ნდობის აღდგენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნდობის აღდგენა ან ნდობის აღდგენის პროცესიმშვიდობის მშენებლობის სფეროში დამკვიდრებული ტერმინი, რომელიც აღნიშნავს იმ ღონისძიებებისა და ზომების ერთობლიობას, რომელთა მიზანიცაა კონფლიქტურ მხარეებს შორის (საუბარია ძირითადად სახელმწიფოთა შორის, სხვადასხვა ჯგუფებს შორის ეთნიკურ ან ეთნოპოლიტიკურ ნიადაგზე არსებულ კონფლიქტებზე დაპირისპირების, აგრესიის, ერთმანეთზე ხელახალი თავდასხმის საშიშროების, დაძაბულობის შემცირება და სანაცვლოდ მშვიდობიანი გარემოს შექმნა მხარეებს შორის კონსტრუქციული მოლაპარაკებების დასაწყებად.

განმარტებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნდობის აღდგენის ნაცვლად უფრო ხშირად საუბრობენ ნდობის აღდგენის მექანიზმებზე, სადაც გამოყოფენ სამხედრო უსაფრთხოების ნდობის აღდგენის (Military Security Confidence-building Measures) და არასამხედრო ნდობის აღდგენის მექანიზმებს (Non-military Confidence-Building Measures). მართალია, ტერმინი გამოიყენება საერთაშორისო პოლიტიკისა თუ ეთნიკური და ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების კონტექსტში, თუმცა ის ასევე განეკუთვნება ინდივიდუალური, ადამიანთაშორის კონფლიქტების სფეროსაც. ნდობის აღდგენის მექანიზმებს მიმართავენ ინდივიდთა შორის კონფლიქტური სიტუაციების შესამცირებლად და დასარეგულირებლად.

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) არასამხედრო ნდობის აღდგენის მექანიზმებს განმარტავს, როგორც სხვადასხვა აქტივობებისა და პროცესების ერთობლიობას, რომელსაც მიმართავენ კონფლიქტის ციკლის ყველა ფაზაში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველა დონეზე: პოლიტიკაში, ეკონომიკაში, სოციალურ თუ კულტურულ სფეროში, გამჭვირვალობისა და ნდობის ხარისხის გაზრდის მიზნით, რათა სახელმწიფოთაშორის არ წარმოიქმნას კონფლიქტები, არ მოხდეს უკვე არსებული კონფლიქტის ესკალაცია ან ხელახალი ესკალაცია და მოხერხდეს კონფლიქტის დარეგულირებისთვის მდგრადი გარემოს შექმნა.

სხვა განმარტების თანხმად, ნდობის აღდგენის მექანიზმები შესაძლოა, გავიგოთ როგორც მოქმედებების სერია, რომელიც წინასწარ შემუშავებული, შეთანხმებული და განხორციელებულია კონფლიქტური მხარეების მიერ, რათა მოხდეს ნდობის აღდგენა კონფლიქტის გამომწვევ წყაროებზე განსაკუთრებული ფოკუსირების გარეშე. ეს განმარტება ხაზს უსვამს ნდობის აღდგენის პროცესში ორივე მხარის თანაბარ ჩართულობაზე, ვინაიდან ნდობა შესაძლოა წარმოიქმნას მხოლოდ და მხოლოდ ორმხრივი დიალოგის შედეგად, თუმცა ყოველთვის არსებობს საფრთხე იმისა, რომ მხარეთა პოზიციები არასათანადოდ იქნება აღქმული, ან მოხდება სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია. ამასთან არის ალბათობაც, რომ მტრულ გარემოში მოქმედებებიც არასწორად იქნება აღქმული და გაგებული. თუმცა ვინაიდან უბრალო პოზიციის დაფიქსირებისგან განსხვავებით, მოქმედებების განხორციელებას უფრო მეტი ძალისხმევა და პასუხისმგებლობა სჭირდება, ჩვეულებრივ, მოქმედებები უფრო დამაჯერებელი და ფრთხილია. ამავდროულად [[ http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=24545%7Cმედიატორები]] მოწოდებულნი არიან, რომ მხარეების ნებისმიერი სახის მოქმედება, მაგალითად ისეთი, როგორიცაა ტყვეების გაცვლა - არ იყოს ინტერპრეტირებული, როგორც ნდობის აღდგენის ნიმუში, ვინაიდან ამგვარი ქმედებისთვის მხარეებს შესაძლოა, ჰქონდეთ გარკვეული მოტივები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ნდობის აღდგენასთან.

ნდობის აღდგენის მექანიზმების ისტორიული განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნდობის აღდგენის მექანიზმები წარმოიქმნა ცივი ომი მონაწილე ზესახელმწიფოებისა და სამხედრო ალიანსების (ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაცია და ვარშავის პაქტი ) მცდელობების შედეგად, რათა თავიდან აეცილებინათ შემთხვევითი ბირთვული ომი, რომელიც შესაძლოა, გამოწვეული ყოფილიყო მცდარი გათვლების შედეგად ან მხარეებს შორის არასაკმარისი კომუნიკაციის გამო. ნდობის აღდგენა პირველად ნახსენები იყო 1950-იან წლებში ცივი ომის ადრეულ პერიოდში, როცა გადაიდგა პირველი ნაბიჯები გამჭვირვალობის გასაზრდელად ორ დაპირისპირებულ ბლოკს შორის აშშ-ის იმდროინდელ პრეზიდენტ ეიზენჰაუერის ინციატივის ფარგლებში, რომელიც ცნობილია „ღია ცის (Treaty on Open Sky )“ შეთანხმების სახელით.

მოგვიანებით, 1966 წელს ფსიქოლოგმა და ამერიკის შეიარაღების კონტროლისა და განიარაღების სააგენტოს სამეცნიერო მრჩეველმა ჩარლზ ოსგუდმა შეიმუშავა სტრატეგია, რომელსაც ერქვა „დაძაბულობის შემცირების ორმხირივი ეტაპობრივი ინიციატივები“ (Graduated Reciprocated Initiatives Tension Reduction G.R.I.T.R). ოსგუდი ბირთვული იარაღის მქონე ორ ზესახელმწიფოს სთავაზობდა კეთილი ნების ცალმხრივ დემონსტრირებას და დაცდას მეორე მხარის საპასუხო მოქმედებისთვის. ოსგუდი ამტკიცებდა, რომ ამგვარი ცალმხრივი კეთილი ნების გამომხატველი ჟესტები მეორე მხარის პროვოცირებას ახდენს, რომ იგივე კეთილი ნება გამოამჟღავნოს და გადადგას ნაბიჯი საკუთარი მოწინააღმდეგისკენ. ამგვარი მოქმედებებით ორივე მხარე შეძლებდა ერთმანეთში ნდობის აღდგენას, რაც აუცილებელია მოლაპარაკებების დაწყებისთვის. 1977 წელს ეგვიპტის პრეზიდენტის ანვარ ალ-სადათის იერუსალიმში ვიზიტი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ებრაულ-ეგვიპტურ მშვიდობის ხელშეკრულებას, ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია არასაომარი ნდობის აღდგენის მექანიზმისა ამ სტრატეგიის მიხედვით.

ცივი ომის პერიოდში ნდობის აღდგენის მექანიზმების მთავარი მიზანი იყო ნატოსა და ვარშავის პაქტის ქვეყნებს შორის უნდობლობის, შიშის, დაძაბულობის, დაპირისპირების წყაროების შემცირება ან პრევენცია. შესაბამისად, ფოკუსი უფრო მეტად კეთდებოდა სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში ნდობის აღდგენის მექანიზმებზე, ვიდრე არასამხედრო ნდობის აღდგენის მექანიზმებზე. დღესდღეობით სამხედრო უსაფრთხოების ნდობის აღდგენის მექანიზმებს უფრო მეტად იყენებენ ისეთ კონფლიქტებში, სადაც მხარეები უკიდურესად პოლარიზებულნი და მილიტარიზებულნი არიან, როგორიცაა მაგალითად, ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტი, ტაივანის კონფლიქტი, ან ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტები.

არასაომარი ნდობის აღდგენის მექანიზმები მიზნად ისახავს მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას, რაშიც წარმოდგენილია აქტორების ფართო სპექტრი - მშვიდობის მშენებლობაში მომუშავე ადგილობრივი, საერთაშორისო, თუ მესამე ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციები, საინიციატივო ჯგუფები, სამოქალაქო საზოგადოება და ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც ჩართულნი არიან კონფლიქტში. სამხედრო და უსაფრთხოების ნდობის აღდგენის მექანიზმებისგან განსხვავებით, არასაომარი ნდობის აღდგენის მექანიზმები მეტ აქცენტს პირისპირ კონტაქტებზე და სამოქალაქო საზოგადოებებზე აკეთებს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღეს მშვიდობის მშენებლობაში სამხედრო უსაფრთხოების აღდგენის ან ელიტების დონეზე ნდობის აღდგენის მექანიზმები კარგავენ თავის აქტუალობას, არამედ ამ მექანიზმებს ზურგს უმაგრებს ნდობის მშენებლობის პროცესი საზოგადოებებს და ინდივიდებს შორის, რომლებიც შეიძლება იყვნენ: ჟურნალისტები, ეკონომიკური მოთამაშეები, რელიგიური ჯგუფები, პროფესიული ჯგუფები და ა.შ.

ნდობის აღდგენის მექანიზმების სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც წესი, ნდობის აღდგენის მექანიზმები სახელმწიფოებს და საომარ ძალებს შორის პირდაპირი, სწრაფი კომუნიკაციისა და მონიტორინგის მექანიზმების არსებობას გულისხმობს. კომუნიკაციის ეს მექანიზმები მოიცავს ცხელ ხაზებს, რეგიონულ საინფორმაციო ცენტრებს, რომლებიც მხარეებს კრიზისის მენეჯმენტში ეხმარება და შეიარაღებული ძალების ოფიციალურ პირებს შორის რეგულარულად გაწერილი კონსულტაციებით უზრუნველყოფს.

ეს ზომები შესაძლოა ინიცირებული იყოს ცალკეული სახელმწიფოების, არასახელმწიფო აქტორების ან მესამე მხრის მიერ, მაგალითად გაეროს ან რეგიონალური ორგანიზაციების მიერ. ისინი სასარგებლონი არიან, როგორც სახელმწფიოთაშორისი ისე სახელმწიფოს შიგნით მიმდინარე კონფლიქტებისას და განსაკუთრებით ეფექტურები არიან კონფლიქტების საწყის ეტაპებზე. თუმცა, ამ ზომებს შეუძლიათ, კონფლიქტის ნებისმიერ ეტაპზე დადებითად იმუშავონ დაძაბულობის და მომავალი ესკალაციის შესამცირებლად.

ვაშინგტონში არსებული ჰენრი სტიმსონის ცენტრი გამოყოფს ნდობის აღდგენის 4 მექანიზმს: კომუნიკაცია, შეკავება, გამჭვირვალობა და გადამოწმება.

კომუნიკაცია - ახდენს კრიზისის პრევენციას დაძაბულობის პრევენციის საშუალებით. კომუნიკაციის მექანიზმებში ჩართული მეთოდებია: ცხელი ხაზები, პრეზიდენტს დაქვემდებარებული ან სამხედრო, რეგიონული საკომუნიკაციო ცენტრები და კონსულტაციები.

შემაკავებელი მექანიზმები - აქ იგულისხმება ძალაუფლების დონისა და ტიპის მაკონტროლებელი მექანიზმები, რომლებიც მიიღწევა სამხედრო სფეროში. მაგალითად სხვადასხვა რაიონებში სამხედრო ნაწილების განთავსების შემცირება - განსაკუთრებით საზღვრისპირა არეებში ან სამხედრო მოქმედებების წინასწარი შეტყობინება.

გამჭვირვალობის მექანიზმები - აყალიბებს ღიაობას მხარეებს შორის წინასწარი შეტყობინებისა და ინფორმაციის გაცვლის ვალდებულების შემოღებით.

გადამოწმების მექანიზმები - გადამოწმება ამცირებს სამხედრო სფეროში მოწყვლადობასა და უნდობლობას, საჰაერო და სახმელეთო სენსოსრების მეშვეობით. დიპლომატიურ სფეროში გადამოწმება მიიღწევა დაწერილი შეთახმების, დამოუკეიდებელი დამკვირვებლის, ინსპექტირებისა და ხელშეკრულებების მეშვეობით.