ნაჭივჭავები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნაჭივჭავები — XI-XVI საუკუნეების ნასოფლარი მდინარე ჭივჭავის მარჯვენა ნაპირას, თეთრი წყაროს მუნიციპალური ცენტრის დასავლეთით 3 კმ-ზე, არქეოლოგიური ძიება და გათხრები ჩატარდა 1949-1954 (ხელმძღვანელი ნ. ბერძენიშვილი, ი. გრძელიშვილი). ნასოფლარი მოიცავს ეზოს ირგვლივ განლაგებულ საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობათა კომპლექსებს. ერთსართულიანი, ნახევრად მიწური სახლები ნაგებია ქვის მშრალი წყობით, გადახურვა ბანური იყო. თითოეულ სახლს ჰქონდა ეზო და სხვადასხვა დანიშნულების რამდენიმე სათავსი: დარბაზი (ცენტრალურ ნაწილში შემორჩენილია კერიანად), საკუჭნაო (კერით, თონეებითა და სათბურებით), თავლა, სათონე, საბძელი და სხვა. ზოგ ნასახლარზე მარანიცაა. დარბაზების წინ ღია დერეფანს აწყობდნენ, რომლის ბანი ხის ბოძებს ეყრდნობოდა. ბოძები ხის ბალიშებზე იდგა. განათხარი მასალის მიხედვით, ნაჭივჭავების მოსახლეობის საქმიანობა მიწათმოქმედება და მეცხოველეობა იყო. ნაპოვნია თიხის საოჯაზო ჭურჭელი (ერთფერი და მრავალფერი ჭიქურით მოჭიქული, ანგობიანი და უანგობო, მოუჭიქავი), რკინისა და ძვლის სამეურნეო იარაღი, მინის სამკაული. იქვე დადასტურებულია სასაფლაო და ერთნავიანი ეკლესია (XIII ს.). დადგენილია, რომ ნაჭივჭავები შუა საუკუნეების ქვემო ქართლის ტიპური ქართული სოფელია. აღმოცენილი მასალა იმავე დროის სხვა ნაქალაქარებზე ნაპოვნი მასალის მსგავსია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გრძელიშვილი ი., არქეოლოგიური გათხრა ნაჭივჭავებში, 1954 წ., "საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე", 1956, ტ. 17, №1

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]