შინაარსზე გადასვლა

ნაოია შიგა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაპონ. 志賀直哉
დაბადების თარიღი 20 თებერვალი, 1883(1883-02-20)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი იშიონომაკი
გარდაცვალების თარიღი 21 ოქტომბერი, 1971(1971-10-21)[5] [3] [4] (88 წლის)
გარდაცვალების ადგილი საჯარო სკოლის მასწავლებელთა კანტოს ცენტრალური საავადმყოფო, სეტაგაია
დასაფლავებულია აოიამის სასაფლაო
საქმიანობა მწერალი[6] , რომანისტი და დრამატურგი
ენა იაპონური ენა
მოქალაქეობა  იაპონია
 იაპონიის იმპერია
ალმა-მატერი ტოკიოს საიმპერატორო უნივერსიტეტი
Magnum opus „ბნელი ღამის გავლით“ (ან'ია კორო, 1921–1937)
ჯილდოები კულტურის ორდენი და კულტურის დამსახურებული მოღვაწე
ნათესავ(ებ)ი სუკეკოტო კანედოკოძი, ტაკაო ნაკაე

ნაოია შიგა (იაპონ. 志賀直哉, შიგა ნაოია; დ. 20 თებერვალი, 1883 - გ. 21 ოქტომბერი, 1971) — იაპონელი მწერალი, მოღვაწეობდა იაპონიის ტაიშოსა და შოვას პერიოდებში.[7] მისი ნაწარმოებები გამოირჩეოდა გამჭვირვალე, მკაფიო სტილითა და ძლიერი ავტობიოგრაფიული ელფერით.[8][9]

შიგა დაიბადა ისინომაკში, მიაგის პრეფექტურა, როგორც ბანკირის შვილი და არისტოკრატული სამურაის ოჯახის შთამომავალი.[10] 1885 წელს ოჯახი ტოკიოში გადავიდა და შიგა ბებია-ბაბუას გადაეცა აღსაზრდელად. დედა გარდაეცვალა, როცა ის თორმეტი წლის იყო[11] — ეს გამოცდილება აღნიშნავდა დასაწყისს მისი ობსესიური დამოკიდებულებისა და სიკვდილის შიშისა, როგორც ინდივიდუალურ, ასევე კოლექტიურ დონეზე, რაც გაჰყვა ოცდაათ წლამდე. იმავე დროს, მამასთან მისი ურთიერთობა სულ უფრო დაძაბული ხდებოდა. ერთ-ერთი კონფლიქტი გამოიწვია შიგას განცხადებამ, რომ მას განზრახული ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო 1907 წლის აშიოს სპილენძის მაღაროს ინციდენტის შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში, ხოლო მამამ ეს აუკრძალა, რადგან ოჯახის სიმდიდრის ნაწილი გაჩნდა სწორედ მაღაროში ადრინდელი ინვესტიციიდან.[12]

შიგას ფანტაზია შთაგონებული იყო ბუნებით და ის ენთუზიაზმით კითხულობდა თომას კარლაილსა და რალფ უოლდო ემერსონს, ასევე ლაფკადიო ჰერნის ზებუნებრივ ამბებს.[12][13] 18 წლის ასაკში შიგამ ქრისტიანობა მიიღო უჩიმურა კანზოს გავლენით, მაგრამ ებრძოდა თავის ახალ რელიგიას საკუთარი ჰომოსექსუალური მიდრეკილებების გამო. მან დაამთავრა გაკუშუინის თანატოლთა სასწავლო დაწყებითი სკოლა 1906 წელს და დაიწყო ინგლისური ლიტერატურის შესწავლა ტოკიოს საიმპერატორო უნივერსიტეტში, მაგრამ ორი წლის შემდეგ დატოვა ის დიპლომის გარეშე. კიდევ ერთი საოჯახო კრიზისი წარმოიშვა, როცა შიგამ განაცხადა, რომ დაქორწინდებოდა სახლის მოსამსახურე გოგოზე, ჩიოზე, რომელთანაც რომანი ჰქონდა. მამამ შვილის გეგმები შეაჩერა და მოსამსახურე გოგო სახლიდან გაათავისუფლეს.[12][13]

ლიტერატურული კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1910 წელს შიგა გახდა ჟურნალ შირაკაბას („თეთრი არყი“), შირაკაბა-ჰას („თეთრი არყის საზოგადოება“) ლიტერატურული გამოცემის თანადამფუძნებელი. სხვა თანადამფუძნებლებს შორის იყვნენ სანეაცუ მუშანოკოჯი და რიგენ კინოშიტა, რომლებაც შიგა დაუმეგობრდა გაკუშუინის თანატოლთა სკოლაში, ასევე ტაკეო არისიმა და ტონ სატომი.[14] შირაკაბა-ჰა უარყოფდა კონფუციანიზმსა და ნატურალიზმს, და სანაცვლოდ ავრცელებდა ინდივიდუალიზმს, იდეალიზმსა და ჰუმანიტარიზმს, რომლისთვისაც რუსი მწერალი ლევ ტოლსტოი იქცა მაგალითად. შიგამ პირველ ნომერში დაბეჭდა მოთხრობა „აბაშირამდე“ (აბაშირი მადე).[14]

მომდევნო წლებში შიგამ გამოაქვეყნა ისეთი მოკლე მოთხრობები, როგორებიცაა „საპარსი“ (კამისორი, 1910), „ჰანის დანაშაული“ (ჰან ნო ჰანზაი, 1913) და „სეიბეი და მისი გოგრები“ (სეიბეი ტო ჰიოტან, 1913). მოთხრობა „ოცუ ჯუნკიჩი“, რომელიც გამოქვეყნდა ჩუო კორონში 1912 წელს, მისი პირველი პუბლიკაცია, რომლისთვისაც მან ჰონორარი მიიღო, იყო ავტობიოგრაფიული ამბავი ყოფილ შინამოსამსახურე გოგო ჩიოსთან სასიყვარულო ამბებისა და საოჯახო კონფლიქტების შესახებ. აქ შიგამ პირველად გამოიყენა თხრობის მეთოდი, მე-რომანების ჟანრის გამორჩეული ნიშანი, რომელითაც შიგას მრავალი ნაწარმოები გამოირჩევა. „ოცუ ჯუნკიჩის“ შექმნის დროს შიგამ წაიკითხა ანატოლ ფრანსის რომანის „სილვესტრ ბონარის დანაშაულის“ ინგლისური თარგმანი, რომელმაც, მწერლის თქმით, უდიდესი გავლენა მოახდინა მისი წერის სტილზე.[14]

1914 წელს შიგა დაქორწინდა სადა კადენოკოჯზე, ექვსი წლის ქალიშვილიან ქვრივზე (და მუშანოკოჯის ბიძაშვილზე), რამაც გამოიწვია სრული განშორება მამასა და შვილს შორის. თუმცა, 1917 წელს შეურიგდა მამას. ეს ამბავი გამოიყენა ნოველა მთავარ თემად ნოველაში "შერიგება" (ვაკაი, 1917). მან განაგრძო მოკლე მოთხრობების სერიით და ბოლოს დაწერა რომანი „ბნელი ღამის გავლით“ (ან'ია კორო, 1921–1937); ეს უკანასკნელი, მისი ერთადერთი სრული ზომის რომანი, გამოქვეყნდა გაგრძელებებით სოციალისტურ ჟურნალში „კაიზო“ და ითვლება მის მთავარ ნაწარმოებად. რომანის მთავარი გმირი, ახალგაზრდა მწერალი კენსაკუ, ხშირად ასოცირდება ავტორთან. შიგას ზოგჯერ აღსარების მსგავსი მოთხრობები ასევე მოიცავდა სერიას 1920-იანი წლების შუა პერიოდში მისი ქორწინებისგარეშე რომანის ამბებზე, მათ შორის „იამაშინას მოგონება“ (იამაშინა ნო კიოკუ, 1926), „მიჯნურობა“ (ჩიჯო, 1926) და „კუნიკო“ (1927).[12][15][16]

გავლენა და გვიანდელი წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიგას ნაწარმოებებმა გავლენა მოახდინა ბევრ მწერალზე, მათ შორის კაზუ ოზაკიზე, კიკუ ამინოზე, მოტოჯირო კაჯიზე, ტაკიჯი კობაიაში, ფუმიო ნივაზე, კოსაკუ ტაკი, კიოში ნაოიზე, ტოშიმასა შიმამურზეა, ჰიროიუკი აგავასა და შიზუო ფუჯიედაზე.[17] მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაწარმოებებს აქებდნენ რიუნოსუკე აკუტაგავა და სეი იტო, სხვა თანამედროვეები, დაზაი ოსამუ, მიცუო ნაკამურა და საკუნოსუკე ოდა, მწვავედ აკრიტიკებდნენ მას. ჯუნ'იჩირო ტანიზაკი აქებდა შიგას სტილის „პრაქტიკულობას“ (ჯიცუიო).[18]

შიგამ ძალიან ცოტა ახალი ნამუშევარი გამოაქვეყნა თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში. მათ შორის იყო მოკლე მოთხრობები „რუხი მთვარე“ (ჰაიირო ნო ცუკი, 1946) და „იამაბატო“ (1951), ან ესეები, მათ შორის ცნობილი „კოკუკო მონდაი“ (1946). ის აირჩიეს იაპონიის PEN კლუბის პირველ ომის შემდეგდროინდელ პრეზიდენტად (1947-დან 1948 წლამდე)[19] და დაჯილდოვდა კულტურის ორდენით 1949 წელს. შიგა გარდაიცვალა პნევმონიით 1971 წლის 21 ოქტომბერს, კანტოს ცენტრალურ საჯარო საავადმყოფოში სეტაგაიაში, ტოკიოში.[20] დაკრძალულია აოიამის სასაფლაოზე ტოკიოში. მისი სახლი ნარაში, სადაც ის 1929-დან 1938 წლამდე ცხოვრობდა, შენარჩუნებულია და საჯაროდ ღიაა, როგორც მემორიალური მუზეუმი.[21]

რჩეული ნაწარმოებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1910: „აბაშირამდე“ (აბაშირი მადე)
  • 1910: „საპარსი“ (კამისორი)
  • 1911: „ნიგოტა ატამა“
  • 1912: „ოცუ ჯუნკიჩი“
  • 1913: „ჰანის დანაშაული“ (ჰან ნო ჰანზაი)
  • 1913: „სეიბეი და მისი გოგრები“ (სეიბეი ტო ჰიოტან)
  • 1917: „კინოსაკიში“ (კინოსაკი ნი ტე)
  • 1917: „სასაკის შემთხვევა“ (სასაკი ნო ბააი)
  • 1917: „შერიგება“ (ვაკაი)
  • 1917: „კოჯინბუცუ ნო ფუფუ“
  • 1920: “მაღაზიის ბიჭის ღმერთი“ (კოზო ნო კამისამა)
  • 1920: „მანაზურუ“
  • 1920: „კოცონი“ (ტაკიბი)
  • 1921–1937: „ბნელი ღამის გავლით“ (ან'ია კორო)
  • 1926: „იამაშინას მოგონება“ (იამაშინა ნო კიოკუ)
  • 1926: „მიჯნურება“ (ჩიჯო)
  • 1927: „კუნიკო“
  • 1946: „რუხი მთვარე“ (ჰაიირო ნო ცუკი)
  • როი სტარსი (2013). An Artless Art – The Zen Aesthetic of Shiga Naoya: A Critical Study with Selected Translations. ლონდონი და ნიუ-იორკი: რუტლეჯი.
  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Find a Grave — 1996.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 Babelio — 2007.
  5. Сига Наоя // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  6. Deutsche Nationalbibliothek Record #118937219 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  7. 志賀直哉 (Shiga Naoya) ja. ციტირების თარიღი: 16 September 2021
  8. (1990) Das große Japan Lesebuch. München: Goldmann. ISBN 9783442098866. 
  9. (1975) Träume aus zehn Nächten. Moderne japanische Erzählungen. Berlin und Weimar: Aufbau Verlag. 
  10. Shiga Naoya. ციტირების თარიღი: 22 January 2022
  11. Ama, Michihiro (2021). The Awakening of Modern Japanese Fiction: Path Literature and an Interpretation of Buddhism. State University of New York Press. 
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 Guo, Nanyan (2014). Refining Nature in Modern Japanese Literature: The Life and Art of Shiga Naoya. Lexington Books. ISBN 9780739181041. 
  13. 13.0 13.1 Miller, J. Scott (2010). The A to Z of Modern Japanese Literature and Theater. Scarecrow Press. 
  14. 14.0 14.1 14.2 Shirakaba. ციტირების თარიღი: 23 January 2022
  15. 暗夜行路 (An'ya koro) ja. ციტირების თარიღი: 23 January 2022
  16. Hiroaki, Sato (5 April 1987). „The Knife Thrower's Bad Aim“. The New York Times. ციტირების თარიღი: 19 January 2022.
  17. Suzuki, Tomi (1996). Narrating the Self: Fictions of Japanese Modernity. Stanford University Press. ISBN 9780804731621. 
  18. Starrs, Roy (1998). An Artless Art. The Zen Aesthetic of Shiga Naoya: A Critical Study with Selected Translations. Japan Library, გვ. 45–46. ISBN 9781873410646. 
  19. A Short History of the Japan P.E.N. Club (22 September 2010). ციტირების თარიღი: 23 January 2022
  20. Iwai, Hiroshi (1997). 作家の臨終・墓碑事典 (Encyclopedia of the Deathbeds and Tombstones of Writers) (Japanese). 東京堂出 (Tōkyōdō shuppan), გვ. 161. ISBN 4490104634. 
  21. Shimazaki, Tōson (1976). The Family. Tokyo: University of Tokyo Press, გვ. xi.