ნატუფიის კულტურა

ნატუფიის კულტურა — მეზოლითური ხანის (ძვ. წ. X-VIII ათასწლეულები) არქეოლოგიური კულტურა, რომელიც გავრცელებული იყო ძირითადად პალესტინის ისტორიულ ოლქში, ნაწილობრივ ახლანდელი სირიისა და სამხრეთ თურქეთის ტერიტორიაზე. გამოქვაბულ შუკბაში (უადი-ელ-ნატუფის ნაპირას, იერუსალიმის ჩრდილო-დასავლეთით 27 კმ-ზე) 1928-1932 წლებში აღმოჩენილი მასალის მიხედვით ნატუფიის კულტურა გამოჰყო ინგლისელმა არქეოლოგმა დ. ჰეროდმა. ნატუფიელები ცხოვრობდნენ გამოქვაბულებში, ნახევრად მიწურებში ზოგჯერ ღია ცის ქვეშ. კედლები შელესილი იყო ქვიშანარევი თიხით. მისდევდნენ ნადირობას, თევზჭერას, შემგროვებლობას. ამ უკანასკნელის საფუძველზე უკერამიკო ნეოლითის ხანაში განვითარდა ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურა. ზოგი მკვლევარი ვარაუდობს, რომ უკვე ნატუფიის კულტურის სტადიაში განვითარდა პრიმიტიული მიწათმოქმედება. ნატუფიის კულტურისთვის დამახასიათებელი იყო კაჟის მიკროლითები, კაჟის ნამგლის ჩასართები, სანაყები, სასრესები, ძვლის ჰარპუნები, და თევზსაჭერი კაუჭები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 331.