ნასამხრალის ეკლესიების კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნასამხრალის ეკლესიების კომპლექსი

ნასამხრალის ეკლესიების კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი სოფელ ნასამხრალის ჩრდილო-დასავლეთ განაპირას, სასაფლაოზე. შედგება გვერდიგვერდ მდგომი ორი, მცირე ზომის ეკლესიისგან და ოთხკუთხა გეგმის მქონე, გაურკვეველი ნაგებობის ნაშთისგან. ეკლესიებიდან ერთი ღვთისმშობლის სახელობისაა, მეორე კი - წმინდა გიორგის. ორივე გვიანდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება. მათ შორის შედარებით ადრინდელი, როგორც ჩანს, ღვთისმშობლის ეკლესიაა, რომლის აგებიდან, დროის მცირე მონაკვეთში, მეორე ეკლესია ააგეს. მესამე ნაგებობა მიწითაა დაფარული და გათხრა-გასუფთავების გარეშე მისი დანიშნულების გარკვევა არ ხერხდება.

ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზული ტიპის სამლოცველოა (4,6x3,1 მ). ნაგებია მოზრდილი ზომის, რიყის ქვის ირეგულარული წყობით. კარ-სარკმლების წყობაში. რიყის ქვასთან ერთად, შირიმის, დაუმუშავებელი ქვებიცაა გამოყენებული. დაზიანებულია: ჩაქცეულია კამარა, აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებს, შუაში, მთელ სიმაღლეზე, ფართო, გამჭოლი ბზარი დაუყვება. მონგრეულია კედლებისა და კუთხეების ზედა ნაწილები.

შესასვლელი დასავლეთითაა. იგი აგურით ნაწყობი, შეისრული თაღითაა დასრულებული, რომელიც, გარედან, კედლის სიბრტყეში საფეხურებითაა შეღრმავებული. შიგნიდან კი სწორკუთხაა, აღმოსავლეთით არაწესიერი ნახევარწრის ფორმის აფსიდია, რომლის ცენტრში გაჭრილი სარკმლისგან მხოლოდ წირთხლების ნაწილებიღაა შემორჩენილი. იგივე მდგომარეობაშია დასავლეთ კედელში გაჭრილი სარკმელიც. აფსიდის ორივე გვერდში, მხრებთან ახლოს, თითო, მცირე, სწორკუთხა ნიშაა. მათგან ჩრდილოეთისა შედარებით ფართოა. აფსიდის შუა ნაწილში და სამხრეთ გვერდში, კონქის ქუსლის დონეზე, ბათქაშზე, აღბეჭდილია მარჯვენა ხელის მტევანი.

ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან, დიაგონალურად, ორიოდე მეტრის მანძილზე, დგას წმინდა გიორგის ეკლესია. ეკლესია გეგმით სწორკუთხაა (4,1x3,2 მ). შეიცავს ქრონოლოგიურად განსხვავებულ ორ, სამშენ ფენას, რომლებიც ერთმანეთისგან როგორც საშენი მასალით, ისე წყობის ხარისხითაც განსხვავდება. შენობის კედლების თავდაპირველი ნაწილები, ძირითადად, რიყის, მოზრდილი ქვის ირეგულარული წყობითაა გამოყვანილი. მოგვიანებით, კედლების დანგრეული ნაწილები და კამარა შედარებით წვრილი, რიყის ქვით ტლანქად აღუდგენიათ. 1980-იან წლებში შენობა შიგნიდან შეუთეთრებიათ და კედლების მთელ პერიმეტრზე ზეთის, ცისფერი საღებავით პანელი გაუყოლებიათ.

ეკლესიის ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გარედან აგურით ნაწყობი, შეისრული თაღითაა (გვიანდელია) გადახურული. შიგნიდან კი, სწორკუთხაა. აღმოსავლეთით საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის ღერძზე სარკმელია გაჭრილი, რომელიც შიგნიდან გარეთკენ მკვეთრად ვიწროვდება და ორი, მოზრდილი ქვით ბრტყლადაა გადახურული. მსგავსი შედარებით მცირე ზომის სარკმელი ეკლესიის დასავლეთ კედელშიცაა. აფსიდის გვერდებში, სიმეტრიულად, თითო, მცირე, სწორკუთხა ნიშაა განლაგებული, ხოლო სარკმლის ქვემოთ, კედელზე, სწორკუთხა ტრაპეზია მიშენებული. საკურთხეველი გადახურული იყო წესიერი ფორმის, რიყის ქვით გამოყვანილი კონქით, რომლის შემორჩენილ ნაწილში თიხის რეზონატორია ჩადგმული.

მოგვიანებით ჩატარებული რემონტების დროს, დარბაზის კამარის განახლებისას, აფსიდიც იგივე ფორმის კამარით გადაუხურავთ, რის გამოც აფსიდის თავდაპირველ და განახლებულ ნაწილებს შორის სრული შეუსაბამობაა და მათი ქრონოლოგიური განსხვავებაც ადვილი შესამჩნევია. ამავე რემონტის დროს ეკლესიის იატაკზე კვადრატული აგური დაუგიათ, გარედან კი აგურის საფეხუროვანი ლავგარდანი მოუწყვიათ.

ეკლესია დახურული იყო ღარისებრი კრამიტით. 2011-2012 წლებში სოფლის მოსახლეობამ ეკლესია აღადგინა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]