შინაარსზე გადასვლა

ნერონის ოქროს სახლი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნერონის ოქროს სახლი
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
სტატუსი მოქმედი
ისტორია
თარიღდება ახ. წ. 64–68
ნერონის ოქროს სახლი — იტალია
ნერონის ოქროს სახლი
ნერონის ოქროს სახლი ვიკისაწყობში

ნერონის ოქროს სახლი (იტალ. Domus Aurea) — უზარმაზარი ნაგებობათა კომპლექსი, რომელიც იმპერატორმა ნერონმა ააგო ოპიუსის ბორცვზე, რომის შუაგულში, ახ. წ. 64 წელს მომხდარი ხანძრის შემდეგ[1].

ოქროს სახლმა ჩაანაცვლა დომუს ტრანზიტორია, რომელიც ნერონმა კომპლექსის თავდაპირველ ვერსიად შექმნა[2].

მშენებლობა 64 წლის დიდი ხანძრის შემდეგ დაიწყო და მის დასრულებას ცოტაღა აკლდა, როდესაც 68 წელს ნერონი გარდაიცვალა. დროის ეს შუალედი ასეთი მასშტაბური პროექტის დასასრულებლად საკმაოდ მოკლე დრო იყო.[3] ტაციტუსის თანახმად, ნერონი დიდ ინტერესს იჩენდა პროექტის ყველა დეტალის მიმართ და ხელმძღვანელობდა ინჟინერ-არქიტექტორებს, ცელერს და სევერუსს, რომლებიც ასევე პასუხისმგებელნი იყვნენ არხის მშენებლობაზე. ამ არხის დაკავშირება ნერონს მისენუმ ავერნუსის ტბასთან უნდოდა.

იმპერატორმა ოტონმა[4] და ტიტუსმა ბიუჯეტიდან გამოყვეს თანხა ოპიუსის ბორცვზე არსებული ნაგებობის დასასრულებლად.  ეს ადგილი კვლავ დასახლებული იყო იმპერატორ ვიტელიუსის დროს[5], ანუ 69 წელს, მაგრამ საბოლოოოდ ეპიდემიისა და 104 წელს დაწყებული ხანძრის შემდეგ განადგურდა. ოქროს სახლი რომში თავაშვებულობის სიმბოლოდ ითვლებოდა. საუკუნეების განმავლობაში ის მარმარილოს, ძვირფასი ქვებისა და სპილოს ძვლისგან გაძარცვეს[6].

მიუხედავად იმისა, რომ ეს ვილა რამდენიმე წლის განმავლობაში დასახლებული იყო, 79 წელს სასახლე და კომპლექსის სხვა, 2.6 კმ2-ზე გადაჭიმული ტერიტორიები მიწით ამოავსეს და ზემოდან ტიტუსის აბანოები დააშეენეს. სასახლის ეზოს შუაგულში ვესპასიანემ ააშენა ფლავიუსების ამფითეატრი, რომლის წყლით ავსებაც სურვილისამებრ შეიძლებოდა. თეატრს გვერდით ნერონის კოლოსი ედგა. მოგვიანებით აქ ასევე აშენდა ტრაიანეს აბანოები და ვენერასა და რომის ტაძრები. პარადოქსულია, მაგრამ ამ ნაგებობებმა უზრუნველყვეს კედლის მხატვრობის გადარჩენა და მისი ტენისგან დაცვა.

ოქროს სახლის ფრესკები

მე-15 საუკუნის ბოლოს, ესკვილიანეს გორაზე ასული ახალგაზრდა რომაელი ორმოში ჩავარდა და უცნაურ გამოქვაბულში აღმოჩნდა, რომელიც ფრესკებით იყო სავსე. მან ყველას მოუთხრო ნანახი და მალევე ახალგაზრდა ხელოვანები თოკგამობმული ფიცრებით ეშვებოდნენ იმავე ორმოში, რათა ფრესკები საკუთარი თვალით ენახათ. მაშინ აღმოჩენილმა ფრესკებმა დღემდე ვერ მოაღწია, თუმცა რენესანსულ ეპოქაში მისმა გროტესკულმა სტილმა უდიდესი გავლენა იქონია მოსახლეობაზე.

როდესაც რაფაელი და მიქელანჯელო ამ „გამოქვაბულს“ ესტუმრნენ, მათ თვალწინ გადაიშალა ანტიკური სამყაროს მთელი გრანდიოზულობა. დღეს ოქროს სახლის კედლებზე ისეთი ადამიანების ხელმოწერებია შემორჩენილი, როგორებიც არიან კაზანოვა, მარკიზ დე სადი, დომენიკო გირლანდაიო და მარტინ ვან ჰემსკერკი.

ოთხი დიდი ფრესკა 1668 წელს მოიხსნეს კედლიდან. მათგან ერთადერთი გადარჩენილი ნიმუში ამჟამად აშმოლის მუზეუმშია გამოფენილი.

ფრესკების გავლენა რენესანსის ეპოქის მხატვრებზე მყისიერი და ღრმა იყო (ეს ყველაზე ნათლად ჩანს რაფაელის მოხატულ ვატიკანის დარბაზების დეკორაციებში), ხოლო თეთრი კედლები, ნაზი ხვეულები და ფრიზი საუკუნეების განმავლობაში პერიოდულად ხდებოდა მოდური. ამ სტილმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მე-18 საუკუნის ნეოკლასიციზმის დროს.

"სფინქსის ოთახი" რომის სახლში

ოქროს სახლში კედლების დიდი ნაწილი ნახევრად ძვირფასი ქვებით იყო მოპირკეთებული, ხოლო რა ნაწილსაც ძვირფასი ქვები არ ჰქოდა, ფრესკები ფარავდა. მათი მხატვარი იყო ფამულუსი (შესაძლოა ფაბულუსი ან ამულიუსი ზოგიერთი წყაროს მიხედვით). ფრესკის ეს ტექნიკა, სველ თაბაშირზე მუშაობა, სწრაფ და პროფესიონალურ ხელს მოითხოვს. ფამულუსი და მისი თანაშემწეები კედლის იმ ფართობს, რომელსაც მნახველი შესვლისას პირველს დაინახავდა, მთლიანად ფრესკებით ფარავდნენ. პლინიუსი, თავის „ბუნების ისტორიაში“[7] , იხსენებს, თუ როგორ მიდიოდა ფამულუსი ოქროს სახლში დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით, რათა მუშაობა დღის სინათლეში მოესწრო.

ნაგებობას აწვებოდა ზემოდან დაყრილი მიწის წონაც. მისი მდგომარეობის შესახებ მზარდი შეშფოთების გამო, ოქროს სახლი 2005 წლის ბოლოს დახურეს აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად. კომპლექსი ხელახლა გაიხსნა 2007 წელს, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით 2008 წელს კვლავ მოუწიათ მისი დახურვა.

2010 წლის 30 მარტს სარდაფის კიდევ 60 კვადრატული მეტრი ჩამოინგრა. საბოლოოდ, ოთხწლიანი რესტავრაციული სამუშაოების შემდეგ, ოქროს სახლი კვლავ გაიხსნა.

წყაროები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Roth (1993)
  2. Filippo Coarelli, Roma, Bari & Roma, Laterza, 2012 p 228
  3. De la Croix, Horst; Tansey, Richard G.; Kirkpatrick, Diane (1991) Gardner's Art Through the Ages, 9th, Thomson/Wadsworth, გვ. 225. ISBN 0-15-503769-2. 
  4. Suetonius, Otho 7.1
  5. Cassius Dio, LXV, 4.1.
  6. The Domus Aurea: Nero's pleasure palace in Rome. ციტირების თარიღი: 2019-05-14
  7. Pliny xxxvi.111