ნაფარეულის ციხე-გალავანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაფარეულის ციხე-გალავანი — არქიტექტურული ძეგლი სოფელ ნაფარეულის ცენტრში. თარიღდება XVIII საუკუნის მეორე ნახევრით, ისტორიულად იდგა თავად ჭავჭავაძეების ტერიტორიაზე (მოიცავს ერთ ჰექტარ ფართობს) და მათ საკუთრებას წარმოადგენდა. ნაგებობას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ლეკიანობის თუ სხვა გარეშე მტერთაგან მოსახლეობის დაცვის საქმეში, ამიტომაც 1762 წელს ერეკლე II-მ სხვებთან ერთად ეს ციხეც აღადგინა.

XIX საუკუნეში ციხეს დაუკარგავს თავისი ფუნქცია. მისი ტერიტორია საცხოვრებლად გამოუყენებიათ და სხვა სახის ნაგებობებიც აუგიათ. თავად ციხის კედლები კი ქვის კარიერად უქცევიათ. ციხე გეგმით თითქმის კვადრატულია (94 x 83 მ) ოთხივე კუთხეში დგას თითო ცილინდრული კოშკი, ნაგებია რიყის ქვით, გალავნის კედლებიდან შედარებით უკეთ არის დაცული აღმოსავლეთ კედელი. სამხრეთ კედელი მიწიდან 2 მეტრამდეა შემორჩენილი. დასავლეთ კედელი ზოგან მთლიანად, ზოგან კი სანახევროდ მორღვეულია. ჩრდილოეთ კედლიდან კი, მხოლოდ ნაშთები შეიმჩნევა, სხვადასხვა სიმაღლეზეა შემორჩენილი კოშკებიც. გალავანი ორიარუსიანია. იარუსების სიმაღლე საშუალოდ 2,5 მეტრია. ქვედა იარუსი ყრუა, ზედა, საბრძოლო იარუსის გაყოლებაზე, მებრძოლთათვის, ხის ბილიკი ყოფილა მოწყობილი. კედლებში კი, ერთ ჰორიზონტზე - ცალმაგი და შეწყვილებული სათოფურები. კედლები უქონგუროა და თავი გადამრგვალებული აქვს. ციხეს ერთი შესასვლელი ჰქონია, სავარაუდოდ, დასავლეთიდან.

XIX საუკუნეში მის ნაცვლად, განიერი შესასვლელი მოუწყვიათ. კოშკებიდან შედარებით უკეთ არის შემონახული ჩრდილო-დასავლეთ კოშკი, რომელიც ქონგურებიანი ბანით იყო დასრულებული. კოშკის I და II სართულებს ცალ-ცალკე შესასვლელები აქვს. ისინი ნახევარწრიული თაღებითაა გადახურული, I სართულის ჩრდილოეთ კედელში, ჭერქვეშ, სარკმელია გაჭრილი. კედლებში სამი, სწორკუთხა ნიშაა მოწყობილი. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე იყო გამართული. I და II სართულებს ხის კიბე აკავშირებდა. ზედა სართულები კი ერთმანეთს კედლის სისქეში მოწყობილი კიბით უკავშირდებოდა. ბუხარი, IV სართულის გარდა, ყველა სართულზეა. II სართულის კედლებში ორი, სწორკუთხა ნიშა და სამი, შეწყვილებული სათოფურია. III სართულის კედლებში - მხოლოდ ქვემოთ მიმართული, ექვსი, ცალმაგი სათოფური, IV სართულის კედლებში, თანაბარ მანძილზე, ხუთი სალოდეა განლაგებული.

სალოდეები ნისკარტაა, გარედან ხის შვერილზე დაყრდნობილი. ოთხი მათგანი ციხის კედლების გარეთაა, ერთი კი, შესასვლელების დასაცავად, მათ დაჰყურებს. სალოდეებს შორის ცალმაგი და ორმაგი სათოფურებია გაჭრილი. გარეთა სალოდეებს შორის, სათოფურების გარდა, თითო, სწორკუთხა ნიშაცაა. აღმოსავლეთით ღრმა და მაღალი ნიშაა, რომელშიც საპირფარეშო იყო მოწყობილი. ციხის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მდგარი მთავარი კოშკი, სხვებთან შედარებით, დიდი და მასიურია. სავარაუდოდ, ოთხსართულიანი უნდა ყოფილიყო (შემორჩენილია ორი სართული). თითოეულ სართულს დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს. I სართულზე მოწყობილია ოთხი, დიდი ზომის, თითო, შეწყვილებული სათოფურით აღჭურვილი ნიშა. კედლის ზედა ნაწილში კი, სამი სარკმელი.

შესასვლელის პირდაპირ გეგმით ნახევარწრიული ბუხარია. მის მარჯვნივ, კიბის უჯრედში მოსახვედრადდ ვიწრო კარია გაჭრილი. კიბის მეშვეობით შეიძლებოდა მეორე სართულზე მოხვედრა, საიდანაც კიბე ისევ მიემართება ზევით, მომდევნო სართულისკენ. სავარაუდოდ, ასეთივე კავშირი იქნებოდა IV სართულთანაც. მეორე სართული თითქმის პირველის მსგავსადაა გადაწყვეტილი, აქაც სამი სარკმელი და ბუხარია. ნიშებში კი შეწყვილებული სათოფურებია მოწყობილი. სამხრეთ-აღმოსავლეთ კოშკი, დიამეტრით, მცირედ ჩამოუვარდება მთავარ კოშკს. შემორჩენილია მხოლოდ სარდაფიანი, I სართული.

XX საუკუნის დასაწყისში კოშკი საცხოვრებლად გადაუკეთებიათ - ზემოდან მოზრდილი აივნის მქონე, ვრცელი ოთახი დაუდგამთ. პირველი სართულიც სახეშეცვლილია. შეიმჩნევა მხოლოდ ნიშები, რომლებშიც სავარაუდოდ, სათოფურები იყო გაჭრილი. ჩრდილო-აღმოსავლეთ კოშკიც გადაკეთებულია. სავარაუდოდ, იგიც ოთხსართულიანი უნდა ყოფილიყო, გასული საუკუნის 20_იანი წლების ბოლოს კოშკის გვერდით აბანო, ხოლო კოშკში წყალსაცავი მოუწყვიათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 18758