ნატალია ობრენოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნატალია ობრენოვიჩი
სერბეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 17 ოქტომბერი, 1875
მმართ. დასასრული: 6 მარტი, 1889
წინამორბედი: იულია ჰუნიადი დე კეთელი
მემკვიდრე: დრაგა ობრენოვიჩი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 15 მაისი, 1859
დაბ. ადგილი: ფლორენცია, იტალია
გარდ. თარიღი: 8 მაისი, 1941, (81 წლის)
გარდ. ადგილი: ილ-დე-ფრანსი, საფრანგეთი
მეუღლე: მილან I, სერბეთის მეფე
შვილები: ალექსანდრე I, სერბეთის მეფე
სერგეი
დინასტია: ობრენოვიჩები (ქორწინებით)
მამა: პეტრე ჩეშკუ
დედა: პულხერია სტურძა
რელიგია: ჯერ მართლმადიდებლობა
შემდეგ კათოლიციზმი

ნატალია ობრენოვიჩი (სერბ. Наталија Обреновић; დ. 15 მაისი, 1859, ფლორენცია, იტალია — გ. 8 მაისი, 1941, ილ-დე-ფრანსი, საფრანგეთი) — სერბი დიდგვაროვანი. სერბეთის დედოფალი 1875-1889 წლებში როგორც მეფე მილან I-ის მეუღლე. მეფე ალექსანდრე I-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი ნატალია 1890 წელს

ნატალია დაიბადა 1859 წლის 15 მაისს ფლორენციაში. იგი იყო სერბი დიდებულის, კოლონელ პეტრე ჩეშკუსა და მისი მეუღლის, წარმოშობით მოლდოველი დიდგვაროვნის, პულხერია სტურძას ასული. მამამისი რუსეთის საიმპერატორო არმიის კოლონელი იყო, ხოლო დედამისის მამა ბესარაბიის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო და ასევე მართავდა კიშინიოვისა და ორეთის რაიონებს.

1875 წლის 17 ოქტომბერს ნატალია ცოლად გაჰყვა სერბეთის მთავარ მილან ობრენოვიჩს. 1882 წელს მილან I სერბეთის მეფე გახდა, რითაც ნატალია სერბეთის დედოფლად გვევლინება. როგორც დედოფალი, იგი დიდ ყურადღებას უთმობდა ქალთა უფლებების დაცვასა და გლახაკთა დახმარებას, რის გამოც 1886 წლის 22 თებერვალს დაარსდა დედოფალ ნატალიას სახელობის ღირსების საპატიო ორდენი.

ქორწინებიდან სულ ერთ წელიწადში, 1876 წელს ნატალიამ ვაჟი გააჩინა, სახელად ალექსანდრე, რომელიც მოგვიანებით სერბეთის მეფე გახდა. მიუხედავად ყველაფრისა, მილანის პოლიტიკის გამო ის და ნატალია იძულებულნი გახდნენ, რომ 1888 წლის 24 ოქტომბერს განქორწინებულიყვნენ, თუმცა მათი განქორწინება ძალაში მხოლოდ 1889 წლის 6 მარტს შევიდა, რითაც მას ჩამოერთვა დედოფლის სტატუსი და პრივილეგიები. მეფე მილანი დიდ ხანს იბრძოდა, რომ სერბეთის მთავრობას მისი შვილი და შთამომავლები ტახტის ერთადერთ მემკვიდრეებად ეცნო. საბოლოოდ ტახტი ალექსანდრე I-მა დაიკავა, თუმცა სერბებს სძულდათ ობრენოვიჩები, რის გამოც 1903 წლის 11 ივნისს მოაწყვეს სახელმწიფო გადატრიალება, რა დროსაც სერბებმა მოკლეს როგორც მეფე ალექსანდრე, ისევე მისი მეუღლე და შვილები.

ნატალია ობრენოვიჩის ბიუსტი სერბეთის ისტორიულ მუზეუმში

მას შემდეგ, რაც მისი ვაჟი და შვილიშვილები დახოცეს, ნატალია ობრენოვიჩების უზარმაზარი ქონების ერთადერთ მემკვიდრედ იქცა. მის მფლობელობაში გადავიდა უამრავი სასახლე, ეკლესია-მონასტერი და ბელგრადის უნივერსიტეტიც კი.

სახელმწიფო გადატრიალებამდე ერთი წლით ადრე, 1902 წლის 12 აპრილს ნატალია კათოლიკედ მოინათლა და მონაზვნად აღიკვეცა. ამ გადატრიალების შემდეგ მას შესძულდა სერბეთიცა და სერბი ერიც, რის გამოც სასწრაფოდ დატოვა ქვეყანა და დარჩენილი ცხოვრება ლონდონსა და პარიზში გაატარა. ლონდონში ყოფნისას იგი თავად დიდი ბრიტანეთის მეფე ედუარდ VII-ის სამეფო კარზე ცხოვრობდა. მოგვიანებით ნატალიამ საფრანგეთში სახლის საყიდლად სერბეთში, მის მფლობელობაში მყოფი 40 ჰექტარი ტყე გაყიდა. ნაშოვნი ფულით მან დიდი ვილა იყიდა ილ-დე-ფრანსის მთიან რაიონში.

ნატალია საფრანგეთში ჩავიდა და მთელი დარჩენილი ცხოვრება იქ გაატარა. მან აქ გადაიტანა პირველი მსოფლიო ომი და მოესწრო გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციასაც. ნატალია გარდაიცვალა 1941 წლის 8 მაისს ილ-დე-ფრანსში, 81 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Die Gegenwart. Band 54, Ausgaben 27–52, Verlag Gegenwart, 1898, S. 310.
  • Mathias Bernath, Felix von Schroeder: Biographisches Lexikon zur Geschichte Südosteuropas. Teil 3, Oldenbourg Verlag, München 1978, S. 207.
  • Nataša Mišković: Basare und Boulevards: Belgrad im 19. Jahrhundert. Böhlau Verlag, Wien, Nr. 149
  • Christopher Clark: The Sleepwalkers: How Europe Went to War in 1914. eBook, Kapitel 1 Serbian Ghosts
  • Klaus-Rüdiger Mai: Geheimbünde: Mythos, Macht und Wirklichkeit. Verlag Lübbe, Bergisch Gladbach 2006, S. 308 ff.
  • Sendbote des göttlichen Herzens Jesu. Band 29, Verlag der Franziskaner-Väter, 1902, S. 517.