ნევრესტან შაშიკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნევრესტან რეჯების ასული შაშიკაშვილი (დ. 24 აპრილი, 1901, სოფ. ქედქედი, ხელვაჩაურის რაიონი — გ. 9 აპრილი, 1976, თბილისი) — ქართველი ექიმი და ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო განათლება მიიღო ბათუმში და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, რომლის წარმატებით დამთავრების შემდეგ 1931-1938 წლებში მუშაობდა მშობლიური ქალაქის მთავარი საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების ორდინატორად. 1938 წელს გადაიყვანეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის კომისარიატში, ჯერ მინისტრის პირველ მოადგილედ, შემდეგ დააწინაურეს მინისტრად. 1948 წლიდან ნ. შაშიკაშვილი თბილისშია, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს განყოფილების უფროსად. ამავე დროს იგი სამედიცინო ინსტიტუტის ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის კათედრის ასისტენტია. შემდეგ აირჩიეს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის კათედრის დოცენტად, ხოლო მოგვიანებით პროფესორად და ამავე კათედრის გამგედ, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იღწვოდა. შეთავსებით მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო მეცნიერებისა და სასწავლო დაწესებულებათა მთავარი სამმართველოს უფროსად.

ნევრესტან შაშიკაშვილმა ღრმად შეისწავლა და მეცნიერულად დაამუშავა საქართველოში ჯანდაცვის ორგანიზაციის საქმე და სამედიცინო მომსახურების ძირითადი ფორმები XIX საუკუნეში. მის კალამს ეკუთვნის 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის შვიდი მონოგრაფია. ღვაწლმოსილი სწავლულის ხელმძღვანელობით დამუშავებული და დაცულია რამდენიმე სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია. იგი დაჯილდოვებული იყო წითელი ვარსკვლავის, შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 368, თბ., 1994