ნახიდის წმინდა გიორგის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნახიდის წმინდა გიორგის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდში. აგებულია გარდამავალ ხანაში.

ძეგლი მდებარეობს სოფლიდან აღმოსავლეთით 1,5 კმ და გადაჰყურებს მდინარე ნახიდურას. ჩვენამდე ძეგლმა დაზიანებული სახით მოაღწია. კომპლექსი ძირითადად ადგილობრივი ფიქალითა და ფლეთილი ქვითაა ნაშენი. მთავარ ნაგებობას წარმოადგენს ეკლესია კოშკით. კოშკზე იკითხება მხოლოდ სამი სართულის კვალი. აღმოსავლეთი მხარე გადახსნილია. კამარა ჩამოქცეულია, მაგრამ შემორჩა ლავგარდნის ფრაგმენტები: შირიმის თლილი ქვა, ზედ დიდი ზომის ფიქალით; სარკმელ-სათოფური ყველა სართულზეა. გარედან კედლებზე შემორჩენილია ნალესობა.

ეკლესიის წყობაში ალაგ-ალაგ გამოყენებულია შირიმი. აბსიდი არ არის ღრმა. საკურთხეველში ორი ნიშა და ერთი სარკმელია. სარკმლის ძირში დგას ტრაპეზის ქვა. კამარა ჩამოქცეულია, არ ჩანს არც მისი ქუსლი. დასავლეთ კედელზე შირიმით ამოყვანილია მკვეთრად განსხვავებული კედლის თაღი. კარგად ჩანს ნალესობის კვალი. სწორსაკურთხევლიან მინაშენში ერთი სარკმელია გაჭრილი. შესასვლელი კარი ორია - სამხრეთით და დასავლეთით. ეს უკანასკნელი კოშკში გასასვლელს წარმოადგენს.

კომპლექსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში საკმაოდ დიდი ნაგებობის ნანგრევებია - შესაძლოა სატრაპეზო ყოფილიყო. არის ქვევრი. საბურავად გამოყენებული კრამიტი ტრაპეციის ფორმისაა. მშრალი წყობის გალავანი მორღვეულია და დეფორმირებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 152