ნაცარგორა (ცხინვალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნაცარგორა (მრავალმნიშვნელოვანი).

ნაცარგორაბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი ქ. ცხინვალის სამხრეთ-დასავლეთით 1,5 - 2 კმ-ზე. გათხარეს 1945-1948 წლებში (ხელმძღვანელი გ. გობეჯიშვილი). მდებარეობდა ბუნებრივ ბორცვზე. ძირითადად გამოვლინდა 3 კულტურული ფენა და მათ ქვეშ მდებარე ადრინდელი ბრინჯაოს ხანის 5 ორმოსამარხი. სამარხებში აღმოჩნდა მიცვალებულთა ჩონჩხები და ღარიბული ინვენტარი. ქვედა კულტურული ფენა (ძვ. წ. III-II ათასწლეულის მიჯნა) შეიცავდა ხელით ნაძერწ მორუხო-მოვარდისფრო თიხის ქოთნების ფრაგმენტებს, ცხოველის ძვლებს, ობსიდიანის ნატეხებს და სხვა. II კულტურულ ფენაში (ძვ. წ. II ათასწლეულის შუა წლები) აღმოჩნდა ხით ნაგები და თიხით შელესილი საცხოვრებელი ნაგებობის, პირველყოფილი ტაძრებისა და საკულტო შენობების ნაშთები, რიყის ქვის საძირკვლები, თიხით შელესილი საკურთხეველ-სამსხვერპლოები, ჩარხზე ნაძერწი შავპრიალა თიხის ჭურჭლის ნატეხები, ბრინჯაოს იარაღი და სამკაული, ბრინჯაოს სატეხის ჩამოსასხმელი ყალიბი, კაჟის ნამგლისპირები, ძვლის ნივთები, თიხის ქანდაკებები და ურმის ბორბლის მოდელები, შინაური ცხოველებისა და ირმის ძვლები და სხვა. ჭურჭლის ნაწილი თრიალეთის შუა ბრინჯაოს ხანის კერამიკას უკავშირდება, ნაწილი კი — კოლხურ კერამიკას. III კულტურული ფენა უშუალოდ აგრძელებს II ფენის კულტურას. მასში აღმოჩნდა რიყის ქვის საძირკვლებზე ხის მსხვილი ძელებით ან ფაცხისებურად ნაგები და ბზენარევი თიხით შელესილი სამლოცველოების ნაშთები. ისინი ნაგები იყო სპეციალურად მოწყობილ მოედანზე. მათში საფეხურებიანი საკურთხევლები და შეწირულებანი იყო. გამოვლენილია რქისგამოსახულებიანი ნალისებური და ოთხკუთხა კერები, გამოუწვავი თიხისაგან ნაძერწი ხარის დიდი ზომის ქანდაკებანი, მინიატურული ცულის, სატევრისა და სატეხის ყალიბები, ხორბლის, ქერისა და ფეტვის დანახშირებული ფრაგმენტები, შავპრიალა კერამიკა და სხვა. თიხის ჭურჭლის შემკულობაში გაჩნდა კოლხურისა და ცენტრალურ-ამიერკავკასიის კერამიკისათვის დამახასიათებელი ორნამენტი. ამ ფენის კერამიკა ძირითადად დაკავშირებულია წარმართულ ტაძრებთან და საკულტო სენაკებთან. ზოგი მეცნიერი (გ. გობეჯიშვილი) III ფენას ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულითა და I ათასწლეულის I ნახევრით ათარიღებს. უკანასკნელი აღმოჩენების მიხედვით კი ძვ. წ. 1350-1250-ით თარიღდება (კ. ფიცხელაური). ნაცარგორის ნამოსახლარი განეკუთვნება ბრინჯაოს ხანის დაწინაურებული მიწათმოქმედების, მესაქონლეობის, მეჭურჭლეობის, მელითონეობისა და სხვა დარგების მქონე ხალხს. III ფენაში ჩაშვებული იყო ადრინდელი ქრისტიანული ხანის 10-მდე უინვენტარო სამარხი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გობეჯიშვილი გ., სტალინირის ნაცარგორა, «მიმომხილველი», 1951, ტ. 2;
  • ფიცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV-VII სს.), თბ., 1973;
  • გოგაძე ე., ქსე, ტ. 7, გვ. 338, თბ., 1984