ნახიდის ნათლისმცემლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნახიდის ნათლისმცემლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდში. ეკლესია აგებულია გარდამავალ ხანაში.

კუდუხაანთ უბანში მდებარე ნაგებობამ ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია. დარბაზული ტიპის ეკლესიას სამივე მხრიდან გარშემოსავლელი აქვს. მისი აბსიდის მხოლოდ სამხრეთი ნაწილია შემორჩენილი. აქ კუთხის პილასტრები ორსაფეხურიანია. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილ ღიობს გავყავართ გარშემოსავლელში, რომელიც ასიმეტრიული ფორმის აბსიდითაა დასრულებული. ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი; სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დგას. აქვეა მცირე ზომის ბუნის ქვა. ჩრდილოეთით შეისრულთაღიანი ნიშაა. კონქი სფერულია, სატრიუმფო თაღი გადაყვანილია სოლისებრი ქვებით და ეყრდნობა თაროს ფორმის კაპიტელებს. ჩრდილოეთი და დასავლეთი დერეფნები ერთმანეთს უკავშირდება თაღოვანი გასასვლელებით; თაღები ნალისებრია. გარშემოსავლელის დასავლეთი კედელი დაყოფილია მასიური პილასტრებით. მათზე კედლის თაღები გადადის. მალებში მოწყობილია ნიშები. გადახურვა კამაროვანია. სამხრეთ კედელში მოთავსებულია არქიტრავული კარი _ ასეთივე კარით უკავშირდებიან ერთმანეთს სამხრეთი და დასავლეთი გარშემოსავლელები.

ეკლესია მთლიანად ჩახერგილია ჩამონაშალი ქვით. სამშენებლო მასალად გამოყენებულია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვა. მარკანტულ ნაწილებში გამოყენებულია შირიმი და თლილი ქვა.

ძეგლის ირგვლივ უამრავი ნაგებობის ნაშთია, რომელთა სახეობის დადგენა გაწმენდის გარეშე შეუძლებელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 150-151