ნასტაგისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნასტაგისი, ნასტაკისიმინდორი მტკვრის მარცხენა ნაპირას, მდინარე ქსნის შესართავთან, სოფელ ქსნის რკინიგზის სადგურთან. ნასტაგისის მინდორს ჩრდილოეთიდან საზღვრავს სავანეთის ქედი, რომლის ბოლო მწვერვალზე ქსნის ციხეა აღმართული, სამხრეთიდან მდინარე მტკვარი, დასავლეთიდან — მდინარე ქსანი, ხოლო აღმოსავლეთიდან ნაპარსევის ხევი. ნასტაგისთან დაკავშირებულია უძველესი ქართული წერილობითი ცნობა სარწყავი არხის მშენებლობის შესახებ. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ცნობით, ალექსანდრე მაკედონელი „სარკინესა ქალაქსა ებრძოდა ათერთმეტ თითუჱ და და დადგა სარკინესა დასავლეთ კერძო და დასცა ვენაჴი და რუჲ კაცნი მეურვენი დასტაგითა რუჲსაჲთა; და ჰრქჳან ადგილსა მას ნასტაგისი“.

შუა საუკუნეებში აქ არსებულა შიომღვიმის მონასტრის კუთვნილი სოფ. ნასტაგისი, რომელსაც სიმონ I მეფემ 1580 სითარხნის წიგნი განუახლა. 1911 წელს თბილისში მცხოვრებმა იტალიელმა ა. ანდრეოლეტიმ ნასტაგისზე ააგო აგურ-კრამიტის ქარხანა, რომელმაც საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ევროპული ტიპის ე. წ. მარსელური კრამიტის გამოშვება. 1922 წელს მოხდა ქარხნის ნაციონალიზაცია. ნასტაგისის მინდორზე 1952 წელს ჩატარდა ისტორიულ-გეოგრაფიული დაზვერვები (ხელმძღვანელი ნ. ბერძენიშვილი), 1962-1972 წლებში კი არქეოლოგიური დაზვერვები და მცირე გათხრები (ლევან ჭილაშვილი, იულონ გაგოშიძე). 1972 წლიდან მუშაობს სტაციონალური არქეოლოგიური ექსპედიცია (ა. ბოხოჩაძე).

ნასტაგისზე მიკვლეული უძველესი ნამოსახლარი მდებარეობს მინდვრის ჩრდილოეთ-დასავლეთ კუთხეში, მთის ფერდობზე და თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ადრინდელი რკინის ხანით (ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრული — I ათასწლეულის დასაწყისი). აღმოჩნდა ლეგა ფერიუს თიხის სხვადასხვა ჭურჭელი, კაჟის ნამგლის ჩასართები, ხელსაფქვავები და სხვა.

ძვ. წ. IV საუკუნის ბოლოს ნასტაგისზე გაჩნდა ქალაქის ტიპის მსხვილი დასახლება, რომელიც VII საუკუნის დასასრულამდე არსებობდა. ნაქალაქარს უკავია დაახლოებით 1×0,5 კმ2 ფართობი მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირის გაყოლებაზე. მის ჩრდილოეთ ნაწილში აღმართულია ბუნებრივი ბორცვი, რომელიც აგრეთვე დასახლებული იყო.

ელინისტურ ხანაში (ძვ. წ. IV — II სს.) ნასტაგისის სამოსახლო, როგორც ჩანს, დაკავშირებული იყო ნასტაგისის პირდაპირ, მტკვარგაღმა სამადლოს გორაზე გამოვლენილ ნამოსახლართან (სამადლო) და მასთან ერთად ერთ სამოსახლო ერთეულს შეადგენდა. ეს გამაგრებული სამოსახლო კონტროლს უწევდა მნიშვნელოვან გზაჯვარედინს; ერთ-ერთი ამ გზათაგანი მტკვარს მიჰყვებოდა, მეორე კი მერიდიანულად შიდა ქართლს თრიალეთთან აკავშირებდა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ სამადლო — ნასტაგისის ნაქალაქარი არის „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ქრონიკაში მოხსენიებული „ძუელი მცხეთა“. ძვ. წ. IV-III საუკუნეებში ნასტაგისის მინდვრის მოსარწყავად მუხრანის დიდი რუსხმულიდან გამოუყვანიათ 6 კმ სიგრძის რუ.

ნასტაგისის ნაქალაქარზე კრამიტით დახურული კაპიტალური შენობები მდგარა. აქ აღმოჩნდა ძვ. წ. IV-III საუკუნეების დორიული ორდერის კაპიტელი და არქიტრავის ფრაგმენტი. ნასტაგისი სამოსახლომ განსაკუთრებულ აყვავებას მიაღწია III-IV საუკუნეებში. გათხრებით გამოვლენილია ამ პერიოდის რამდენიმე სამოსახლო კომპლექსი, მარნები და სხვა ნაგებობები. განსაკუთრებით საყურადღებოა რიყის ქვის საფუძველზე ალიზით ნაგები ქრისტიანული ეკლესიების აღმოჩენა, რომელიც ჯერჯერობით უძველესი ქრისტიანული საკულტო ძეგლებია საქართველოში და არქეოლოგიური მონაცემებით II საუკუნით თარიღდება.

ნივთიერი არქეოლოგიური მონაპოვრიდან აღსანიშნავია ელინისტური ხანის წერნაქით მოხატული და იმავე ხანის თეთრი ანგობით შემკული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, აგრეთვე იმპორტული (ბერძნული) შავლაკიანი ჭურჭელი და ძვ. წ. II საუკუნის მცირეაზიურლი ე. წ. თევზის ლანგრები. ნაპოვნია აგრეთვე სკვითური ტიპის ბრინჯაოს ისრისპირები.

ნაქალაქარის გარდა ნასტაგისის მინდორზე მიკვლეულია სხვადასხვა დროის სამაროვნები და ცალკეული სამარხები, მათ შორის გორასამარხებიც.

ნასტაგისის მინდვრის აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია შუა საუკუნეების ნასოფლარი და ეკლესია, რომელსაც „ნასპარსევს“ უწოდებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაგოშიძე ი., ელინისტური ხანის მასალები სამადლოდან, «ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუხეუმის მოამბე», 1967, ტ. 27B;
  • Бохочадзе А., Настакиси, Саркинэ, Дзалиси — города Иберии античной эпохи, «Краткие сообщения Института археологии АН СССР», 1977, в. 151;
  • გაგოშიძე ი., ქსე ტ. 7, გვ. 326, თბ., 1984