ნაცარგორა (ხაშური)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნაცარგორა (მრავალმნიშვნელოვანი).
კოჭობი ნაცარგორიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო
დერგი ნაცარგორიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო
თიხის ჰორელიეფი ნაცარგორიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ნაცარგორაარქეოლოგიური ძეგლი, მრავალფენიანი ნამოსახლარი და სამაროვანი შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცარგორის ჩრდილო-დასავლეთით 300 მეტრში.

ნამოსახლარ ბორცვზე გათხრები დაიწყო 1984 წელს. 1985–1989 წლებში ითხრებოდა ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი და სამაროვანი, პარალელურად გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვანი. 1990–1992 წლებში ძირითადი საველე სამუშაოები მიმდინარეობდა ანტიკური ხანის სამაროვანზე[1].

2011-2012 წლებში მიმდინარეობდა ქართულ-იტალიური საერთაშორისო პროექტი „შიდა ქართლის ადრე ბრინჯაოს ხანის ძეგლების შესწავლა“. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ბიძინა მურვანიძე (საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიური კვლევის ცენტრი) და პროფესორი ელენა როვა (ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტი). 2012 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტის საერთაშორისო ექსპედიციამ ნაცარგორაში არქეოლოგიური კვლევის შედეგად ძვ. წ. III ათასწლეულის საცხოვრებელი და სამეურნეო კომპლექსი გამოავლინა[2].

ნამოსახლარ ბორცვზე საველე სამუშაოები დაიწყო ჩრდილო-დასავლეთ სექტორში, სადაც გამოვლინდა გვიანბრინჯაოს ხანის ხუთი, ხოლო დასავლეთის ფერდის გაწმენდისას, ადრებრინჯაოს ხანის ექვსი საამშენებლო ჰორიზონტი. 1986 წელს, ნამოსახლარი ბორცვის თავზე, დასავლეთ სექტორში, დამთავრდა გვიანბრინჯაოს ხანის კულტურული ფენის გათხრა და დაიწყო ამავე პერიოდის ფენის შესწავლა აღმოსავლეთ სექტორში. გვიანბრინჯაოს ხანის კულტურულ ფენაზე დაკვირვებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრება აქ იწყება გვიანბრინჯაოს ადრეულ ეტაპზე.

ბორცვის ჩრდილო-დასავლეთ სექტორში გამოვლინდა დიდი ზომის მართკუთხა ნაგებობა, რომლის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში საკურთხეველია გამართული. ნაგებობაში გაიწმინდა 0,5 მ სისქის, ბათქაშისა და კერამიკის შემცველი ნახანძრალი ფენა. მნიშვნელოვანი იყო ასევე სამხრეთ-დასავლეთ სექტორში აღმოჩენილი ჯარგვალის ტიპის ხის ნაგებობა, რომელიც მასალის მიხედვით გვიანბრინჯაოს განვითარებული პერიოდით თარიღდება[3].

ბორცვის აღმოსავლეთ სექტორში ძირითადად შესწავლილ იქნა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ფენა, სადაც აღმოაჩინეს ქვის კედლებიანი ნაგებობის ნაშთი, საკურთხეველი და დამწვარი მარცვლეული. ერთ ასეთ ნაგებობაში დაფიქსირდა პურის საცხობი ღუმელი. 1986 წელს ბორცვის სამხრეთით გამოავლინეს ორი სადაზვერვო თხრილი. აქ გამოვლენილი მასალა ანტიკური ხანისაა[4].

ნაცარგორის ნამოსახლარი ბორცვიდან ჩრდილო-დასავლეთით 1,5 კმ-ში გაითხარა, როგორც მტკვარ-არაქსული ისე ბედენური ტიპის კერამიკის შემცველი სამეურნეო ორმოები.

ნაცარგორის ნამოსახლართან ერთად მნიშვნელოვანია მის მოშორებით მიკვლეული სამაროვანი. აქ გათხრილი 514 სამარხიდან მხოლოდ 26 სამარხის ინვენტარი შეიცავდა ადრებრინჯაოს ხანის, მხოლოდ მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელ არტეფაქტებს[5].

ნაცარგორის ნამოსახლარის ტერიტორიაზე აღმოჩენილია თიხის ანთროპომორფული ჰორელიეფი, რომელსაც თვალების ადგილზე ჩასმული აქვს ოფსიდიანის ქვები[6][7].

ნაცარგორის ნამოსახლარი ერთ-ერთი პირველია იმ ძეგლებს შორის, რომელზეც დადასტურდა ადრებრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსული კულტურის, ე. წ. ადრეყორღანული ანუ მარტყოფისა და ბედენური პერიოდის ძეგლების ურთიერთობა. ამ ფაქტის დადასტურება დიდად მნიშვნელოვანია, რადგან ადრებრინჯაოს ხანის იმ ძეგლთა რაოდენობა, სადაც სახეზე გვაქვს ამგვარი თანაარსებობა ძალზე მცირეა[8].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რამიშვილი, ალექსანდრე (2013). ნაცარგორა, ხაშურის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები, ტ. VI. მწიგნობარი. 
  • ნინო შანშიშვილი, ალექსანდრე რამიშვილი, თიხის ჰორელიეფი შიდა ქართლიდან, ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ოთ. ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრი, თბ., 2010

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. რამიშვილი (2013), გვ. 9
  2. museum.ge — აღმოჩენა - ძვ. წ. III ათასწლეულის საცხოვრებელი და სამეურნეო კომპლექსი
  3. რამიშვილი (2013), გვ. 10
  4. რამიშვილი (2013), გვ. 10
  5. რამიშვილი (2013), გვ. 11
  6. ჟურნ. Археология Кавказа, Нино Шаншашвили, Александр Рамишвили, Антропоморфный горельеф из Нацаргора (Южный Кавказ), с. 87-97
  7. ნინო შანშიშვილი, ალექსანდრე რამიშვილი, თიხის ჰორელიეფი შიდა ქართლიდან, ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი; ოთ. ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრი, თბ., 2010, N19, გვ.115-125
  8. რამიშვილი (2013), გვ. 11