემონახულია დეიანეირას პლასტიკური სახეც (ჯიოვანი და ბოლონია), ფერწერული სახეები (გვიდო რენი, პოლაიოლი, რუბენსი, ალდეგრევერი; შპრინგერი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „მითოლოგიური ლექსიკონი“, 1983, გვ. 347