ნაფიც-მსაჯულთა სასამართლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაფიც-მსაჯულთა სასამართლო — საქართველოს პარლამენტმა 1919 წლის 17 იანვარს „ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს შემოღების“ შესახებ კანონი მიიღო. თუმცა კანონის მიღებას წინ უსწრებდა (1919 წლის 8 იანვარს) მწვავე დებატები საკონსტიტუციო კომისიაში, სადაც განიხილეს გ. ნანეიშვილის დებულება „სასამართლოსი“.

განხილვის უმთავრესი ობიექტი ნაფიც-მსაჯულთა კომპეტენცია იყო. ამ დებულების მიხედვით, გაითვალისწინეს ნაფიც-მსაჯულთა სასამართლოს შემოღება „ყოველგვარი სისხლის სამართლის, პოლიტიკურის და აგრეთვე ბეჭვდითი დანაშაულობისათვის“. ამ მუხლის დადგენის წინააღმდეგ ს. ჯაფარიძე გამოვიდა. მისი აზრით,

ვიკიციტატა
„პრინციპიალურად და იურიდიულადაც კარგიც არის და სასურველიც, მაგრამ პრაქტიკულად შეუძლებელია იმ მოთხოვნილების განხორციელება, რომ ყოველი საქმე ირჩეოდეს ნაფიც-მსაჯულების მიერ“

. ს. ჯაფარიძეს მიაჩნდა, რომ ის მუხლი, რომელიც ნაფიცმსაჯულებს ეხებოდა, ცალკე კი არა, არამედ სხვა მუხლთან ყოფილიყო შეერთებული. გ. ნანეიშვილის აზრით, ნაფიც მსაჯულეთა ინსტიტუტი კონსტიტუციაში ცალკე მუხლად უნდა ყოფილიყო, ვინაიდან „მას სახელმწიფოებრივი დიდი მნიშვნელობა აქვს“. ნანეიშვილის ეს მოსაზრება აისახა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის 81-ე მუხლში:

ვიკიციტატა
„მძიმე სისხლი სამართლის, და აგრეთვე, პოლიტიკურის და ბეჭდვითი დანაშაულისათვის.“

ს. ჯაფარიძის მოთხოვნით, კონსტიტუციის ტექსტში შევიდა კორექტივი, რომლის თანახმად, ნაფიც-მსაჯულთა იურისდიქციაში მხოლოდ „მძიმე“ სისხლის სამართლის საქმეები შედიოდა.

საქართველოს პარლამენტმა 1919 წლის 17 იანვარს „ნაფიც-მსაჯულთა სასამართლოს“ შესახებ დებულება დაამტკიცა. განისაზღვრა ნაფიც-მსაჯულად ასარჩევი პირისთვის წაყენებული მოთხოვნები. ძირითადი იყო: საქართველოს მოქალაქეობა, ქართული ენის ცოდნა, ასევე წერა-კითხვის ცოდნა რომელიმე სხვა ენაზე, 25 წლის ასაკი და არანაკლებ ერთი წლის ცხოვრების ცენზი იმ მაზრასა თუ ქალაქში, სადაც ის ნაფიც-მსაჯულად უნდა ყოფილიყო არჩეული. არ შეიძლებოდა გამოძიებაში ან სამართალში მიცემული, ან სასამართლოს განაჩენით სამსახურიდან დათხოვნილი, ვალაუვალ მოვალედ გამოცხადებული, მზრუნველობის ქვეშ მყოფი, ან ბრმა, ყრუ-მუნჯი და შეშლილი პირის არჩევა ნაფიც-მსაჯულის თანამდებობაზე. დებულება დეტალურად ადგენს არჩევისა და ნაფიც-მსაჯულთა მიერ საქმის განხილვის წესებს.

საქართველოს დამფუძნებელი კრების 1920 წლის 23 აპრილის „ნაფიც-მსაჯულთა სასამართლოს დებულების შეცვლის“ შესახებ დროებითი კანონით დაწესდა ფულადი სანქციები იმ ნაფიცი-მსაჯულების მიმართ, რომლებიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდებოდნენ სასამართლოში. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 20 სექტემბერს „რესპუბლიკის დროებითი საგანგებო სასამართლოს“ შესახებ დებულება დაამტკიცა, რომლის 33-ე მუხლის მიხედვით, დებულება ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების შემდეგ უნდა გაუქმებულიყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ დროებითი საგანგებო სასამართლოს ფუნქციები ნაფიც-მსაჯულთა იურისდიქციაში უნდა გადასულიყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქანთარია ბ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 297.