ნეპტუნის შადრევანი (ბათუმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნეპტუნის შადრევანი

ბათუმის ნეპტუნის შადრევანი
კოორდინატები 41°39′08″ ჩ. გ. 41°38′13″ ა. გ. / 41.65222° ჩ. გ. 41.63694° ა. გ. / 41.65222; 41.63694
მდებარეობა საქართველოს დროშა ბათუმი, საქართველო
ტიპი შადრევანი
მასალა ქვა, თითბერი, მარმარილო
გახსნის თარიღი 2010

ნეპტუნის შადრევანიმანერიზმულ სტილში გაკეთებული მონუმენტური შადრევანი, მდებარე ბათუმის დრამატული თეატრის წინ, სკვერში, საქართველოს ქალაქ ბათუმში. შადრევნის ნეპტუნის მოოქროვილი ფიგურა, მისი ღვთიური ჟესტით, წყლების დამშვიდებისა და მართვის უნარს გამოხატავს. ქანდაკების სკვერში დამონტაჟება ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ 2010 წელს მოხდა. თითბერის მასალისგან დამზადებული ძეგლი ჩინეთიდან ჩამოიტანეს და მის დამონტაჟებაში ჩინელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. ამ ძეგლის XVI საუკუნის ორიგინალი ნეპტუნის შადრევანი იტალიაში, ქალაქ ბოლონიაში იმავე სახელის მქონე ნეპტუნის მოედანზე დგას. 2011 წელს შადრევნის ცენტრში მდგარი ნეპტუნის ქანდაკება და ჰერალდიკური ფარები მოაოქროვეს[1].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოოქროვილი ჰერალდიკური ფარი, ლათინური წარწერით „LIBERTAS“ (თავისუფლება)

შადრევნის საფუძველი უბრალო ქვისგან, ხოლო გარე მოპირკეთება მარმარილოსგანაა შერსულებული. შადრევნის თასს კვადრატული ფორმა აქვს, ფიგურული ოდნავ შიგნით შეზნექილი კუთხეებით. თასის შუაგულში აღმართულია პოსტამენტი, რომელზეც ნეპტუნის სამკაპიანი მოოქროვილი ქანდაკება დგას. პოსტამენტის გარშემო, ნეპტუნის ქვეშევრდომების — ზღვის სამეფოს ბინადრების ფიგურებია. სირინოზების, დელფინების, ნერეიდების და სხვა მითური არსებების ფიგურებიდან წყლის ნაკადები გადმოედინება, პოსტამენტის გვერდებზე კი მოოქროვილი ჰერალდიკური ფარებია მიმაგრებული, ლათინური წარწერებით „LIBERTAS“ (თავისუფლება).

დღესდღეობით ნეპტუნის შადრევანი, ბათუმში ტურისტებისთვის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილია[2].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]