ნასტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნასტია (ბერძ. nastos — შემკვრივებული) — ფოთლების, ფოთოლაკებისა და მცენარის სხვა ნაწილების მოძრაობა გაღიზიანების (სინათლის, ტემპერატურის ან სხვა ფაქტორთა) საპასუხოდ. ნასტია გამოწვეულია ორგანოს ზედა და ქვედა მხარეს განლაგებული უჯრედების არათანაბარი ზრდით ან ამ უჯრედებში ტურგორის არაერთნაირი ცვლილებებით. რომელიმე ორგანოს ზედა ნაწილის უფრო ინტენსიური ზრდა იწვევს ეპინასტიას (კვირტების ან კოკრების გაშლა), ქვედა ნაწილისა კი — ჰიპონასტიას (ყვავილსაფრის შემჭიდროება ყვავილობის დამთავრების შემდეგ).

განასხვავებენ:

  • ფოტონასტია (ფოტო... და ნასტია) — მცენარის ორგანოების (ფოთლების, გვირგვინის ფურცლების) მოძრაობა არამიმართულებრივი, სივრცობრივად თანაბრად ცვალებადი განათების გავლენით (ფოტოტროპიზმისაგან განსხვავებით). ბევრი ყვავილი და რთულყვავილოვანთა ყვავილედი იშლება სინათლეზე და იხურება სიბნელეში; ზოგს კი შებრუნებითი რეაქცია ახასიათებს. მთელი რიგი მცენარეების ფოთლის ფირფიტები სინათლეზე ზევით იწევა, სიბნელეში კი დაბლა ეშვება. ფოტონასტურ მოძრაობათა უმრავლესობა გამოწვეულია ორგანოს ცალ მხარეს ტურგორის შეცვლით (მჟაველას ზრდასრული ფოთლები, მიმოზისა და სხვა ბევრი პარკოსანის ფოთოლი), ზოგჯერ კი არათანაბარი ზრდით (ყვავილები, ახალგაზრდა ფოთლები). მცენარისათვის მნიშვნელოვანი ფოტონასტიური ტურგორული მოძრაობაა ბაგეების გახსნა-დახურვა.
  • თერმონასტია — (განპირობებულია ტემპერატურის ცვალებადობით);
  • ნიქტინასტია (ბერძნ. nyktos — ღამე და ნასტია) — უმაღლესი მცენარის ფოთლების, გვირგვინის ფურცლებისა და სხვა ორგანოების მოძრაობა, რომელიც განპირობებულია დღე-ღამის მონაცვლეობით და დამოკიდებულია ძირითადად ტემპერატურისა (თერმონასტია) და სინათლის (ფოტონასტია) დღეღამურ ცვლილებაზე.
  • სეისმონასტია (სეისმო... და ნასტია) — მცენარის ორგანოთა მოძრაობები შეხებისა და შერხევის საპასუხოდ. მკვეთრად აქვს გამოხატული მორცხვი მიმოზის ფოთლებს, აგრეთვე ბევრი მცენარის (ღიღილოს, კოწახურის) მტვრიანის ძაფებს (მათი შეკუმშვა ან გადაღუნვა). შეკუმშვით მოძრაობებს საფუძვლად უდევს ქსოვილთა ელექტროფიზიოლოგიური მდგომარეობის ცვლილებები.
  • ქემონასტია — (გამოწვეულია ქიმიური ნივთიერებების მოქმედებით). ნასტიის ბიოლოგიური მნიშვნელობა მრავალგვარია: იგი ხელს უწყობს მწერითმტვერია მცენარეების ჯვარედინ დამტვერვას, იცავს მათ არახელსაყრელი პირობებისაგან, ეხმარება მწერიჭამია მცენარეებს მწერების დაჭერაში და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]