შინაარსზე გადასვლა

ნარვის რატუშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნარვის რატუშა მეორე მსოფლიო ომის დროს

ნარვის რატუშა (ესტ. Narva raekoda) — ისტორიული და არქიტექტურული ძეგლი ნარვაში, ქალაქის ცენტრში. თანამედროვე მისამართია — რატუშის მოედანი №1.

შენობა აშენდა შვედეთის სამეფო კარის ინიციატივით. მისი პროექტის საფუძვლად გამოყენებულ იქნა გ. ტეიფელის ნამუშევარი. თავდაპირველად ის ბაროკოს სტილში იყო ჩაფიქრებული, თუმცა პროექტის სტოკჰოლმში დამტკიცებისას მასში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რის შედეგადაც რატუშა ჰოლანდიური კლასიციზმის სტილში აიგო. სამშენებლო სამუშაოები 1668 წელს დაიწყო ზაქარია ჰოფმანი-უმცროსისა და იურგენ ბიშოფის ხელმძღვანელობით და სამი წლის განმავლობაში გაგრძელდა.

არქიტექტურული თვალსაზრისით, რატუშა სამსართულიანი ქვის ფილებით ნაგები შენობა-ნაგებობა იყო. შენობას ჰქონდა მაღალი საბაზისო სართული, ორი სართული ტოსკანური პილასტრებით და მესამე, ნახევარსართული, რომელიც სვეტების ზემოთ იყო განთავსებული. ფასადის ცენტრალურ ნაწილში პილასტრები არ ჩანდა — სამკუთხა ფრონტონი საათებით თითქოს აგრძელებდა და ამთავრებდა გლუვ კედელს. ბასრი ოთხსვეტიანი სახურავის ქონგურს ამკობდა კოშკი ორი გალერეით. კოშკის წვეტიანი კონუსი სრულდებოდა ხელით გამოჭედილი ფლუგერით (ქარის მიმართულების გამჩვენებელი), რომელიც გამოსახავდა ვაშლზე დაყრდნობილ წეროს (მოჩუქურთმებულია ოსტატ გრაბენის მიერ). რატუშაში შესასვლელად ორმაგი კიბე ადიოდა, რომელიც ლამაზი, ორიგინალური დეკორით შემკული მეტალის მოაჯირით იყო გაფორმებული. მოაჯირის ორნამენტში ნარვის გერბის ელემენტები იყო ჩართული (თევზი, მახვილი და ბირთვები). შესასვლელი პორტალი, რომელიც, სავარაუდოდ, ნიკოლაუს მილიხის ნამუშევარია, მოიცავდა მოჩარჩოებულს ქალაქის გერბს პალმის ფოთლებით და სამ ალეგორიულ ფიგურას, რომლებიც განასახიერებდნენ იმ სამ ძირითად პრინციპს, რომელთა მიხედვითაც უნდა წარმართულიყო მუშაობა რატუშაში: სამართლიანობა, სიბრძნე და ზომიერება.

პირველ სართულზე განთავსებული იყო დიდი ჰოლი, რომლის ჭერი მოხატული კოჭებით იყო გადახურული. ჰოლის ორივე მხარეს ოთახების რიგები იყო განლაგებული. ვესტიბიულის უკანა ნაწილში კიბე ადიოდა მეორე სართულზე, სადაც მდებარეობდა მაგისტრატის (შემდგომში — ქალაქის საბჭოს) დიდი სხდომათა დარბაზი. მეორე სართულის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსებული იყო უმაღლესი სასამართლოს სხდომათა დარბაზი, კანცელარია და მოსაცდელი ოთახი, ხოლო სამხრეთ ფრთაში — დაბალი ინსტანციის სასამართლოს შესაბამისი სამსახურები და სავაჭრო პალატა. სარდაფის სართულზე მდებარეობდა საზომებისა და სასწორების პალატა, ციხე და დამხმარე სათავსოები.

1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, მთელი ძველი ქალაქის მსგავსად, რატუშის შენობაც დაზიანდა. მისი აღდგენა 1960-1963 წლებში განხორციელდა. რესტავრაცია ჩაუტარდა ფასადებს, შესასვლელ პორტალს, გარე კიბეს მოაჯირით, ვესტიბიულის მოხატულ კოჭოვან ჭერს, პარადულ კიბესა და კოშკის ბაროკოს სტილის გუმბათს. საბჭოთა პერიოდში შენობაში პიონერთა სასახლე იყო განთავსებული.[1] 2019 წლის მონაცემებით, შენობა ცარიელია და საჭიროებს სასწრაფო რემონტს. მისი რეკონსტრუქცია დაგეგმილია ევროკავშირის დაფინანსებით.[2]

  • О.Коченовский. Нарва. Градостроительное развитие и архитектура.
  • Е.Кривошеев, К.Михайлов. Нарва. Путеводитель.
  • Нарва. Культурно-исторический справочник. (Коллектив авторов).
  • Памятники искусства Советского Союза. Белоруссия, Литва, Латвия, Эстония. Справочник-путеводитель. Москва: Искусство. 1986. ISBN 5-210-00094-X.