ნახიდურის ნასოფლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნახიდურის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელ ნახიდურში, რომელიც გაშლილია მდინარე ხრამის მარჯვენა მხარეს მდებარე კლდოვანი მასის აღმოსავლეთ ნაწილში.

ნასოფლარი კლდის მასივის სამხრეთ და აღმოსავლეთ ექსპოზიციაზე ტერასულად გაშლილი განვითარებული შუა საუკუნეების დასახლებაა. ნაგებობები ნაგებია ნატეხი ადგილობრივი ქვის მშრალი წყობით და დუღაბით. შეინიშნება ორ ნაწილად გაყოფილი დასახლება, რომელსაც შუაში დასავლეთიდან აღმოსავლეთით ქუჩა კვეთავს. სახლები მიწურის ტიპის უნდა ყოფილიყო რამდენიმე სენაკიანები. ქვედა ტერასაზე, სამხრეთ ექსპოზიციაზე მდებარეობს ნასოფლარის ეკლესია თავისი გალავნით. გალავანი მხოლოდ ჩრდილოეთიდან აქვს შემორჩენილი. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის ბაზალტის ნატეხი ქვით დუღაბზე. დგას დაბალ და ფართო ცოკოლზე. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე ვიწრო სარკმელია გაჭრილი. ტაძარს კირით მოგებული იატაკი ქონია. ტაძარს სამხრეთიდან შემდგომი პერიოდის ვიწრო ეკვდერი აქვს, რომლის კარი ტაძრის კარის გასწვრივ, სამხრეთ კედელშია გაჭრილი. ეკვდერის იატაკი ერთი საფეხურით მაღლაა, ვიდრე ტაძრისა. ნასოფლარის აღმოსავლეთ ექსპოზიციაზე, მდინარე ხრამის ფლატეზე განლაგებულია რვასენაკიანი საცხოვრისი, რომლის ოთახების ნაწილი კლდეში ნაწილობრივ შემჯდარი კედლებითაა ნაგები, ნაწილი კი ცალკე ამოყვანილით. კედლების სისქე 80-1 მეტრს შორის მერყეობს. სახლის ერთი ოთახი როგორც ჩანს ერდოიანი დარბაზი უნდა ყოფილიყო, დანარჩენები სამეურნეო დანიშნულების. სახლი ტერასულადაა განლაგებული. აღნიშნული ნაგებობა გაითხარა 1974-1975 წლებში ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექპსედიციის მიერ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38138