ნეკრესის წარწერები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნეკრესის წარწერები - ნეკრესის ნაქალაქარზე აღმოჩენილი ქრისტიანობამდელი ხანის ქართული წარწერები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეკრესის ნაქალაქარზე არქეოლოგიურ სამუშაოებს აწარმოებს საქართველოს ეროვნული მუზეუმი 1984 წლიდან. გათხრილია II-IV საუკუნეების ცეცხლის ტაძარი, ანტიკური ხანის ქალაქის ზღუდის ნაწილი: IV-VI საუკუნეების ნაგებობის ნაშთები (სასახლე, მარანი). VI საუკუნის ეკლესია და სხვ. აღმოჩენათა შორის მეტად მნიშვნელოვანია IV-VI სს. დათარიღებული არიტექტურული ნაგებობის კედლებში ჩატანებული ქვის ფილები ქართული უძველესი წარწერებით, რომელთა ხნოვანება განისაზღვრება IV საუკუნის ნაგებობის ქვეშ არსებული კულტურული ფენის კერამიკით ახ.წ. I-III საუკუნეებით. პალეოგრაფიული ნიშნებითაც ისინი უძველესი წარწერების რიგში ექცევიან. სულ დადასტურებული შვიდი წარწერიდან I-III საუკუნეებს მიეკუთვნება 5 წარწერა.

1999 წელს დადასტურებულ იქნა კიდევ ერთი წარწერიანი ფილა. ის აღმოჩნდა ნაქალაქარის ტერიტორიის ცენტრში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ითხრება IV საუკუნის მონუმენტური ეკლესია.

ქვების აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარწერიანი ქვა სიგრძით 41,5 სმ-ია. მისი სიგანეა 10-10,5 სმ, სისქე - 5,5 სმ. თავი და ბოლო მოტეხილი აქვს. განსაკუთრებით დასანანია ზედა ნაწილის დააზიანება, რამდენადაც დაიკარგა წარწერის დასაწყისი ნაწილი. წარწერა შესრულებულია ამოკაწვრის წესით. ასოების სიმაღლე მერყეობს 1,8-2,5 სმ-ს შორის, სიგანე - 1,0-2,0 სმ-ს შორის.

შემორჩენილია ორი დაზიანებული და ექვსი სრული სტრიქონი.

  • პირველი სტრიქონი: შემორჩენილია ბოლო ორი ასოს ქვედა ნაწილები.
  • მეორე სტრიქონი: შემორჩენილია პირველი ორი ასოს ქვედა ფრაგმენტები და ორი ბოლო ასო (ან).
  • მესამე სტრიქონი: (აზატ). ბოლო ჩამოტეხილია, შეიძლება აღდგეს: (ი).
  • მეოთხე სტრიქონი: (სი არს)
  • მეხუთე სტრიქონი: (ნოჳმ)
  • მეექვსე სტრიქონი: (ცავინ)
  • მეშვიდე სტრიქონი: (ხრევ)
  • მერვე სტრიქონი: (ს)

წაკითხვა:

  • აზატ(ი)
  • სი არს
  • ნუმ
  • ცავინ
  • ხრევ

წარწერა, ერთი მხრივ, აღნიშნავს დაკრძალულის ვინაობას და, მეორე მხრივ, თხოვნაა თუ მოწოდება: ნურავინ შეეხება მას. ნურავინ არევს (ნუმცავინ ხრევს).

წარწერა ასომთავრულია. გამოყენებულია ქართული ანბანის თოთხმეტი ასონიშანი: ა(4), ე(1), ვ(2), ზ(1), ი(2), მ(1), ნ(2), რ(2), ს(3), ტ(1), ჳ(1), ო(1), 0(1), ხ(l).

როგორც ირკვევა, საქმე გვაქვს წარწერიან საფლავის ქვასთან, რომელიც სტელის სახით იქნებოდა აღმართული საფლავზე. წარწერის დაზიანებულ ნაწილში, სავარაუდოა. აღნიშნული იქნებოდა დაკრძალულის სახელი. ნეკრესის სხვა წარწერებისაგან განსხვავებით, აღნიშნულ წარწერას ორი სიახლე ახასიათებს. ის ხანმეტურია და მასში გვხვდება ძველი ქართული წყაროებისათვის უცნობი სოციალური ტერმინი აზატი. ეს ტერმინი ვარაუდით პართულ ხანაში უნდა იყოს შემოსული, აღნიშნავდა - თავისუფალს. მეზობელი ქვეყნების - ირანისა და სომხეთის - მაგალითებით აზატები მძიმედ შეჭურვილი ცხენსანი მეომრები იყვნენ. არის ვარაუდი, რომ მასთან არის დაკავშირებული ქართული სოციალური ტერმინი აზნაური - მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლის სახელი, რომელიც დადასტურებული გვაქვს პირველივე ქართულ ლიტერატურულ ძეგლში „შუშანიკის წამება“. წარწერის მიხედვით აზატის ინსტიტუტის არსებობა საქართველოში შეიძლება ახ.წ. პირველი საუკუნიდან ვივარაუდოთ. ადრეულ ქართულ ძეგლებში ის არ გვხვდება.

აღნიშნული წარწერა ნეკრესში აღმოჩენილ სხვა რამდენიმე წარწერასთან ერთად დღეისათვის ცნობილ ქართულ წარწერებს შორის ყველაზე უადრესია და ის ახ.წ. I-II-III საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს.

ამ წარწერიანი სტელის გარდა ნეკრესის ნაქალაქარზე. კერძოდ ადგილ - „ნაგებებში“ აღმოჩენილია 5 სხვა წარწერიანი ქვა, რომლებიც ჩატანებული ყოფილა IV ს. აგებული სასახლის კედლებში, მეორადი გამოყენებით. წარწერების დათარიღებაში გვეხმარება არქიტექტურული ნაგებობის ქვეშ არსებული კულტურული ფენის არქეოლოგიური მასალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლევან ჭილაშვილი, ნეკრესის უძველესი ქართული წარწერები და ქართული დამწერლობის ისტორიის საკითხები, თბ., 2004.
  • ლევან ჭილაშვილი, ნეკრესის წინაქრისტიანული ქართული წარწერები : «ქართველოლოგი» (რედ. ელგუჯა ხინთიბიძე), თბილისი, № 7, 2000
  • ლევან ჭილაშვილი, წინაქრისტიანული ქართული წარწერები ნეკრესიდან ჟურნალში "ბურჯი ეროვნებისა"(რედ. გიორგი გოგოლაშვილი), თბილისი, 2001, № 3-4, გვ. 7-8
  • Газета Республика Грузия: «Sakartvelos respublika», Republic of Georgia, 2001, № 182, стр.6
  • BESIK V. KHURTSILAVA FOR GEORGIAN ALPHABET AND EARLY CHRISTIAN HISTORY OF GEORGIA / COLLECTED ARTICLES / TBILISI 2006

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]